Facebook Twitter

საქმე # 330141221004288726

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1501-21 5 მარტი, 2021 წელი

ო–ა რ., 1501-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ო–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რ. ო–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 5 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 11 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ. ო–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით რ. ო–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:

რ. ო–ა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

რ. ო–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

რ. ო–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ო–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამასთან, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით დგინდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი რ. ო–ს მიმართ ასევე გასაჩივრებულია სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის.

5. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ო–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ო–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ო–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

8. მსჯავრდებულმა რ. ო–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

9. მსჯავრდებულ რ. ო–ს საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 2 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

3. წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდებისას რ. ო–ა ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 273-ე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განაჩენი) და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი). შესაბამისად, არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის განახევრების სამართლებრივი საფუძველი.

4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისთვის დადგენილი სასჯელისგან გათავისუფლებას ან შემსუბუქებას. შესაბამისად, არ არსებობს არც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელმოხდილ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად - ,,ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).“ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განაჩენით დაკისრებული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, არ არსებობს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

7. „ამნისტიის შესახებ“საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი რ. ო–ს მიმართ გასაჩივრებულია და დღეის მდგომარეობით სამართალწარმოება დასრულებული არ არის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრისკანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ო–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე