საქმე # 050100118002552156
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №96აპ-20 ქ. თბილისი
ც-ა გ 96აპ-20 19 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. 2017 წლის 4 თებერვალს გ. ც-მ ცოლად შეირთო მ. გ-ე, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ორი თვის შემდეგ მ. გ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს შეამჩნია მისდამი გულგრილი დამოკიდებულება, რაც დასრულდა მათი დაშორებით. მიუხედავად არაერთი სატელეფონო კომუნიკაციისა, დაზარალებულმა ვერ გაარკვია მოძალადესა და მისი ოჯახის წევრებთან დაშორების რეალური მიზეზი. ამ საკითხის გარკვევის მიზნით, ის თავის ნათესავებთან ერთად, 2018 წლის 16 ივნისს მივიდა გ. ც-ს საცხოვრებელ მისამართზე, ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ი და დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის შუალედში, საუბრისას, გ. ც-მ წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსულ წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - მ. გ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედა და გამოხატა აგრესია, რის შემდგომაც საცხოვრებელი სახლის ეზოში აიღო ქვა და მის თავში ჩარტყმით დაემუქრა მ. გ-ს ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებითა და მოკვლით. ამის შემდეგ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან ყოფნისას, კვლავ დაემუქრა თოფის გამოყენებით, ცემით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და მოკვლით, რა დროსაც მ. გ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისათვის მიმართა 112-ის ოპერატორს.
1.2. 2017 წლის 4 თებერვალს გ. ც-მ ცოლად შეირთო ა. გ-ს და მ. გ-ე, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის აპრილში, გ. ც-ა და მ. გ-ე დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 16 ივნისს ა. გ-ე თავისი დის, მ. გ-ს საკითხის გარკვევის მიზნით, ნათესავებთან ერთად, მოსალაპარაკებლად მივიდა გ. ც-ს ოჯახში, მდებარე ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ი, რა დროსაც, დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის შუალედში, გ. ც-მ თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ა. გ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედა და გამოხატა აგრესია, რის შემდგომაც საცხოვრებელი სახლის ეზოში აიღო ქვა და მისი თავში ჩარტყმით დაემუქრა ა. გ-ს ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ა. გ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით:
2.1. გ. ც-ა, - დაბადებული .... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
2.2. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - პროკურორი შოთა ჩხაიძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და გ. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლოს მსჯელობა, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, არ შეესაბამება რეალობას. ბრალდების მხარეთა მოწმეები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, გ. ც-ს მხრიდან მ. გ-ა და ა. გ-ს მიმართ ჩადენილ მუქარის ფაქტებზე. პოლიციელები - კ. თ-ა და ლ. მ-ი საუბრობენ იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაც მათ შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ იქ დახვდათ და მათ ჩვენებებშიც არ არსებობს სასამართლოს მხრიდან ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: დაზარალებულ მ. გ-ა და ა. გ-ს ჩვენებები, მოწმეების - ხ. გ-ს, ზ. გ-ს, გ. ტ-ს ჩვენებები) უტყუარად არ ადასტურებს გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას.
8. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების კ. თ-ა და ლ. მ-ს ჩვენებებთან მიმართებით, ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.
9. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი