საქმე # 010141318700066711
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №601აპ-18 ქ. თბილისი
ჯ–ა ზ., 601აპ-18 7 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. კასატორის მოსაზრებით,
· განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია;
· სასამართლო განაჩენზე მსჯელობისას დაეყრდნო არა ფაქტებს, არამედ - ვარაუდებს;
· საქმის მასალებით არ დასტურდება ზ. ჯ–ს მიერ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ჩადენის ფაქტი.
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნუგზარ მახათაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ზ. ჯ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა ზ. ჯ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ რ–ში, ..... N..-ში მდებარე ა. მ–ს ბინიდან, მისივე განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ გამოასახლა ზ. ჯ–ა. 2015 წლის ნოემბერში ზ. ჯ–ა თვითნებურად შესახლდა ა. მ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაარღვია ამ უკანასკნელის ბინის ხელშეუხებლობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (მაგ.იხ. საქმე N64აპ-19), კასატორები არ უთითებენ არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.
7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. ჯ–ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
8. გარდა ამისა, კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებასა და ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე.
9. საქმის მასალების თანახმად, ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მონაცემებით დასტურდება, რომ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, ........... №....-ში მდებარე უძრავი ქონება, საერთო საოჯახო საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ სხვა პირებთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ზ. ჯ–ს და მის მიერ დაკავებული ოთახების ფართი შეადგენს 72 კვმ-ს.
10. 2013 წლის 4 თებერვალს ზ. ჯ–მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ..........ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა, მან ასევე წარადგინა თვითმმართველი ქალაქ .........ის საკრებულოს 2013 წელის 23 იანვრის №.... განკარგულება, რომლის თანახმად, ქალაქ ...........ში ................. ქუჩა კორპუსი ...-ში მდებარე ბინა N ..., ..., ... საცხოვრებელ ფართს მიენიჭა ბინის ნომერი - ....
11. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 იანვრის წერილის მიხედვით, სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირ ზ. ჯ–ს შორის, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N............) პრივატიზების თაობაზე 2012 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
12. საჯარო რეესტრიდან 2012 წლის 26 სექტემბრის ამონაწერით დასტურდება, რომ 72.00 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართის, საკადასტრო კოდით №............, მისამართი: ქალაქი ..........ი, ქუჩა ............ №....., მესაკუთრეა ზ. ჯ–ა.
13. ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქ ............ის საკრებულოს №... 2013 წელის 23 იანვრის განკარგულებით, 2013 წლის 21 იანვრის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის წერილით, 2012 წლის 26 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, 2013 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 2013 წლის 30 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტით, 2013 წლის 30 აგვისტოს ზ. ჯ–სა და ლ. მ–ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 2014 წლის 15 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, 2014 წლის 4 სექტემბრის ............ის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით, 2014 წლის 11 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, 2016 წლის 28 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის - ი. გ–ს წერილით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 22 ოქტომბრის გაფრთხილებით, 2015 წლის 21 ივლისის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმით და 2015 წლის 23 სექტემბრის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ზ. ჯ–მ 2012 წლის 26 სექტემბერს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 1 (ერთი) ლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ............ ქუჩა, კორპუსი ..., ბინა .., საერთო ფართი - 72 კვ.მ. იგივე უძრავი ქონება 2013 წლის 13 თებერვალს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა მ. გ–ს სახელზე, რომელიც გაუქმდა 2013 წლის 30 აგვისტოს და იმავე დღეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო ზ. ჯ–სა და ლ. მ–ს შორის. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ზ. ჯ–ს კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ........., ქუჩა ............ი, № ..... ბინა ..... საკადასტრო კოდი №............) შემძენი 2014 წლის 1 სექტემბერს იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ა. მ–ა.
14. საინჟინრო ექსპერტიზის 2016 წლის 30 მარტის დასკვნის თანახმად, ,,....ში, ............ ქ №....-ში (ს/კ N............) განმცხადებლის მიერ მითითებული ფართის საერთო ფართი შეადგენს 87,26 კვმ-ს ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფართი ფაქტიურად გამიჯნულია 2 ნაწილად. აღნიშნული ფართები პირობითად აღნიშნულია ბინა N.... და N.... აღნიშნული უძრავი ქონებიდან ბინა 42ა-ს საერთო ფართი აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემებით შეადგენს 60,36 კვ. მ-ს, ხოლო ბინა N...-ს საერთო ფართი აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემებით შეადგენს 26,90 კვმ-ს”.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ზ. ჯ–ს საჯარო რეესტრისათვის მონაცემების შეტანის მოთხოვნით არ მიუმართავს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი ............. კორპუსში ბინა №..-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა. მ–ა და სხვა ბინა, მაგალითად, ზ. ჯ–ს მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ბინა ... და ბინა .. ამ მისამართზე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, დადგენილია საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
16. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზ. ჯ–მ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების შეძენის, პრივატიზების საფუძველზე და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში თავად დაარეგისტრირა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით .......... საერთო ფართი 72 კვ.მ და ნომრით 42. ხოლო მის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად ბინა ფართით 87.26 კვ.მ, საჯარო რეესტრის მონაცემებში არ ფიქსირდება, შესაბამისად, სადავო ბინა მან თავად დაარეგისტრირა 72 კვ.მ მოცულობით და არა 87.26 კვ.მ მოცულობით. იმ შემთხვევაშიც კი, სასამართლო გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მან დაიკავა ერთოთახიანი იზოლირებული ბინა, რომლის ფართია 26,90 კვ.მ, ბინის საერთო ფართის გათვალისწინებით /რაც დაცვის მიერ წარდგენილი დასკვნით არის 87.26 კვ.მ/, დასტურდება, რომ მას დაკავებული აქვს ა. მ–ს კუთვნილი ფართის /რაც შეადგენს 72 კვ.მ/ ნაწილი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ორი იზოლირებული - 72 კვ.მ და 26,90 კვ.მ ფართების არსებობა.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის შესაბამისად, არავის აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. უკანონოდ შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა ან ყოფნა. უკანონო შესვლა მოიცავს ასევე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქ ყოფნასაც, რაც მოცემულ შემთხვევაში ზ. ჯ–მ ჩაიდინა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია, ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე