Facebook Twitter

საქმე # 020100218700057300

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად

ცნობის შესახებ

საქმე №793აპ-18 ქ. თბილისი

ხ–ა ი., 793აპ-18 6 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის - ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნით ი. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

............ს რაიონის სოფელ ........ში მცხოვრები ი. ხ–ა 2007 წლის 20 ივნისს დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირს, რა დროსაც მათ განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ზ–ს რაიონის სოფელ .........ში მცხოვრები ც. გ–ს ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ისინი იმავე დღეს შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, დანებით და სახეზე ნიღაბაფარებულები, დაახლოებით 21:00 საათზე, მივიდნენ ც. გ–ს საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწიეს შიგნით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ყაჩაღურად გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, კერძოდ: ც. გ–ს კუთვნილი ოქროს ყელსაბამი, ღირებული 150 ლარად; წნევის საზომი აპარატი ფონეიდოსკოპით, ღირებული 20 ლარად; „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ........, სააბონენტო ნომრით ........., ღირებული 50 ლარად; 1300 რუსული რუბლი; მ. ჩ–ის „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეი კოდით ............., სააბონენტო ნომრით .........., ღირებული 350 ლარად; ყავისფერი საფულე, ღირებული 30 ლარად; სამი ცალი ჩინური მონეტა, თითო ღირებული 5 ლარად; მ. ჩ–ს კუთვნილი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით, ღირებული 1800 ლარად; ბაჯაღლოს ბეჭედი, ღირებული 400 ლარად; ოქროს კულონი ბრილიანტის და ზურმუხტის თვლებით, ღირებული 1000 ლარად; ფულადი თანხა - 130 აშშ დოლარი და 700 რუსული რუბლი; სამი 10 - რუბლიანი რკინის მონეტა; ორი 2 - რუბლიანი რკინის მონეტა და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეი კოდით, ღირებული 400 ლარად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2007 წლის 3 აგვისტოს ი. ხ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ........ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ც. გ–ს საცხოვრებელი სახლიდან გატაცებული „ნოკიას“ ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონის აპარატი, იმეი კოდებით: .............. და ................

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენით ი. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ი. ხ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელმაც საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენი.

ი. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებული ი. ხ–ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ი. ხ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ნუგზარ ჯიქიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო სასამართლო ი. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას, რადგან ი. ხ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

9. დავას არ იწვევეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2007 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული, სახეზე ნიღაბაფარებული დამნაშავეები მივიდნენ ც. გ–ს საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწიეს შიგნით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ყაჩაღურად გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება, ყაჩაღობაში უშუალოდ მონაწილეობდა თუ არა ი. ხ–ა.

10. ი. ხ–ს ბრალეულობის დადასტურებას ბრალდების მხარე ძირითადად ცდილობს დაზარალებულების - ც. გ–ს, მ. ჩ–ს და მ. ჩ–ს ჩვენებებით, ასევე ც. გ–სა და მ. ჩ–ს მიერ ი. ხ–ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ი. ხ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონების დაზარალებულების მიერ ამოცნობის ოქმებით.

11. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო შეეხება ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, რომელთა თანახმადაც, ც. გ–მ და მ. ჩ–მ ამოიცნეს ი. ხ–ს ფოტო, როგორც პირი, რომელიც მონაწილეობდა 2007 წლის 20 ივნისს მათ ოჯახში ჩადენილ ყაჩაღობაში. ც. გ–მ ამოცნობისას მიუთითა, რომ ფოტოზე ამოცნობილი პირი ამოიცნო: თვალის მოყვანილობით, ცხვირით, სახის მოყვანილობით და ვიზუალური დაკვირვებით. მიუხედავად იმისა, რომ მოწმის განმარტებით, დამნაშავეს ნიღბიდან უჩანდა თვალის ფერი, კანის ფერი, სახის ნაკვთები და მოყვანილობა, ის უთითებს ზოგადად სახის ნაკვთებს და არ აკონკრეტებს მის მახასიათებლებს. იგივე უნდა ითქვას მ. ჩ–ს მიერ ი. ხ–ს ფოტოსურათის ამოცნობაზეც, კერძოდ: მოწმემ მიუთითა, რომ ამოცნობა შეეძლო - თვალებით, სახის მოყვანილობით, რომელიც შესამჩნევად ემჩნეოდა ნიღბიდან. ოქმის თანახმად, მან ამოიცნო: თვალებით, ვიზუალური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით, ცხვირით და კანის ფერით. სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაშიც დაზარალებულის მიერ დასახელებულია სახის ნაკვთების ზოგადი ჩამონათვალი და არა მათი კონკრეტული მახასიათებლები, მაგალითად: თვალის ფერი, კანის ფერი, ცხვირის მოყვანილობა და სხვა.

12. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ც. გ–ს და მ. ჩ–ს ჩვენებებს, დამნაშავის მახასიათებლების აღწერის ნაწილში, რადგან თითოეულ ეტაპზე მათ დაასახელეს ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალები. კერძოდ, ც. გ–მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ ერთი პირი იყო მსხვილი, მე-2 - მაღალი, ხოლო მე-3 - საშუალო სიმაღლის. ამასთან, ერთ-ერთი ჩლიფინებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დააკონკრეტა, რომ დამნაშავე, რომელიც ვითომდა ამოცნობილი ი. ხ–ა, იყო - დაბალი, მსუქანი და წითური. რაც შეეხება მის განმარტებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მოწმემ საერთოდ უარყო პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება ყაჩაღობაში ი. ხ–ს მონაწილეობის შესახებ, ამასთან, მიუთითა, რომ ნიღბების გამო დამნაშავეებს სახეები არ უჩანდათ, შესაბამისად, არ დაუნახავს. უჩანდა მხოლოდ წითური სახე, თუმცა მისი სახე მთლიანად არ დაუნახავს. ამასთან, ფოტოსურათით ამოცნობისას, წარდგენილ ფოტოებზე გამოსახულ ერთ-ერთ პირს დიდი თავი ჰქონდა, იფიქრა, რომ, სავარაუდოდ, ის იყო დამნაშავე და ხელი დაადო. მნიშვნელოვანია, რომ თავის ზომასთან დაკავშირებით მას უშუალოდ ფოტოსურათით ამოცნობისას არ მიუთითებია, ისევე როგორც იმ ფაქტზე, რომ ამოსაცნობი პირი იყო მხარ-ბეჭიანი, რაც, ცხადია, ფოტოსურათით ვერ აღიქმება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში მანვე განმარტა, რომ, ზოგადად, ფოტოზე სხვანაირად ჩანს ადამიანი.

13. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნული მოწმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კონკრეტული დამნაშავის ი. ხ–სთან გაიგივების შესახებ, რადგან დაზარალებული საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე უთითებს სხვადასხვა მახასიათებლებზე, ამასთან, ამოცნობის ოქმში ასახელებს მხოლოდ ზოგად ნიშნებს და არ ახდენს მათ დეტალიზაციას, ხოლო უშუალოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კი კატეგორიულად გამორიცხა მსჯავრდებულის და სადავო დამნაშავის იდენტურობა.

14. მ. ჩ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე მითითებული აღწერა არ ემთხვევა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, კერძოდ: გამოძიებისას მიუთითა, რომ მსუქან პირს ჰქონდა ოდნავ ,,მოკეხო“ ცხვირი, სააპელაციო სასამართლოში კი მიუთითა, რომ მსუქან პირს ჰქონდა სწორი ცხვირი. ამასთან, იქვე განმარტა, რომ მასვე ჰქონდა თეთრი კანი და ღია ფერის თვალები, მაშინ, როცა გამოძიებაში მიუთითა, რომ ქერა თმა და თვალები ჰქონდა საშუალო სიმაღლის პირს, რომელიც ჩლიფინებდა. ასევე პირს, რომელიც ჩლიფინებდა, სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების შესაბამისად, ჰქონდა დიდი კეხიანი ცხვირი, მაშინ, როცა გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, მოგრძო კეხიანი ცხვირი ჰქონდა გამხდარ პირს. ამდენად, მ. ჩ–ს მიერ საერთო ჯამში მოწოდებული ინფორმაციით თითქმის შეუძლებელია გაირკვეს კონკრეტული მახასიათებლები, რომელთა საფუძველზეც დაზარალებული ახდენს დამნაშავის მსჯავრდებულთან გაიგივებას.

15. რაც შეეხება მ. ჩ–ის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, მან მიუთითა კონკრეტული მახასიათებლები, კერძოდ: დამნაშავე არის - საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი, მსუქანი, ღიპით, მრგვალი სახითა და თვალებით, წითელი, მრგვალი, გამოკვეთილი ლოყებით, ასევე ჰქონდა ღაბაბი და სპეციფიკური სიცილი. მიუხედავად იმისა, რომ მოწმის განმარტებით, მას შეეძლო სამივე თავდამსხმელის ამოცნობა, მასთან ი. ხ–ს ფოტოსურათით ამოცნობა არ ჩატარებულა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითა, რომ ი. ხ–ა ამოიცნო მისმა დამ და მისგან იცის, რომ ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი. ამასთან, მანვე დაადასტურა, რომ არც მას და არც მის ოჯახის რომელიმე წევრს ნიღბის გარეშე დამნაშავეები არ დაუნახავთ. შესაბამისად, მ. ჩ–ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერ ადასტურებს კონკრეტული დანაშაულის ი. ხ–ს მიერ ჩადენას.

16. ამდენად, სამი დაზარალებულის ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ მათ მიერ სხვადასხვა დროს დასახელებული სადავო დამნაშავის აღწერილობა, ნაცვლად იმისა, რომ ავსებდეს ერთმანეთს, არის ურთიერთსაწინააღმდეგო.

17. ვინაიდან დაზარალებულები - ც. გ–ა და მ. ჩ–ი საქმის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აღწერენ შესაძლო დამნაშავის გარეგნულ მახასიათებლებს, მათ შორის, იმას, თუ რა ნიშნით შეძლეს ი. ხ–ს ფოტოსურათით ამოცნობა, ამასთან, დაზარალებულ მ. ჩ–თან არ ჩატარებულა ფოტოსურათით ამოცნობა და მან მხოლოდ მისი დისგან იცის ი. ხ–ს დანაშაულში შესაძლო მონაწილეობის შესახებ, დაზარალებულების მიერ მსჯავრდებულ ი. ხ–ს წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებებად და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის - ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე