Facebook Twitter

საქმე # 330100118002667012

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №616აპ-20 ქ. თბილისი

ჭ–ე გ. 616აპ-20 1 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებული გ. ჭ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ჭ–ის გამართლებას ან მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით გ. ჭ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 31 აგვისტოდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჭ–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ და უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო საბრძოლო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის - „АК-47”, ,,АКС-47”, „АКМ”, კარაბინისათვის „СКС“, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის „РПД“, „РПК“ და სხვა, რომლებსაც 2019 წლის 31 აგვისტომდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თ–ში, ........ში, N.. კორპუსში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინა N..-ში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომლებიც საჩივრებით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. ჭ–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი არ უთითებს არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.

7. საკასაციო სასამართლო კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ჭ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ნ. პ–ს, შ. ბ–ს, ნ. ნ–ის, ი. კ–ს, ა. ო–ს, ვ. ვ–სა და სხვათა ჩვენებები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, პატაკები, საგამოძებო იქსპერიმენტის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური, ბიოლოგიური (გენეტიკური), სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული წერილები.

8. საკასაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს, გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ,,ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის“. აღნიშნული არ გულისხმობს პირის უფლებას საკუთრებაში (მფლობელობაში) ჰქონდეს საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება ვარგისი იყოს გასროლისთვის მასზე რეგისტრირებული სამოქალაქო იარაღიდან, თუ ამ პირს არ გააჩნია საბრძოლო იარაღის შეძენა/შანახვა/ტარების უფლება.

9. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ–ეს არ გააჩნდა საბრძოლო იარაღის შეძენა, შენახვის უფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული საბრძოლო მასალა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო გ. ჭ–ს სახელზე (კანონით დადგენილი წესით) რეგისტრირებული იარაღის - .....-სთვისაც, ადგილი აქვს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გ. ჭ–ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №86აპ-13).

11. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (Boldea v. Romania, no.19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).

12. განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით; დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასაბუთებული დასკვნები გამოიტანა, რასაც სასამართლოც იზიარებს.

13. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჭ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე