საქმე # 330100118002465583
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№757აპ-20 ქ. თბილისი
ბ. ბ., 757აპ-20 30 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო; კასატორის მტკიცებით, ბ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, კერძოდ, მ. გ-ს, ლ. გ-ს, გ. გ-ს, ფ. ხ-სა და ა. დ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით; სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი სამხილები: მოწმეების - მ. გ-სა და ლ. გ-ს ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და გაიზიარა ბ. ბ-ს სუბიექტური განმარტებები.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ბ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. გ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო ბ. ბ-თან. ისინი 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - ლ. ბ.. ბ. ბ-ს ხასიათისა და მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო, დაახლოებით 10 წლის წინ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 20:45 საათზე, ბ. ბ. შვილის ნახვისა და მისი წაყვანის მოთხოვნით მივიდა ... კორპუსში არსებულ მ. გ-ს №.. ბინაში. ვინაიდან ლ. გ-ს მამასთან წასვლა არ სურდა, მ. გ. მშობლებთან - ლ. და გ. გ-შვილებთან ერთად გავიდა სადარბაზოში და მოსთხოვა ბ. ბ-ს, წასულიყო, რა დროსაც ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იმავდროულად სახეში, კერძოდ, მარცხენა ლოყის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბ. ბ. იყო აგრესიული და კვლავ ცდილობდა ყოფილი მეუღლისთვის დაზიანების მიყენებას, თუმცა დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.
3. ბ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით ბ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგრის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ბ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 აპრილს მ. გ. ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან - მოწმე გ. გ-ს მონათხრობი არის ირიბი, ხოლო დაზარალებულ მ. გ-სა და მოწმე ლ. გ-ს ჩვენებების საპირწონედ სასამართლოში წარმოდგენილია შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების - ბ. ბ-ს და ბ. ბ-ს ჩვენებები, რომლებმაც არათუ არ დაადასტურეს ბ. ბ-ს მიერ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ფაქტი, არამედ პირიქით, აღნიშნეს, რომ სწორედ დაზარალებული იყო აგრესიული და დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს; სამხილებს შორის წინააღმდეგობების მართებულად გადასაწყვეტად მეტად მნიშვნელოვანია დაზარალებულის მეზობლების - ფ. ხ-სა და ა. დ-ს ჩვენებები, საიდანაც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დგინდება, რომ კონფლიქტისას სწორედ გ-ები ეჩხუბებოდნენ, ლანძღავდნენ და უყვიროდნენ ბ. ბ-ს, რომელიც მათ არ ეპასუხებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, ირკვევა, რომ შემთხვევის შემდეგ გ. გ. დანით იწევდა და მეზობლების ჩარევით მოუხდათ მისი შეჩერება, რაც ცალსახად გამორიცხავს იმის მტკიცებას, რომ შემთხვევისას ბ. ბ. იყო აგრესიული და იძალადა დაზარალებულზე, რომელმაც გაქცევით უშველა თავს; რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ბ. ბ-ს ედავებოდა მ. გ-სათვის სახეში ხელის გარტყმას, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის კვლევით ირკვევა, რომ მ. გა-ს აღენიშნებოდა დაზიანებები მუცლისა და მარჯვენა მხრის არეში, სისხლნაჟღენთების სახით, რაც ვერაფრით შეფასდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის თანხვდენად; ამასთან, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს დაკავებულ ბ. ბ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც ასახულია მისი დაკავებისა და სამედიცინო შემოწმების ოქმებში; ამდენად, დაზარალებულ მ. გ-სა და მოწმე ლ. გ-ს ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, ბ. ბ-თან წინარე კონფლიქტური ურთიერთობის მხედველობაში მიღებით, არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები მათი შესაძლო მიკერძოების თაობაზე; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც სარწმუნოდ დადგინდებოდა ბ. ბ-ს ბრალეულობა.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი