საქმე # 820140021004271476
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №187I -21 თბილისი
გ. ქ., 187I -21 5 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. გ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის განაჩენით ქ. გ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჩ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 2500 ლარი; ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ კ. მ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ჯ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ბ. გ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ქ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით, რომელიც აეთვალა 2017 წლის 1 აგვისტოდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ქ. გ-ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 2500 ლარი და ქ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2500 ლარი. ქ. გ-ს სასჯელი აეთვალა 2017 წლის 1 აგვისტოდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ქ. გ-ს პირადი საქმე.
7. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ქ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. გ-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას და მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლას შემდეგი მოტივებით: იგი არის ქალი, ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და ჰყავს არასრულწლოვანი შვილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის, მათ შორის - ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე - შესაბამისი სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მსჯავრდებულის, მათ შორის - ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. გ. მსჯავრდებულია როგორც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის განაჩენით, ასევე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის საფუძველზე (თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ) საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: როდესაც გამოკვეთილია რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და მსჯავრდებულს პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსახდელი სასჯელი ყველა აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით განუსაზღვრა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ არა ცალკეულმა, თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიმღებმა სასამართლოებმა, არამედ - საბოლოო სასჯელის განმსაზღვრელმა სასამართლომ.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ვინაიდან პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი