საქმე # 330100118002594115
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №952აპ.-20 1 ივნისი, 2021 წელი
ნ. ი. , 952აპ.-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ირაკლი მარშანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2018 წლის 5 ივლისს ი. ნ-ი, ი. ტ-ი და ჯ. მ-ი ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება), ხოლო გ. ლ-ე და ა. მ-ე - სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა).
1.2. 2018 წლის 6 ივლისს ბრალდებულები სასამართლოს პირველად წარედგინენ და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ გირაო, კერძოდ: ი. ნ-ს, ი. ტ-სა და ჯ. მ-ს - 5000 ლარი, ხოლო გ. ლ-სა და ა. მ-ეს - 2000 ლარი.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით:
- ი. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
- ჯ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
- ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 ლარი.
- გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
- ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
1.4. 2020 წლის 27 აგვისტოს სახელმწიფო ბრალმდებელმა ირაკლი მარშანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
1.5. 2020 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივარი და 2020 წლის 6 ნოემბერს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
1.6. 2020 წლის 17 ნოემბერს პროკურორმა ირაკლი მარშანიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისთვის ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, აგრეთვე დამატებითი სასჯელის გამოყენება.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 30 დეკემბერს თ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ფ-ეს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა დაბა მ-ში კანალიზაციის სისტემის მოწყობის 1 250 000 ლარად ღირებული სამუშაოები.
2.2. 2017 წლის 5 იანვარს შპს „ფ-ემ“ ქვეკონტრაქტორს - შპს „ი-ს“ გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის N- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ქვეკონტრაქტორს უნდა შეესრულებინა დაბა მ-ში ბიოტალის ნაგებობის სამშენებლო, შემოღობვისა და მოასფალტების სამუშაოები, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენდა 253 213.93 ლარს. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით შპს „ფ-ემ“ შპს „ი-ს” გადაურიცხა 230 486.10 ლარი.
2.3. 2017 წლის 29 ივნისს, 18 ივლისსა და 9 აგვისტოს ხსენებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 15 სექტემბერი.
2.4. შპს „ფ-ის“ დირექტორმა ი. ნ-მა, შპს „ფ-ის“ მშენებელმა ჯ. მ-მა და შპს „ი-ის“ დირექტორმა ი. ტ-მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს, არასრულყოფილად შეესრულებინათ თ-ს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და თაღლითური გზით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, კერძოდ:
2.5. ი. ნ-მა, ჯ. მ-მა და ი. ტ-მა 2017 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, შესრულებული სამუშაოების ამსახველ ფარული სამუშაოების აქტებსა და ფორმა N2-ებში ყალბად მიუთითეს, რომ თითქოს, მათ მიერ დაგებული ასფალტის მოცულობა და საფარის ხარისხი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებსა და კანონით დადგენილ სტანდარტებს.
2.6. ასევე, ამავე პერიოდში, ხსენებულმა პირებმა ფორმა N2-ებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბად მიუთითეს, რომ თითქოს, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 580 389,01 ლარი, რის საფუძველზეც 2017 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე თ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ფ-ის“ ანგარიშზე სრულად ჩარიცხა აღნიშნული თანხა. რეალურად კი შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 465 574, 84 ლარი.
2.7. ი. ნ-ი, ჯ. მ-ი და ი. ტ-ი მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 114 814,17 ლარს.
2.8. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შემსყიდველის მხრიდან უნდა გაეკონტროლებინათ თ-ს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, კერძოდ, ჩატარებული სამუშაოებს ამოწმებდნენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გ. ლ-ეს და ამავე სამსახურის სპეციალისტი ა. მ-ე, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს.
2.9. გ. ლ-ემ და ა. მ-ემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმეს შპს „ფ-ის“ მიერ წარმოდგენილ, შესრულებული სამუშაოების ამსახველ ფარული სამუშაოების აქტებში, ფორმა N2-ებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და ღირებულება, რის შედეგადაც 2017 წლის თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით თ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ფ-ეს“ ზედმეტად გადაურიცხა 114 814,17 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულებს გააჩნიათ ისეთი პირადი, ეკონომიკური ან ოჯახური მდგომარეობა, რაც მათთვის განსაკუთრებით ლმობიერი სასჯელის შეფარდების საფუძველი გახდებოდა.
3.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულებს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად არ აუნაზღაურებიათ, ისინი არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, მათი დახმარებით ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია არცერთი მტკიცებულება, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულები არ გამოცხადებულან ბრალის აღიარებით და ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის გახსნისთვის.
3.3. პროკურორის პოზიციით, მსჯავრდებულების მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული პოზიცია, რომ ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ ცნობენ დამნაშავედ, არ უნდა მიჩნეულიყო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, ვინაიდან ი. ნ-ის, ჯ. მ-ის, გ. ლ-ისა და ა. მ-ის ჩვენებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
3.4. სახელმწიფო ბრალმდებლის აზრით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა 114 814.17 ლარის ზიანი, საიდანაც ანაზღაურებულია მხოლოდ 4000 ლარი. გარდა ამისა, პროექტის დარღვევით მოწყობილი ასფალტობეტონის სამუშაოების პროექტის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს - 112 977.4 ლარს.
3.5. ჯ. მ-თან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც დადასტურებულია იმ გარემოებითაც, რომ მოცემული საქმის განხილვისას იგი მსჯავრდებულ იქნა სხვა, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან სასამართლოებმა მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძოდ ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში, მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლებისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების მხედველობაში მიღებით.
4.2. პროკურორის მიერ მითითებული გარემოება, რომ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად არ არის ანაზღაურებული, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან კანონმდებლის მიერ შემამსუბუქებელ გარემოებად მითითებულია მსჯავრდებულის მისწრაფება, დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარებით ანაზღაურებულია 4000 ლარი, მსჯავრდებულები მზადყოფნას აცხადებენ ეტაპობრივად აანაზღაურონ მიყენებული ზიანი, რასაც ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილებიც, რომელთა თანახმადაც, შპს ,,ფ-ის“ დირექტორი მიმართავს სხვადასხვა დაწესებულებას, გამოთქვამს მზადყოფნას თ-ს მუნიციპალიტეტს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, აგრეთვე ითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად შესაბამისი ვადებისა და გრაფიკის განსაზღვრას.
4.3. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულები რეალურად არ აღიარებდნენ დანაშაულს, არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, მათი დახმარებით ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია არცერთი მტკიცებულება, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულები არ გამოცხადებულან ბრალის აღიარებით და ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის გახსნისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჩამოთვლილი გარემოებები წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას და არა - ვალდებულებას, ხოლო უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულებს მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი გამოძიების საწყის ეტაპზე, დაკითხვისას, მიუთითებდნენ იმგვარი სახის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც შემდეგ აისახა მათი ბრალდების შესახებ დადგენილებებში.
4.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის შემდგომ ჩადენილი ქმედებისთვის არსებული ნასამართლობა შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს პიროვნების შეფასებისთვის, თუმცა ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა უპირობოდ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიმართ მოცემულ საქმეზე გამოყენებული სასჯელის დამძიმების საფუძველს.
4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი პროკურორ ირაკლი მარშანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი