საქმე # 010100118002616242
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №882აპ.-20 14 მაისი, 2021 წელი
ი-ე გ-ე, 882აპ.-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
ნინო ბაქაქური, თამარ ზამბახიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. წ-ის, მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ნ-ის, მსჯავრდებულ შ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საპროცესო მოქმედებები:
1.1 2018 წლის 18 ივლისს ი-ე გ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 2232-ე მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა).
1.2 2018 წლის 18 ივლისს ზ. ა-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 2232-ე მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა).
1.3 2018 წლის 18 ივლისს შ. კ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 2232-ე მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა).
1.4 2018 წლის 19 ივლისს ბრალდებულები სასამართლოს პირველად წარედგინენ. ბრალდებულ ი. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 17 ივლისიდან, 13:40 საათიდან. ბრალდებულ ზ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 18 ივლისიდან, 13:35 საათიდან. ბრალდებულ შ. კ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო განჩინების მიღების დღიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.
1.5 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით: ბრალდებულ ი. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით. ბრალდებულ ზ. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. ბრალდებულ შ. კ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
1.6 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
1.7 2019 წლის 29 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივრები და 2020 წლის 23 ივლისს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება: ი. გ-ის ქმედება გადაკვალიფიცირდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. ზ. ა-ის ქმედება გადაკვალიფიცირდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. შ. კ-ის ქმედება გადაკვალიფიცირდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია). სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
1.8 მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. წ-მ, მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ნ-მ, მსჯავრდებულმა შ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ-მ საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენის გაუქმება და ი. გ-ის, ზ. ა-ისა და შ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2. გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1 2018 წლის 17 ივნისს, ი. გ-მ „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოაწყო „ქურდული გარჩევა“, კერძოდ, ფინანსური დავის განხილვა-გადაწყვეტა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მიზნით. მან კუთვნილი მობილური ტელეფონით დაურეკა რ. ც-ეს და ასევე ტელეფონით დაალაპარაკა „კანონიერი ქურდი“, რომელიც საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და მუქარით ესაუბრა ფულის გადახდის შესახებ. ი. გ-ე ასევე ტელეფონით ესაუბრა ზ. ა-ს, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით შეაფასა მისი ქმედება და მიუთითა „ქურდული სამყაროს“ დადგენილ/აღიარებულ სპეციალურ წესებზე. ამის შემდეგ, ი. გ-ე ტელეფონით უკავშირდება რ. ც-ეს და საყვედურობს, თუ „რატომ ჩარია სხვები ქურდების მიერ გარჩეულ საქმეში“. შემდეგ საუბარში ერთვება ზ. ა-ი და საკუთრი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ცდილობს სხვა დაინტერესებულ „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებას. ი. გ-ე „სპიკერის“ მეშვეობით საუბარში რთავს „კანონიერ ქურდს“ ზ. ა-თან ზოგიერთ საკითხში გასარკვევად. აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ ი. გ-სა და ზ. ა-ს შორის კვლავ შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მათ საკუთარ კრიმინალურ გავლენებზე ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღიარეს „ქურდული სამყარო“, მასთან კავშირი და ქმედებებით აშკარად გამოხატეს მზადყოფნა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
2.2 2018 წლის 24-25 აპრილს მ. ლ-ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მასთან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობით დაკავშირებულ ი. ა-ეს. სატელეფონო საუბრის მიმდინარეობისას მ. ლ-იმ „ქურდული გარჩევა“ მოაწყო შ. კ-სთან, ამ უკანასკნელის მიერ „კანონერი ქურდის“ სტატუსის მოსაპოვებლად განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. სატელეფონო საუბრისას მ. ლ-იმ შ. კ-ეს უსაყვედურა, თუ რატომ შეეცადა „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მოსაპოვებლად სხვა „კანონიერ ქურდებთან“ საკითხის გარკვევას, მაშინ, როდესაც ამ საკითხის მოგვარება, როგორც „კანონიერ ქურდს“, თავადაც შეეძლო. ამასთან, დაარიგა, რომ ემოქმედა „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად. შ. კ-მ მ. ლ-ისთან საუბარში არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, აგრეთვე, პატივისცემა და მხარდაჭერა აღუთქვა „კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდულ სამყაროს“. შ. კ-ემ მ. ლ-ისგან მიიღო დავალება, მასთან, როგორც მის მხარდამჭერ „კანონიერ ქურდთან“ შესახვედრად გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში, რათა „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მოსაპოვებლად მონაწილეობა მიეღო „ქურდულ შეკრებაში“.
3. კასატორების არგუმენტები:
3.1 მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. წ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი. საკასაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების არგუმენტად მიუთითებს იმას, რომ მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული და ამავე დროს ყალბია, თუმცა ამავე მტკიცებულებების საფუძველზეც არ იკვეთება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის აქტიური ქმედება, რაც აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი პირობაა.
3.2 მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ნ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი. საკასაციო საჩივრის ავტორი საეჭვოდ მიიჩნევს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას, მისი მცირე დროში მომზადების გამო. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, ზ. ა-ის ქმედებაში არ იკვეთება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ნიშნები, თუნდაც სასამართლომ გაიზიაროს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის კავშირი რომელიმე „კანონიერ ქურდთან“, ასევე არ დასტურდება „ქურდული სამყაროს“ მიერ ზ. ა-ის აღიარება, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბრალად წარდგენილი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის.
3.3 მსჯავრდებული შ. კ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი. კასატორების განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტუარად ვერ ადასტურებენ შ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ავთენტურობა არ დასტურდება, უტყუარად ვერ დგინდება შ. კ-ის საუბარი „კანონიერ ქურდთან“, საუბრის შინაარსით არ დასტურდება შ. კ-ის „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობა. გარდა ამისა, კასატორების განმარტებით, არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, რადგან შ. კ-ის მიერ ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად რაიმე აქტიური ქმედების ფაქტი არ იკვეთება.
3.4 საკასაციო საჩივრის ავტორები საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად მიუთითებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, კერძოდ, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტაციას მტკიცებულებების უკანონობასთან, სიყალბესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. არც საკასაციო საჩივარში და არც საქმეში არ არსებობს ამ მტკიცებულებების მოპოვებასა და გამოკვლევასთან დაკავშირებული კანონის არსებითი დარღვევის ფაქტი. კასატორები საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ უთითებენ საქართველოს სსსკ-ის რომელი მუხლის დარღვევითაა მოპოვებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე უკვე იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მიღებული დასაბუთებული განჩინებით დაადგინა, რომ მტკიცებულებები მოპოვებულია საქართველოს სსსკ-ით მათი მოპოვებისათვის გათვალისწინებული სტანდარტის დაცვითა და სასამართლო კონტროლის შესაბამისად. დაცვის მხარე არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივრებში არ მიუთითებს მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე, საქართველოს სსსკ-ის არსებით დარღვევაზე და შემოიფარგლება ზოგადი მსჯელობით. საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მხარეები უზრუნველყოფილი იყვნენ მტკიცებულებათა უშუალო და ზეპირი გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობით. ორივე ინსტანციის სასამართლომ შეაფასა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზა, მოუსმინა ექსპერტ მ. ტ-ის განმარტებებს და ისე შეაფასა მტკიცებულებები. რაც შეეხება მტკიცებულებების გაყალბებას, აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რომლის დამადასტურებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეში არ მოიპოვება. საექსპერტო მასალის ხარვეზიანობა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დრო ვერ იქნება მტკიცებულებების დაუშვებლობის არგუმენტად მიღებული, რადგან საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე გამოკვლეულ იქნა აღნიშნული მტკიცებულებები და საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით სასამართლოს მხრიდან მოხდა მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის შეფასება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს განაჩენის კანონიერებას, არ ადგენს ფაქტებს და არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერებას აფასებს და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე, ამოწმებს სამართლებრივ საკითხებს.
4.2 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. წ-ის პოზიციას დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტის - აქტიური ქმედების არარსებობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში პირის აქტიური მონაწილეობა გამოიხატება საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება-მინიჭებაში, ასევე კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით სხვა პირის ქმედების შეფასებაში, რომელიც მიზნად ისახავს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
4.3 საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ი. გ-ე, გარდა იმისა, რომ აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, ასევე, აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ჩართულია დავის განხილვა-გადაწყვეტაში, აფასებს სხვა პირების ქმედებებს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, ამასთან, კავშირი აქვს „ქურდულ სამყაროსთან“ და „კანონიერი ქურდების“ დავალებების შესრულებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
4.4 საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ნ-ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულის კავშირი რომელიმე „კანონიერ ქურდთან“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ ზ. ა-ის აღიარება არ დასტურდება. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ზ. ა-ი, გარდა იმისა, რომ აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, ასევე, აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ჩართულია დავის განხილვა-გადაწყვეტაში, აფასებს სხვა პირების ქმედებებს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, ამასთან, კავშირი აქვს „ქურდულ სამყაროსთან“ და „კანონიერი ქურდების“ დავალებების შესრულებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
4.5 რაც შეეხება „ქურდული სამყაროს“ მიერ ზ. ა-ის აღიარებას, აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელ ნიშანს და არ გამომდინარეობს „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ქურდული სამყარო“ არის „კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის არაფორმალურ კავშირებზე დაფუძნებული ჯგუფი, რომლის წევრები მოქმედებენ განსაზღვრული კრიტერიუმებით. მათ შორის ყველა კონტაქტი და ურთიერთობა არ ხორციელდება უშუალოდ. ჯგუფს გააჩნია მიკროსტრუქტურა, რომელსაც აყალიბებს ამ ჯგუფის წევრთა პოზიციები და იერარქია. შესაბამისად, ჯგუფში არსებობს ურთიერთდამოკიდებული მდგომარეობა და ინტერესთა კონფლიქტები, რაც, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის მიზნებისთვის, გამორიცხავს „ქურდული სამყაროს“ მხრიდან წევრის აღიარების დადასტურებას.
4.6 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ შ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, რადგან მის მიერ ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად რაიმე აქტიური ქმედების განხორციელების ფაქტი არ იკვეთება.
4.7 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ქურდულ სამყაროში“ სტატუსის შეცვლისა და „ქურდული სამყაროს“ ან პირთა გარკვეული ჯგუფის „ქურდული სამყაროს“ სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით მართვის ან/და ორგანიზების სურვილის რეალიზების მიზნით განხორციელებული ქმედება, რასაც თან ერთვის „კანონიერი ქურდის“ გარკვეული უკურეაგირება, კანონის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნეს, როგორც პირის აქტიური ქმედება. ამასთან, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „კანონიერი ქურდის“ სტატუსი თავისთავად ნიშნავს „ქურდული სამყაროს“ წევრობას და მისი მოპოვება „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელების პირდაპირი გამოვლინებაა.
4.8 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.9 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოადგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.10 საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. წ-ის, მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ნ-ის, მსჯავრდებულ შ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
თ. ზამბახიძე