Facebook Twitter

საქმე # 330100118002430756

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №686აპ-18 ქ. თბილისი

ი–ე პ., 686აპ-18 1 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

პროკურორი ნანა ჯაყელი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ პ. ი–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების დამძიმებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით პ. ი–ე, - დაბადებული 1.... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე პ. ი–ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა 10 თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 03:15 საათზე, ქ. თ.........ში, .......... გზატკეცილის მხრიდან .........ის ქუჩის მიმართულებით, პ. ი–ე მართავდა ,,სამანდის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ..... მოძრაობის დროს, .......ის ქუჩა №..-ის მიმდებარედ, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რის გამოც ავტომობილი შეეჯახა ბორდიურს, გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და ამოტრიალდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, პ. ი–ს მგზავრმა - ნ. ჩ–მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის გამკაცრების კუთხით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ იგი გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა) მოხდისგან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

პ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე პ. ი–ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა 6 თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ პ. ი–ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი), რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა პ. ი–მ გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე