Facebook Twitter

საქმე # 330141221004294448

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელი

№1341-21 2 მარტი, 2021 წელი

ა–ე გ., 1341-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დგინდება, რომ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით გ. ა–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში ,,სსკ-ის“) 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 თვე და საბოლოოდ გ. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 29 სექტემბრის წერილის თანახმად, გადახდილია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ა–ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით გ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

გ. ა–ეს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2014 წლის 18 სექტემბრიდან.

გ. ა–ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენებში გ. ა–ს მიმართ, შევიდა ცვლილება:

- მსჯავრდებული გ. ა–ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე);

- მსჯავრდებულ გ. ა–ეს მოსახდელად განესაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ა–ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით, 2 (ორი) თვითა და 7 (შვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალ პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

- მსჯავრდებულ გ. ა–ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2014 წლის 18 სექტემბრიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე- 5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.

გ. ა–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.

გ. ა–ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, 6 თვის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 წლის ვადით: საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული მოუხდელი პირობითი მსჯავრი - 4 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე და 63-მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა 4 წლის გამოსაცდელი ვადა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 7000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 7000 ლარი.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 6 ივლისიდან 2020 წლის 8 ივლისის ჩათვლით.

გ. ა–ეს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით გ. ა–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითმა სასჯელმა - ჯარიმამ 7000 ლარის ოდენობით, (რაც 2020 წლის 16 ოქტომბერს გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით (რაც 2020 წლის 16 ოქტომბერს გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში).

10. 2021 წლის 19 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ა–ს პირადი საქმე.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 იანვრის განჩინებით:

- მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნულ სასჯელზე არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათი.

- მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათი.

- მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათი.

- მსჯავრდებული გ. ა–ე გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული პირობითად ჩათვლილი სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან;

- მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათი.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

13. მსჯავრდებულ გ. ა–ს ადვოკატი ო. ს–ი საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანას.

14. კასატორი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა და არ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი გ. ა–ს მიმართ არსებულ სასამართლოს რამდენიმე განაჩენზე, რომლებიც ეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს ამნისტიის აქტის მოქმედება უნდა გაევრცელებინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლებთან მიმართებით, გ. ა–ე უნდა გაეთავისუფლებინა დანიშნული სასჯელებისაგან და აღედგინა მისთვის ჩამორთმეული უფლებები.

15. მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 2 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე) გ. ა–ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენებში გ. ა–ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ. ა–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან და მას მოსახდელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ა–ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლით, 2 (ორი) თვითა და 7 (შვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

გ. ა–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2014 წლის 18 სექტემბრიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - ,,ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა), ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ,,ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

4. ვინაიდან გ. ა–ე სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით სრულად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის, 2014 წლის 16 ივნისის და იმავე სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25 ნოემბრის (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელები დღის მდგომარეობით სრულად მოხდილი აქვს, მისთვის მითითებული განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა გათვალისწინებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენებით გ. ა–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებთან მიმართებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გაავრცელოს ამნისტია გ. ა–ს მიმართ ამ ნაწილში.

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“. ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, იგი სწორად გათავისუფლდა აღნიშნული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთისგან. რაც შეეხება სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას - მასზე 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.

8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა)“. ვინაიდან გ. ა–ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დამატებით სასჯელად დანიშნული აქვს ჯარიმა,

მას უარი უნდა ეთქვას ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენაზე.

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.

10. მოცემულ შემთხვევაში გ. ა–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით ნასამართლევია სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. შესაბამისად, გ. ა–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დადგენილი დანაშულის ჩადენისას ითვლებოდა ნასამართლევად და მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

11. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.“

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით და ამომწურავად მიუთითა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გ. ა–ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით განესაზღვრა ერთიანი სასჯელი საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ( ეხება ამნისტია) და მე-2 ნაწილით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული ქმედებისთვის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტი განავრცოს იმ ქმედებებზე, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ა–ს ადვოკატ ო. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე