საქმე # 190141121004279267
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2251-21 17 მარტი, 2021 წელი
ბ–ი ლ., 2251-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ჩ–ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 05 მაისის განაჩენით ლ. ბ–ი - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ნაწილობრივ შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ბ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლითა და 3 თვით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2004 წლის 08 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი, 03 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 11 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 05 მაისის განაჩენში და ლ. ბ–ს ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
იმავე განაჩენის მიხედვით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ნაწილობრივ იქნა შეკრებილი დანიშნული სასჯელები და ლ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 11 წლითა და 03 თვით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა - 2004 წლის 08 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი ნაწილობრივ, 03 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 11 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 02 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობითად, იგივე გამოსაცდელი ვადით.
ლ. ბ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რომელსაც დაემატა წინა განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.05.2006 წ. N1/2797 განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.09.2006 წ. N1ბ/1513-06 განაჩენით შეტანილი ცვლილებით) დანიშნული და მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 11 თვის და 08 დღის ვადით, 02 წელი და 06 თვე ჩათვლილი პირობითად, დარჩა უცვლელი.
ლ. ბ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2006 წლის 04 აგვისტოდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით ლ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით.
ლ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 23 იანვრიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.07.2007 წ. N1/742-07 განაჩენი დარჩა უცვლელი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, ლ. ბ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.11.2006 წ. N1/5824-06 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი - 04 თვით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა - 02 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მოსახდელად განესაზღვრა - 10 წლით, 10 თვითა და 08 დღით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი - 02 წელი და 05 თვე, 02 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით.
იმავე დადგენილებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.07.2007 წ. N1/742-07 განაჩენში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.12.2007 წ. N1ბ/2192-07 განაჩენში, ლ. ბ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან. აღნიშნული განაჩენით მოსახდელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში დაშვებული იქნა შეცდომა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენებით ლ. ბ–ს მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის მიცემა) და არა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა), როგორც ეს მითითებულია დასახელებულ დადგენილებაში. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი არ ითვალისიწინებდა რაიმე სახის შეღავათს - საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისათვის.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის N2-09 დადგენილებით, რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.07.2007 წ. N1/742-07 განაჩენით დანიშნულ სასჯელს 09 წელს, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.11.2006 წ. N1/5824-06 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 08 წელი, 04 თვე და 03 დღე და პირობითად ჩათვლილი 02 წელი და 05 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის, 04 თვის და 03 დღის ვადით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.05.2006 წ. N1/2797 განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი 02 წელი და 05 თვე და გამოსაცდელი ვადა 02 წლის და 06 თვით.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით ლ. ბ–ს,,ამნისტიის შესახებ“ საქართველო 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად ¼-ით შეუმცირდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.05.2006 წ. N1/2797 განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2008 წ. დადგენილებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი და ძირითად სასჯელად განესაზღვრა 06 წელი და 09 თვე და პირობით მსჯავრი - 01 წელი, 09 თვე და 22 დღე, გამოსაცდელი ვადა - 1 წელი 10 თვე და 15 დღე. მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.11.2006 წ. N1/5824-06 განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის და 03 თვის ვადით. მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.07.2007 წ. N1/742-07 განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის და 09 თვის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის და 09 თვის ვადით, პირობითი მსჯავრი 01 წლის, 09 თვის და 22 დღის ვადით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, 10 თვე და 15 დღე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ლ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. გ–ს საკასაციო საჩივრები.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
14. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ–ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
16. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჩ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
17. მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჩ–მ საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმება და საჩივრის „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის შესაბამისად განხილვა.
18. მსჯავრდებულ ლ. ბ–ს სასამართლო წარმოების მასალები პირად საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 09 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ლ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. მოცემულ შემთხვევაში ლ. ბ–ი სხვადასხვა დროს მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (არ ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამნისტია ეხება მოქმედ რედაქციას), ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (არ ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით( არ ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ლ. ბ–ს მიმართ განაჩენებით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებები მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (მსჯავრდებულს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ლ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ჩ–ის საჩივარი.
5. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დადგენილი სასჯელების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას, სასამართლო განმარტავს:
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არ მქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“. ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენის თანახმად ლ. ბ–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის მქონე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება ამ ნაწილში, ვერ გავრცელდება.
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ლ. ბ–ი იყო ნასამართლევი. იმავდროულად, აღნიშნული განაჩენით, ლ. ბ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის (სსკ-ის 236-ე მუხლის 2006 წლის 25 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
9. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის დღეს მოქმედის რედაქციის პირველი ნაწილით დასჯადია - ,,სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი - ,,ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა“. შესაბამისად ლ. ბ–ს ქმედება შეესაბამება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილს.
10. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. ამდენად, კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედ რედაქციაზე. შესაბამისად, არ არსებობს ლ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11იანვრის კანონის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი არც ამ ნაწილში.
11. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონი ლ. ბ–ს მიმართ ვერც ამ ნაწილში იქნება გამოყენებული, ვინაიდან აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელსაც შეესაბამება ლ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N71-21; 1211-21).
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ჩ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე