Facebook Twitter

საქმე # 190141121004279788

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2921-21 31 მარტი, 2021 წელი

ა–ე მ., 2921-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ა–ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით დგინდება, რომ მ. ა–ე, - დაბადებული 19.. წელს,- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით მ. ა–ეს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით.

- სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით მ. ა–ს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი და 6 თვე.

- მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

- მსჯავრდებულ მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 7 დეკემბრის 06:08 საათიდან.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით) და საბოლოოდ მ. ა–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

- მ. ა–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 მაისიდან.

3. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ა–მ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ანაზღაურებული აქვს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი და ისინი წერილობით თანხმობას აცხადებენ, რომ მის მიმართ გავრცელდეს ამნისტია.

6. მსჯავრდებულ მ. ა–ს სასამართლო წარმოების მასალები პირად საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 22 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით აღნიშნავს:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.“

4. მ. ა–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“(არ ეხება ამნისტია) და „ბ“(ეხება ამნისტია) ქვეპუნქტებით და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, სსკ-ის 273-ე მუხლით(ეხება ამნისტია), რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“(ეხება ამნისტია) და „გ“ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია) და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში მ. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რისთვისაც განაჩენებით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. კერძოდ, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ასევე ერთიანი სასჯელის სახით დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

6. ამასთან, მ. ა–ე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს და ისინი წერილობით თანხმობას აცხადებენ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე, თუმცა დაზარალებულების პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო ამ ნაწილში მოკლებულია მ. ა–ს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ა–ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე