Facebook Twitter

საქმე # 330141221004284569

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2811-21 25 მარტი, 2021 წელი

წ–ი ი.,2811-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. წ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით ი. წ–ი, - დაბადებული - 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3 500 ლარი. ი. წ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.

- მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე 6 თვით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და არ ჩამოერთვა პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ი. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი;

- სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

- სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი. წ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

- სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა;

- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლითა და 6 ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

- ი. წ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 აგვისტოდან.

- ი. წ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. წ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. წ–ზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 21 იანვრის კანონი და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენებში, კერძოდ:

1.) მსჯავრდებული ი. წ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან (პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან).

ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. წ–ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

დანარჩენ ნაწილში (მათ შორის ჯარიმის დაკისრების ნაწილში) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.) ი. წ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი გაუნახევრდა პროპორციულად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სრულად), ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლითა და 6 თვით გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ი. წ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.

ი. წ–ს საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სრულად), ხოლო 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლით და 06 თვით გამოსაცდელი ვადით.

დანარჩენ ნაწილში, (მათ შორის ჯარიმის დაკისრების და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. წ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

6. მსჯავრდებულმა ი. წ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებების ჩამორთმევის უცვლელად დატოვების ნაწილში.

7. მსჯავრდებულ ი. წ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 25 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი. წ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების, მხოლოდ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის განახევრების ნაწილში. კერძოდ,

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.“ იმავდროულად, ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.

აღნიშნულის საფუძველზე, ი. წ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან (პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლით სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა - 3500 ლარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 5000 ლარი დარჩება უცვლელად.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები(გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).“ ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი უფლებების აღდგენას უკავშირებს სასჯელისგან გათავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამნისტიის აქტის საფუძველზე არ მოხდა ი. წ–ს გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული ყველა სასჯელისგან (არ თავისუფლდება სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ჯარიმისგან), თბილისის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მისთვის აღედგინა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. თუმცა საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული შეცვალოს მსჯავრდებულის ინტერესების საუარესოდ.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით(გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.“ ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

6. ი. წ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულთან მიმართებით ( ამნისტიის მიზნებისთვის) ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი გაუნახევრდა პროპორციულად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სრულად), ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლითა და 6 თვით გამოსაცდელი ვადით. საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სრულად), ხოლო 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით.

7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლი ამომწურავად ადგენს სასჯელის სახეებს და მათ არ მიაკუთვნებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევას. აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხს არეგულირებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). ამდენად, აღნიშნული უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება 141-21).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ი. წ–ი მსჯავრდებულია სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით(არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვცელდება სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტი განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. წ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე