Facebook Twitter

საქმე # 140141121004287156

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№711-21 24 თებერვალი, 2021 წელი

გ–ი მ., 711-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ–ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მ. გ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მ. გ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 ოქტომბრიდან იმავე წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მთლიანად შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 3 წელი სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ–ს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით (საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრისა და 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 9 სექტემბრის №03/19-1459 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (3 წლით, 10 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე.

7. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

8. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მ. გ–ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით 1 წლით დანიშნული პირობითი მსჯავრისა და 2 წლით დადგენილი გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის დანიშნული საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელი.

9. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. გ–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

10. მსჯავრდებულმა მ. გ–მ საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ მას უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ მ. გ–ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის განახევრების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. გ–ს მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც იგი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გორის სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის მიმართ აღნიშნული კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება, კერძოდ:

5. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

6. მოცემულ შემთხვევაში მ. გ–ს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მ. გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განესაზღვრა ერთიანი დანაშაული; ამავე განაჩენით მ. გ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც ნაწილი -3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი -2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით და კანონი მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრავს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ვრცელდება მისი მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში მ. გ–ი მსჯავრდებულია: ა) იმ დანაშაულისთვის, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება ( სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ)“ქვეპუნქტი); და ბ) მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) რისთვისაც განაჩენით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე