Facebook Twitter

საქმე # 330100117002181425

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №554აპ-18 ქ. თბილისი

უ–ი ო., 554აპ-18 24 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ო. უ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. უ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში, ო. უ–მ არასრულწლოვანი შვილის - თ. უ–ის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს, ნ. უ–ს, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით ო. უ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ო. უ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ ო. უ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ო. უ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:

8. დაზარალებულმა - ნ. უ–მ და არასრულწლოვანმა მოწმემ - თ. უ–მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლისა და მამის) - ო. უ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

9. მოწმეები - ლ. ნ–ი და ი. ზ–ე არიან საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტები, გ. ს–ი და ა. ხ–ი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, ხოლო დ. ლ–ა - დეტექტივ-გამომძიებელი, რომლებიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არიან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩამტარებელი პირები და არ შესწრებიან დანაშაულის ფაქტებს. აღნიშნული მოწმეებისგან მიღებული ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და ამის თაობაზე იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით.

10. რაც შეეხება კასატორის აპელირებას შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ოქმის მიხედვით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შესაბამისი ოქმი შეადგინა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ..............ის სამმართველოს მე-.. განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ. მ–მა. ბრალდების მხარეს აღნიშნული პირი სასამართლოში მოწმეთა დასაკითხ სიაში არ შეუყვანია და ლ. მ–ი (მტკიცებულების შემქმნელი პირი) საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად არ დაკითხულა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს.

11. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტმა ე. ჩ–მა, რომელიც, მართალია, ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავდა დასაკითხ პირთა სიაში, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და ბრალდების მხარის მოწმე ე. ჩ–ს ჩვენება ჩაითვალა პრეიუდიციულ მტკიცებულებად. ამდენად, გაუგებარია, ე. ჩ–ს რომელი ჩვენება იქნა მიჩნეული უდავოდ, რადგან ამ პირის ჩვენება საქმეში არ არსებობს და გამოძიების ეტაპზე ე. ჩ–ი მოწმის სახით არ დაკითხულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად არ არიან დაკითხული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ავტორები, რომლებმაც შექმნეს ეს დოკუმენტები; არ არსებობს დაზარალებულ ნ. უ–ს მიერ გადმოცემული ინფორმაცია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ო. უ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

12. სასამართლო ასევე არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან დაკავშირებით და კვლავ განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია(იხ. ასევე, მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №746აპ-19).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ო. უ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ო. უ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე