საქმე # 160141318002252847
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №777აპ-18 ქ. თბილისი
მ–ი ე., 777აპ-18 1 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ე. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
ე. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. მ–ი შესაგებლით ითხოვს პროკურორ გიორგი სახიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ. მ–ში, .........ის დასახლებაში, ..... ქუჩა N..-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ე. მ–მ ჯერ თმით ითრია, ხოლო შემდეგ სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის მეუღლეს - ზ. მ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, 1 წლის ს. მ–ა.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით ე. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ე. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გამართლებულ ე. მ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
8. დაზარალებულმა ზ. მ–მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) - ე. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
9. რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნას, როგორც ირკვევა, აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებული და დასკვნა გაცემულია წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე და დასკვნის მიხედვით, ზ. მ–ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, არ არის გამოკითხული ექსპერტიზის დასკვნის ავტორი და არ არსებობს პირველწყაროს, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ზ. მ–ს მიერ სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ე. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე. მ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ე. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.
12. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურორ გიორგი სახიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი; შეიცავს მხოლოდ მოცემულ საქმეზე განხორციელებული სამართალწარმოების ქრონოლოგიას; კასატორი საჩივარში არ აკონკრეტებს, რატომ მიაჩნია გასაჩივრებული განაჩენი უკანონოდ; კონკრეტულად, რომელი მტკიცებულება შეაფასა სააპელაციო სასამართლომ არასწორად და რატომ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების არგაზიარებით; ამასთან, რომელი მტკიცებულება იყო პირდაპირი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ე. მ–ს ბრალეულობას მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში, რომელი მტკიცებულების გამოკვლევა არ მომხდარა და კონკრეტული მტკიცებულება რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქმისათვის.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე