Facebook Twitter

საქმე # 050100120003673139

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№770აპ-20 ქ. თბილისი

მ. მ., 770აპ-20 30 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის, მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ - მალხაზ სირაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ითხოვს მის შეცვლასა და მ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდას; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობითად და გამოსცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვით, პირობით მსჯავრდებისას დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა; ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში მიიღო მხოლოდ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, თუმცა არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა, რომ დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განაჩენით მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 1 აპრილიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- მ. მ. 1979 წლის 12 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მ. კ-სთან. 2019-2020 წლებში ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე, მ. მ. მეუღლეს - მ. კ-ს სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. მ. მ-ს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე და ეგინებინა მისთვის დედადა სხვა ნათესავები. მ. მ-ს ქმედებების გამო მ. კ. თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

- მ. მ. 1979 წლის 12 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მ. კ-სთან. 2020 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 08:30 საათზე, ო-ს მუნიცაპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე, მ. მ. მეუღლეს - მ. კ-ს დაემუქრა საცხოვრებელი სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით. მ. კ-ს გაუჩნდა მ. მ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. მ-მ და მისმა ადვოკატმა - დ. მ-მ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება; მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. მ-ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, მსჯავრდებულის ასაკისა (არის 66 წლის) და დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით (ითხოვა მსჯავრდებულის მსუბუქად დასჯა), არ არის აუცილებელი; კასატორის არგუმენტებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული, ხოლო, მეორე მხრივ, განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა და ამდენად, მ. მ-ს მიმართ, რომელსაც დანაშაულთა ერთობლიბის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა სასჯელთა შთანთქმის (და არა შეკრების) შედეგად, სასამართლოს მიერ დადგენილი 1 წლის გამოსაცდელი ვადა არის კანონიერი.

9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის, მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი