Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №56აგ-20 თბილისი

ც. ბ-ა, 56აგ-20 12 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბ. ც-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბ. ც-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - „2 ს-ბ“-ს (4-ბრომო - 2,5 „დიმეთოქსი-ფენეთილამინი“) შემცველი 0,1198 გრამი ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვაში) და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა წინა განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ც-ეს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. ბ. ც-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 16 მაისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. 2020 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატმა ჯ. კ-მა, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ბ. ც-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ამ განაჩენით შეფარდებული სასჯელისაგან მისი გათავისუფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატ ჯ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატმა ჯ. კ-მა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას; შუამდგომლობისა და საჩივრის დასაშვებად ცნობასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ბ. ც-ისათვის შეფარდებული სასჯელის გაუქმებას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დაუდგენელია ბ. ც-ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, ხოლო ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ და მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ბ. ც-ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა მოსახმარად გამოუსადეგარ ნარკოტიკულ საშუალებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.

4. ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტის თანახმად, ესა თუ ის ქმედება წარმოადგენს თუ არა ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარისა და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია, წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას.

5. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებისას პირის მიმართ სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ ბ. ც-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „2 ს-ბ-ის“ (4-ბრომო - 2,5 „დიმეთოქსი-ფენეთილამინი“, რომლის რაოდენობის დადგენა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვერ მოხდა) შემცველი 0,1198 გრამი ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.

6. ამდენად, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მსჯავრდებულ ბ. ც-ისაგან ამოღებულ ნივთიერებაში ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის დადგენა ვერ მოხდა, პალატა აღნიშნავს, რომ შეუძლებელი იქნება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის დადგენა, რის გამოც ბ. ც-ის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინება და აღნიშნულ მსჯავრდებასთან მიმართებით სასამართლომ უნდა მიიჩნიოს, რომ ბ. ც-ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა მოსახმარად გამოუსადეგარ ნარკოტიკულ ნივთიერებას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატ ჯ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატ ჯ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის პირველი სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ც-ის ადვოკატ ჯ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე