საქმე # 330141221004288372
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2651-21 26 მარტი, 2021 წელი
ბ–ი ლ., 2651-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით ლ. ბ–ი, - დაბადებული - 20.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
- ლ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან.
2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ–ზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 21 იანვრის კანონი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც. მ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. მსჯავრდებულმა ლ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც. მ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმება.
6. მსჯავრდებულ ლ. ბ–ს მიმართ სასამართლო წარმოების მასალები პირად საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 16 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ლ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. ლ. ბ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია), მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია) და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ეხება ამნისტია) და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი. ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით დგინდება, რომ ლ. ბ–ი არის ნასამართლევი, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ლ. ბ–ს პირად საქმეში არ არის აღნიშნული ნასამართლობის დამადასტურებელი განაჩენი. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე მოცემული განაჩენით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში.
5. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ლ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რისთვისაც განაჩენით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. კერძოდ, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.
6. შესაბამისად, ლ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც. მ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე