საქმე # 160100117001953990
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №27აპ-19 ქ. თბილისი
ზ–ი გ., 27აპ-19 12 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. რ–ისა და გ. ზ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
რ. რ–ისა და გ. ზ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ა–ე შესაგებლით ითხოვს პროკურორ გიორგი სახიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
რ. რ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. გ–ი შესაგებლით ითხოვს პროკურორ გიორგი სახიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - და რ. რ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდათ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ......ში არსებული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. რ–მ, რ. ზ–თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელში აიყვანა და ავტომანქანაში ჩასვა არასრულწლოვანი ზ. მ–ა, რითაც მას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით: რ. რ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,, დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. რ. რ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდა.
რ. რ–ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
გ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ზ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
გ. ზ–ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას გ. ზ–სა და რ. რ–ს მიმართ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ. ზ–სა და რ. რ–ს ქმედებების შეფასება არის მცდარი და დაუსაბუთებელი, სასამართლომ მათ მიერ ჩადენილი ქმედებები არასწორად შეაფასა და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
8. სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას გ. ზ–სა და რ. რ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
9. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში და დამთავრებულად ჩაითვლება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომენტიდან.
10. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ. მ–ამ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის - რ. რ–ს წინააღმდეგ, მაგრამ იგი დაიკითხა რ. ზ–თან მიმართებით და დაადასტურა, რომ მისი ნების წინააღმდეგ არ ჩაუსვამთ ა/მანქანაში. ფაქტი დაადასტურა ასევე ზ. მ–ას მამამ - ბ. მ–მ და განმარტა, რომ ქალიშვილმა უთხრა, რომ რ. რ–ს გაჰყვა ნებით. დაზარალებულის დამ - გ. მ–მ დაადასტურა, რომ ზ. მ–ას ჰქონდა გარკვეული გრძნობები რ. რ–ს მიმართ.
11. ავტომანქანის მძღოლმა ს. მ–მაც დაადასტურა, რომ მისმა მეგობარმა რ. რ–მ სთხოვა, რომ გაჰყოლოდა, ვინაიდან უნდა გაეთამაშათ მოტაცების როლი და ზ. მ–ა მოეყვანა ცოლად.
12. მოწმის სახით დაკითხულმა ს. მ–მ დაადასტურა, რომ ზ. მ–ა მშვიდად იყო, როდესაც ჩაჯდა ავტომანქანში და ვინაიდან გ. ზ–მა და რ. რ–მ წაიყვანეს, ჩათვალა, რომ მოიტაცეს, თორემ მათ რაიმე განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ.
13. აჯარ გრაჯოვას ჩვენების თანახმად, გ. ზ–სა და რ. რ–თან ერთად მას სახლში ესტუმრა ზ. მ–ა, ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ და ღამით მამამისის სახლში წაიყვანა დასაძინებლად, ხოლო მას შემდეგ, რაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ისინი გაიქცნენ.
14. სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხული სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, ისინი არ არიან იმ ფაქტის თვითმხილველნი, თუ როგორ ჩასვეს ზ. მ–ა ავტომანქანაში. ისინი იმეორებენ ს. მ–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
15. საქმის მასალების თანახმად, სასამართლო სხდომაზე რ. რ–სა და ზ. მ–ას სიყვარული დაადასტურეს როგორც რ. რ–ს, ასევე ზ. მ–ას ნათესავებმაც.
16. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 82-ე მუხლის მოთხოვნებს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16); ასევე იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხი გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).
18. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე