საქმე # 120100120003776951
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №999აპ-20 ქ. თბილისი
გ–ი გ., 999აპ-20 16 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძისა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით გ. გ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა გ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 13 ივნისს, დაახლოებით, 24:00 საათზე, ქ. ა.............ში, .........სა და ............ას ქუჩების გადაკვეთაზე, ე.წ. „......ის“ დასახლებაში, ნასვამ გ. გ–ს შელაპარაკება მოუვიდა თანაკლასელ ა. დ–ან, რომელსაც მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ მომარჯვებული საკანცელარიო დანის გულმკერდის წინა, მარცხენა არეში ერთხელ დარტყმით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო დაცვის მხარე - დანიშნული სასჯელის შემცირებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გრიგოლ კაპანაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. გ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. გ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ მსჯავრდებულ გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, კერძოდ:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებული გ. გ–იაღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
7. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოდგენილ იქნა დაზარალებულ ა. დ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ გ. გ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი, კერძოდ: ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. გ–იუნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
9. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა) საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა - 1000 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. გ–იგათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე