საქმე # 330141221004275943
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2421-21 18 მარტი, 2021 წელი
კ. ნ–ი, 2421-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ნ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით დგინდება, რომ კ. ნ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდგომში - სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. კ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 20 თებერვლიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კ. ნ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით კ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლისა და 6 თვის ვადით, კ. ნ–ს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ნ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 6 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. კ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 20 თებერვლიდან 2014 წლის 9 ივლისამდე. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 9 ივლისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით კ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე, 67-ე მუხლების გამოყენებით კვლავ პირობით იქნა გამოყენებული. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ კ. ნ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 25 მაისიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით კ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა კ. ნ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობით მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, კ. ნ–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლით - პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. 2021 წლის 16 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ნ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ნ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ნ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
8. მსჯავრდებულმა კ. ნ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.
9. მსჯავრდებულ კ. ნ–ს მიმართ გამოთხოვილი მასალები უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 17 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ კ. ნ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.“
5. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
6. კ. ნ–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით(2014 წელს მოქმედი რედაქცია). დღეს მოქმედი რედაქციით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არის ,,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა“. კ. ნ–ს ქმედება კი შეესაბამება 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება და შენახვა).
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კ. ნ–სათვის შეფარდებული სასჯელი უნდა განახევრდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.
8. კ. ნ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით - 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, კ. ნ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით დადგენილი დანაშაულის (260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი) ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის მქონე საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. შესაბამისად, ვინაიდან კ. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლევი პირი, საკუთრებისა და სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის და არა ნარკოტიკული დანაშაულისათვის, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი - სასჯელის განახევრება.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით კ. ნ–ი მსჯავრდებულია სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განაჩენით დადგენილი 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს კ. ნ–ი იყო ნასამართლობის მქონე. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება.
10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე განახევრება კ. ნ–ს საბოლოო სასჯელზე ვერ მოახდენს გავლენას, რადგან მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით(რომელზეც არ ვრცელდება ამნისტია) დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენებით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენებით) დანიშნული სასჯელები.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ. ნ–ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. ნ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე განახევრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით კ. ნ–სათვის შეფარდებული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, საიდანაც 9 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე;
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე განახევრება კ. ნ–ს საბოლოო სასჯელზე ვერ მოახდენს გავლენას, რადგან მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით(რომელზეც არ ვრცელდება ამნისტია) დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენებით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენებით) დანიშნული სასჯელები;
5.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე