საქმე # 010100119002904547
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №585აპ-20 ქ. თბილისი
მ. ა. 585აპ-20 28 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - აკაკი მოქერიას
მსჯავრდებულ - ა. მ-ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. მ-ს, - დაბადებულს 1… წელს, ნასამართლობის მქონეს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელად შეეფარდა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით ამნისტიის კანონის საფუძველზე ა. მ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 მაისიდან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განჩინებით საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა - 4000 ლარი ტ.1.ს.ფ.120-134) ა. მ-ს - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბ-ში, ს.ხ-ს ქ.№.., ბინა №-ში, ა. მ-მ არასრულწლოვან ე. ს-ს თანდასწრებით, ყელის და ხელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, წინასწარი შეცნობით ორსულ ი. ს-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.ბ-ში, ა. პ-ს ქ.№-ში მდებარე ი. ს-ს საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოებით, თავად ი. ს-სთან მიახლოებითა და მასთან კომუნიკაციით, ა. მ-მ არ შეასრულა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე №.. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
ა. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ა“, „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 7 თებერვლიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბ-ში, ს.ხ-ს ქ.№.., ბინა №-ში, ა. მ-მ არასრულწლოვან ე. ს-ს თანდასწრებით, ყელის და ხელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა წინასწარი შეცნობით ორსულ ი. ს-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, 2019 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.ბ-ში, ა. პ-ს ქ.№-ში მდებარე ი. ს-ს საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოებით, თავად ი. ს-სთან მიახლოებითა და მასთან კომუნიკაციით, არ შეასრულა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე №.. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა ა. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ა. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. მ. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 7 თებერვლიდან.
6. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პაატა ცეცხლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საქმე, შეამოწმა ბრალდების მხარის წარმომადგენლის, პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის არც დაზარალებულის ჩვენებით) არ დასტურდება ა. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3. საქართველოს სსკ–ის მე-111 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრს მიეკუთვნება მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვე--ში, საქმის მასალებით არ დასტურდება ა. მ-ს და ი. ს-ს შორის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული საქორწინო ურთიერთობის არსებობა ანდა მათ შორის მუდმივი თანაცხოვრება და ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის წარმოება. სასამართლოში დაკითხვისას თავად დაზარალებულმა ი. ს-მაც კატეგორიულად უარყო, რომ იგი და ა. მ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. ი. ს-ს განმარტებით, ა. მ. არ არის მის მეუღლე, არც ყოფილა და მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ა. მ. მიდიოდა და მასთან სახლში პერიოდულად რჩებოდა (რაც ი. ს-ს არ მოსწონდა და ახსენებდა მას, რომ სახლი მისი არ იყო და ის იქ არ ცხოვრობდა, რის შემდეგაც ა. მ. მიდიოდა ხოლმე ბინიდან). შესაბამისად, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფი მსჯავრდებული და დაზარალებული სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის, ვერ ჩაითვლებიან ოჯახის წევრებად.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შეფასდეს როგორც სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5. სასჯელთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვე--ში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვე--ში. ამასთანავე, სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. მ-ს, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 170 საათით.
7. დაზარალებულ ი. ს-ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ა. მ., რომელსაც დაუახლოვდა. ის აპირებდა ბ-ში საბავშვო სათამაშოების და ავეჯის საამქროს გახსნას და ა-ის საამქროში დასაქმებას. ა-ი ბიზნესის დაწყებისათვის მოლაპარაკებებზე თან დაჰყვებოდა, რადგან თვითონ ქართული არ იცოდა. ასე გრძელდებოდა გარკვეულ ხანს. ი. ს. ცხოვრობდა თავის ბინაში, ბ-ში, შვილთან ერთად. ბინა, სადაც ს. ცხოვრობდა, იყო მისი. ი. ს. ა. მ-სგან დაფეხმძიმდა, ისინი ერთად მივიდნენ ბ-ს საავადმყოფოში, სადაც დაიგეგმა აბორტის გაკეთება, რაც იყო ი. ს-ს სურვილი. ამ ხნის განმავლობაში მას დაეძაბა ურთიერთობა ა. მ-თან ამ უკანასკნელის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბ-ში, ხ-ს ქუჩა N-ში, ბინა N-ში, ა. მ-მ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ი. ს. იყო ორსულად, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაუჭირა ხელი ყელში, მიათრია კედელთან და დაუწყო დახრჩობა და ცემა. მ-ს ამგვარმა ძალადობამ ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რადგან ი. ს-ს აქვს ჩიყვი, ყელი დაუსივდა და წნევა დაეცა. მან საშველად უხმო მეზობელს, ე. ე-ს, რომელმაც გაუზომა წნევა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ა. მ. წავიდა ბინიდან, ხოლო მან მომხდარის გამო პოლიციას მიმართა. დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა პოლიციაში. პოლიციიდან შინ დაბრუნებულს დაურეკა გამომძიებელმა და შეატყობინა, რომ ა. მ–ს აეკრძალა მასთან მიახლოება და კონტაქტი. მიუხედავად ამისა, ა. მ-მ, რომელსაც ხელი ჰქონდა მოწერილი შემაკავებელ ორდერზე, დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა, კერძოდ, 2019 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 18 საათზე, ქ. ბ-ში, პ-ს ქუჩაზე, ი. ს-ს საცხოვრებელ სახლთან ყოფნისას, მიუახლოვდა ი. ს-ს, რომელთანაც დაამყარა კომუნიკაცია, რის გამოც ეს უკანასკნელი ძალიან შეშინდა და მაშინვე შეატყობინა პოლიციას. დაახლოებით ათ წუთში მივიდნენ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც წაიყვანეს ა. მ.
8. შს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - რ. თ. ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი იყო ა. მ-ს მხრიდან ი. ს-ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. 2019 წლის 7 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც შევიდა შეტყობინება, რომ მოძალადე ა. მ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერი, რომელიც უკრძალავდა ი. ს-სთან მიახლოებას და ყოველგვარ კონტაქტს, კერძოდ, იგი ამყარებდა ს--თან კონტაქტს, რაც ხდებოდა ი. ს-ს საცხოვრებელ სახლთან. დარღვევის დადასტურების ან უარყოფის მიზნით, ხელმძღვანელობის დავალებით, გამომძიებელ რ. ხ. და ზ. წ-სთან ერთად გავიდა ი. ს-ს საცხოვრებელ მისამართზე - ქ. ბ., ა. პ-ს ქუჩა N.. . იქ მისვლისას ნახეს, რომ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან მართლაც იდგა მოძალადე ა. მ., ხოლო იქვე, ეზოში გაჩერებულ მანქანაში იჯდა მსხვერპლი ი. ს., რომელიც პოლიციელების დანახვისთანავე გადმოვიდა მანქანიდან. ის იყო ნამტირალევი, აღელვებული და სთხოვა პოლიციელებს, გაერიდებინათ იქიდან ა. მ., რადგან ეშინოდა მისი, რომელიც ამყარებდა მასთან კავშირს, რაც ეწინააღმდეგებოდა ა. მ-ს მიმართ მიღებული შემაკავებელი ორდერის აკრძალვებს. ამის გამო ა.მ. დაკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში.
9. შს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - რ. ხ. ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 7 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც ხელმძღვანელობის დავალებით, გამომძიებლებთან - რ. თ. და ზ. წ-სთან ერთად გავიდა ი. ს-ს საცხოვრებელ მისამართზე - ქ. ბ., ა. პ-ს ქუჩა N... იქ მისვლისას ნახეს, რომ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან იდგა ა. მ. , ხოლო იქვე, ეზოში გაჩერებულ მანქანაში იჯდა ი. ს., რომელიც პოლიციელების დანახვისთანავე გადმოვიდა მანქანიდან. ის იყო ნამტირალევი, აღელვებული და სთხოვა პოლიციელებს, გაერიდებინათ იქიდან ა. მ., რადგან ეშინოდა მისი; ა. მ. ამყარებდა მასთან კავშირს, რაც ეწინააღმდეგებოდა ა. მ-ს მიმართ მიღებული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ აკრძალვებს. ა. მ. დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში.
10. 2018 წლის 6 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის, რ. ი-ს მიერ შედგენილი N. შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ მსხვერპლის - ი. ს-ს განცხადების საფუძველზე, მოძალადე ა. მ-ს ძალადობის გამო აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა. მ-ს მიერ დაზარალებულ ი. ს-ს მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ:
12. დაზარალებულ ი. ს-ს პირდაპირი ჩვენების გარდა, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ასევე 2019 წლის 6 თებერვალს შედგენილი №. შემაკავებელი ორდერი ა. მ-ს მიმართ, რომლითაც დასტურდება 2019 წლის 5 თებერვალს ა. მ-ს მიერ ი. ს-ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია ი. ს-სა და ა. მ-ს მიერ. შემაკავებელი ორდერის მიმდინარეობა, შინაარსი და ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა გამომძიებელმა რ. ი-მ; შემაკავებელი ორდერი ა. მ-ს არ გაუსაჩივრებია.
13. საქმის მასალებში არ არსებობს მითითებული შემაკავებელი ორდერის კანონიერებასა და მასში მითითებული ფაქტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი; მხარეებს ჰქონდათ აღნიშნული მტკიცებულების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა და შედავების შესაძლებლობა (იხ. 2019 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:18:22 - დაცვის მხარეს შეკითხვა ან პროტესტი შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით არ ჰქონია); შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და ადასტურებს, რომ „ა. მ-მ ხელები მოუჭირა ხელებზე ი. ს-ს, ყელში მოუჭირა ხელი და ზურგი მიარტყმევინა კედელზე“ (იხ. ტომი №1; ს.ფ. 139-142). შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 19 მარტის №.. დასკვნით დასტურდება ი. ს-სთვის დაზიანების მიყენება დაზარალებულის მიერ მითითებულ ადგილებში. კერძოდ, ი. ს-ს განმარტებით, ა. მ-მ მას ხელები მოუჭირა ხელებზე, შემდგომ ყელში და ზურგი მიარტყმევინა კედელზე.
15. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნით დადგენილია, რომ ი. ს. ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა 2019 წლის 6 თებერვალს, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ი. ს-ს მარჯვენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნებოდა მოიისფრო-მოლურჯო ფერის, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი, ზომით 5.2X3.2 სმ. ასეთივე ხარისხის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის შუა მესამედში, ზომით 5.5X4.2 სმ. ანალოგიური ხარისხის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე, ზომით 8.2X3.2 სმ, შუბლის არეში ცენტრალურად, ქვედა მესამედში, ზომით 1.8X2.0 სმ. ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები მთლიანად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ. ფ-მ.
16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს მტკიცებულებათა მექანიკურ რაოდენობას. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №727აპ-19 ).
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ა. მ-სთვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ცნობილი იყო ი. ს-ს ორსულობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001) და მიზანშეწონლად არ მიაჩნია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორება.
18. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის დაზარალებულ ი. ს-ს და მოწმეების - შინაგან საქმეთა ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე–2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - რ. თ. და რ. ხ. პირდაპირი ჩვენებებით) დასტურდება ა. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის გამეორება.
19. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით შეეფარდებინა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღო რეციდივის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრის სავალდებულო წესები, გასცდა მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციის ფარგლებს და ა. მ-ს კანონით დადგენილ ზღვარზე ნაკლები სასჯელი შეუფარდა.
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
21. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ ა. მ. დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, ნაცვლად 1 წლით თავისუფლების აღკვეთისა (რადგან საქართველოს სსკ-ის ამ მუხლით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა წარმოადგენს 1 წლით თავისუფლების აღკვეთას), სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომად განუსაზღვრა 9 თვე.
22. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლითაც უარი უთხრა კასატორს სასჯელის ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითებს შემდეგზე: აპელანტს ანუ ბრალდების მხარეს არ დაუყენებია მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენების მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც საქართველოს სსსკ–ის 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის საუარესოდ შებრუნების ერთ–ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს; გარდა ამისა, არც სააპელაციო საჩივარსა და არც სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარეს თვითონ არ მიუთითებია საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლით გათვალისწინებულ, სასჯელის გადიდების სავალდებულო წესსა და სწორედ ამ საფუძვლით მსჯავრდებულ ა. მ-სთვის სასჯელის გამკაცრებაზე.
23. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს არ მიუთითებია მსჯავრდებულის მიმართ არსებულ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის №1/306 განაჩენზე (იხ. ტომი №1; ს.ფ. 122-125), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის №1ბ/1565-09 განაჩენსა (ტომი №1; ს.ფ. 126-132) და რეციდივის წესით სასჯელის დანიშვნის წესზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვერ იმსჯელებდა განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრაზე.
24. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სახელმწიფო ბრალდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, ვინაიდან ის მიიჩნია უსამართლოდ - დანიშნული სასჯელი არ შეესაბამებოდა მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (32–ე, 33–ე და სხვა მუხლები) დეტალურად განსაზღვრავს პროკურორის უფლება-მოვალეობებს სისხლის სამართლის პროცესში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის გასაჩივრების ეტაპის ჩათვლით, თუმცა საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს პროკურორის ვალდებულებას, საქმის არსებითი განხილვისას გამოხატოს თავისი აზრი ბრალდებულის მიმართ გამოსაყენებელი/ გამოყენებული სასჯელისა სახის და ზომის შესახებ.
25. საქართველოს სსსკ–ის 298–ე მუხლის მე–4 ნაწილით დაწესებული შეზღუდვა გასაჩივრებული განაჩენის სააპელაციო სასამართლოში საუარესოდ შებრუნების თაობაზე განმარტებულ უნდა იქნეს სისტემურად საქართველოს სსკ–ის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში, რომელთა მიხედვით, პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე და მოითხოვოს პირის მსჯავრდება მის მიერ მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც არსებობს სასჯელის გადიდების საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია, გამოიყენოს აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესი. ასევე, თუკი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს სასჯელის გამკაცრებას მსჯავრდებულის მიმართ, თუნდაც საამისოდ ის არ მიუთითებდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობაზე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს აღნიშნული მუხლით დადგენილი წესით (თუკი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლში მითითებული წინაპირობების არსებობა).
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითი მოდელი „არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრიციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე .... შეჯიბრებითი თუ ინკვიზიციური მოდელების თავისებურებების მიუხედავად, შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-21,22).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს:
29. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. მ-ს ზემოაღნიშნული დანაშაულები ჩადენილი აქვს წინათ მის მიერ ჩადენილი განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის პერიოდში, რაც, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს რეციდივს. რეციდივის არსებობისას, თუკი მსჯავრდებულს სასჯელად ენიშნება თავისუფლების აღკვეთა, მაშინ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისთვის დანიშნული რეალური სასჯელის ზომა ერთი წლის ვადით მაინც უნდა აღემატებოდეს კონკრეტული დანაშაულისათვის კანონით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზომას. მაგრამ თუ კონკრეტული დანაშაულისთვის სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადას შეიძლება გადააჭარბოს რეციდივის წესით დანიშნულმა სასჯელმა, მაშინ მსჯავრდებულს სასჯელად თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით.
30. მოცემულ შემთხვევაში, ა. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც გამოიხატა შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევაში, წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლისთვისაც საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი ვერ იქნება სრულად გამოყენებული და, ამ ნორმის შესაბამისად, ა. მ-ს სასჯელად თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ვადით ვერ განესაზღვრება.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენში და ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
32. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრულმა სასჯელმა უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 170 საათით. ამასთან ერთად, თავისუფლების აღკვეთის მითითებულ ვადას უნდა გამოაკლდეს ა. მ-ს მიერ ფაქტობრივად მოხდილი 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 თვით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება;
3. ა. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;
4. ა. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. მ-ს მიესაჯოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. დანიშნული სასჯელის მოხდაში ა. მ-ს ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 7 თებერვლიდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით - 9 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
7. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე