საქმე # 150100118002479449
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №838აპ-19 ქ. თბილისი
მ-ი რ, 838აპ-19 19 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:
რ. მ-ი, - დაბადებული ..... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 5 აპრილს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში, ა-ს რაიონის სოფელ კ-ი, სიტყვიერად შელაპარაკდნენ რ. მ-ი და გ. გ-ი ამავე სოფელში არსებული წყაროს თაობაზე, რა დროსაც რ. მ-ი ხელთ არსებული დანით გამოეკიდა გ. გ-ს და ემუქრებოდა მოკვლით. შეშინებული გ. გ-ი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მოასწრო მისი მართვის ქვეშ მყოფ „გაზ-24“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდომა, ხოლო რ. მ-ა ხელთ არსებული დანა რამდენჯერმე დაარტყა ავტომანქანის ძარას, რომელსაც მართავდა გ. გ-ი. რ. მ-ს ზემოაღნიშნული მუქარის გამო, გ. გ-ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ავტომანქანით დატოვა კონფლიქტის ადგილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - პროკურორი გ. ორჯონიკიძე ითხოვს რ. მ-ს მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, თავისუფლების აღკვეთის სახით.
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, მხარეთა შორის კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება, რაც ბოლოს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულში გადაიზარდა. რ. მ-ი არ არის შერიგებული დაზარალებულთან.
5. კასატორი - მსჯავრდებული ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5.1. კასატორის პოზიციით, გ. გ-ს ოჯახის წევრების, ნათესავების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის სარწმუნო. მსჯავრდებულს სამუშაო იარაღები ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენებით არავის დამუქრებია. გამოძიებას ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა უფრო სარწმუნო მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნის სახით. როდესაც შიშსა და პირის ემოციური მდგომარეობის შეფასებაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში სავალდებულოა სპეციალისტის დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ საჭიროდაც არ მიიჩნია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, რაც ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: მოწმეების - გ. გ-ს, ვ. გ-ს, რ. გ-ს ჩვენებებით) უტყუარად დასტურდება რ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
9. დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, საკასაციო პალატა არ იზიარებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა შეესაბამება როგორც საპროცესო კანონით დადგენილ მოთხოვნებს (სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილი), ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალს (მაგ., იხილეთ Jussila v. Finland, „ჯაზილა ფინეთის წინააღმდეგ,“ N73053/01, 23/11/2006, პარ. 41). ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რაიმე ისეთი ახალი სახის გარემოებაზე, რაც შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.
10. მოვალეობათა დარღვევის ზომის, მსჯავრდებულის ასაკის (არის 73 წლის), საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
11. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი