საქმე # 140100118002245436
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №802აპ-18 ქ. თბილისი
მ–ი შ., 802აპ-18 5 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ შ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და შ. მ–ის გამართლებას იმ საფუძვლით, რომ:
· განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო ნორმების აშკარა დარღვევით;
· სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად არ შეაფასა.
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ შ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მთვრალმა შ. მ–მ გ–ს რაიონის სოფელ .........ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მშობლებს - ლ. მ–სა და შ. ს–ს მოსთხოვა ფული, რაზეც მიიღო უარი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს, რის შემდეგაც დედას - ლ. მ–ს შეშის ნაპობი დაარტყა ხელსა და ტანზე. მეუღლეს გამოესარჩლა შ. ს–ე, რის გამოც შ. მ–მ მასაც შეშის ნაპობი დაარტყა თავსა და მარცხენა მხარზე. შ. მ–ს ქმედებით ლ. მ–მ და შ. ს–ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მეორე დღეს - 6 დეკემბერს, დაახლოებით 10:50 საათზე, ამავე სახლში, მთვრალმა შ. მ–მ ლ. მ–სა და შ. ს–ს კვლავ მოსთხოვა მისთვის ფულის მიცემა, უარით განაწყენებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ლ. მ–ს სკამი დაარტყა მარცხენა ხელში, რის შემდეგაც წააქცია იგი ლოგინზე და ორჯერ დაარტყა ფეხი ტანის არეში. შედეგად, ლ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით შ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და შ. მ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი.
შ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და შ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 550 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი
მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 550 საათით და 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.
შ. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით (5 თვე და 10 დღე) და მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს- არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ შ. მ–ს უდანაშაულობის თაობაზე, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალურად იმსჯელა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა შ. მ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეების - ზ. გ–ს, ს. ვ–ს, გ. მ–ს, მ. მ–ს ჩვენებებით, შეტყობინებით შ. მ–ს მიერ მშობლებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №............ და №......... დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ შ. მ–მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:
9. საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, 112-ის მეშვეობით, 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს .....ის რაიონულ სამმართველოში (სამორიგეოში) შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის კონფლიქტზე ლ. მ–ის ტელეფონის ნომრიდან - ............., ზარის ინიციატორია თავად ლ. მ–ი, რომელმაც განაცხადა, რომ შვილმა, შ. მ–მ სცემა მშობლებს, საჭიროა სასწრაფოც და ითხოვდა დახმარებას.
10. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შს სამინისტროს .........ს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ. გ–მ აჩვენა, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, შსს-ს ......ს რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომ .........ს რაიონის სოფელ ..........ში, შ. ს–ს ოჯახში, იყო კონფლიქტი, კერძოდ, მათი შვილი - შ. მ–ი მშობლებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს. ვ–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ნახეს, რომ მთვრალი შ. მ–ი გამოხატავდა აგრესიას მშობლების - ლ. მ–ისა და შ. ს–ს მიმართ, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მათ. შ. ს–სა და ლ. მ–ის განმარტებით, შ. მ–ი მათ მთელი ღამის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ორივე მშობელს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, ლ. მ–ს დაზიანება აღენიშნებოდა მხარზე, შ. ს–ეს - თავზე.
11. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში შს სამინისტროს ....ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ს. ვ–მა და დამატებით აჩვენა, რომ, მართალია, შ. მ–ს მიერ მშობლების ცემის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ნასვამი შ. მ–ი არა მარტო აგინებდა და ლანძღავდა მშობლებს, არამედ გამოხატავდა მათ მიმართ აგრესიას და იწევდა მათ საცემრად, მაგრამ შ. მ–ი შეაკავეს მან (მოწმემ) და ზ. გ–მ. ორივე მშობელს აღენიშნებოდა დაზიანებები.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - ზ. გ–სა და ს. ვ–ს ჩვენებები პირდაპირია, ვინაიდან, დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებმა, თავად ნახეს დაზარალებულები - ლ. მ–ი და შ. ს–ე, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ მათი შვილის - შ. მ–ს მიერ მათზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, ამასთან, ორივე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. უფრო მეტიც, მთვრალი შ. მ–ი, პოლიციელთა თანდასწრებით ლანძღავდა და აგინებდა დედ-მამას და კვლავ იწევდა მათ საცემრად, თუმცა იგი პოლიციელებმა შეაკავეს და აღარ მისცეს მშობლების ცემის შესაძლებლობა.
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №....... და №..... დასკვნებით დადგენილია, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, 16:45 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის, ლ. მ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით, ხოლო 2017 წლის 6 დეკემბერს, 16:30 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის, შ. ს–ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით. ორივე მათგანის დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნის თანახმად, შ. ს–ე უჩივის ტკივილს მარცხენა მხრის მიდამოში, ხოლო ლ. მ–ი - მარჯვენა მტევნის მიდამოში. შესამოწმებელთა გადმოცემით, შ. მ–მ ჩაარტყა რამდენჯერმე შეშის ნაპობი ჯერ მუცლის მიდამოში, შემდეგ - მარჯვენა მტევნისა და მარცხენა წვივის მიდამოში (ლ. მ–ი), ასევე შ. მ–მ ჩაარტყა რამდენჯერმე შეშის ნაპობი ჯერ თავში, შემდეგ - მარცხენა მხარზე (შ. ს–ე). აღნიშნული ექსპერტიზების ჩატარების ფაქტი და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ. მ–მა.
14. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - შ. ს–სა და ლ. მ–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები (უდავო მტკიცებულება), რომელთა მიხედვით, მათ თავიანთ შვილს, შ. მ–ს, აპატიეს ჩადენილი ქმედებები, ამ უკანასკნელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია მითითებული დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი, რადგან მას გააჩნია ლატენტური ხასიათი და მსგავსი კატეგორიის დანაშაულები მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა.
16. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008).
17. საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით.
18. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე