საქმე # 820100118002738090
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1002აპ-19 ქ. თბილისი
ი-ე გ, 1002აპ-19 19 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის - შოთა ხორავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. 2018 წლის 30 ოქტომბერს ბ-ი, ფრ. ხ-ს გამზირის N----ში, ე.წ. ,,ო-ი,“ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ. ი-მ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს - თ. მ-ს. ძალადობის შედეგად თ. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. ი-ე, - დაბადებული .... წლის .... მარტს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გამართლებულ გ. ი-ს განემარტა მიყენებული ზიანი ანაზღაურების უფლება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - რაიონული პროკურორი შ. ხორავა ითხოვს გ. ი-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ჩვენებები, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა და მასალათა ერთობლიობა სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებასა და ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, აღნიშნული გარემოება აიხსნება იმით, რომ თ. მ-ე ოჯახის წევრის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობდა და ჩვენების დაწყებამდე განაცხადა, რომ შერიგებული იყო მეუღლესთან და ჩვენების მიცემა არ სურდა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა თ. მ-მ არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. თავად ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა, პირდაპირ და არაპირდაპირ მტკიცებულებათა შინაარსით კი (მათ შორის: უდავოდ ცნობილი მოწმეების - ა. ი-ს, დ. ი-ს, ე. შ-ს, გ. მ-ს გამოკითხვის ოქმებით) უტყუარად არ დასტურდება გ. ი-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
8. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის - შოთა ხორავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი