საქმე # 020100117002213433
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №80აპ-19 ქ. თბილისი
ჭ–ა ო., 80აპ-19 1 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ნონა თოლორაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ნონა თოლორაიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ო. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
გამართლებული ო. ჭ–ა შესაგებლით ითხოვს პროკურორ ნონა თოლორაიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ..............ის საავტომობილო გზის 294-ე კილომეტრზე, ს–ს რაიონის სოფელ .......ის ტერიტორიაზე, ქ.ზ–ის მიმართულებით მოძრავი ,,ფორდის’’ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...., რომელსაც მართავდა ო. ჭ–ა, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე. მ–ს, რომელმაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მაისის განაჩენით ო. ჭ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ო. ჭ–სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის N1/783- 17 განჩინებით დაყადაღებულ, მ. გ–ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ზ–ში, .......ას ქ. N..-ში, უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
გამართლებულ ო. ჭ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ო. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების (მათ შორის: სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები) საფუძველზე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ო. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან იგი ემყარება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და ტექნიკურ გამოთვლებს. დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილი არ არის, რა ტექნიკური გამოკვლევა ჩაატარა ექსპერტმა და რის საფუძველზე დაასკვნა, რომ მძღოლ ო. ჭ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
9. ზემოაღნიშნული დასკვნის ავტორმა ზ. გ–მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვეითი არ იყო საფრთხე, რადგან იგი ხაზთან იდგა და ამიტომ არ შეესაბამებოდა მძღოლის მოქმედება საგზაო მოძრაობის წესებს, ამასთან, მძღოლი ნაწილობრივ გადასული იყო საპირისპირო ზოლში. მანვე მიუთითა, რომ შეჯახების და ქვეითის დაცემის ადგილები იყო ერთი და იგივე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის ექსპერტების _ თ. ჭ–სა და დ. გ–ს ჩვენებების თანახმად კი, გამორიცხულია, რომ შეჯახების და დაცემის ადგილები ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. თუ ქვეითი უძრავად იდგებოდა ერთ ადგილზე, შეუძლებელია მას გვერდიდან დაჯახებოდა ავტომობილი, ასეთ შემთხვევაში, სარკეზე უნდა მომხდარიყო შეჯახება, რადგან სარკე ყველაზე გამოწეული ადგილია. მართალია, მოწმეებმა - ი. გ–მ და ნ. მ–მ მიუთითეს, რომ შეჯახებამდე ე. მ–ა გაჩერებული იყო გზის გამყოფ ხაზთან, თუმცა ამ ნაწილში მათი ჩვენებების მართებულობა უარყოფილია დაცვის მხარის ექსპერტების მიერ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოწმეთა ჩვენებებითვე დასტურდება, რომ დაზარალებულმა ე. მ–ამ უკნიდან მოუარა ი. გ–ს გაჩერებულ ავტომანქანას და შემდეგ დაიწყო გზის გადაკვეთა, რის გამოც ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ დროს ავტომანქანაში მსხდომ პირებს - ი. გ–სა და ნ. მ–ს დაენახათ, როგორ კვეთდა იგი გზას.
10. ასევე დაუსაბუთებელია ვერსია იმის თაობაზე, რომ შეჯახებამდე ო. ჭ–ს მიერ მართული ავტომობილი 0,7 მეტრით იყო გადასული საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რადგან აღნიშნული ვერსია ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას - აწ/გარდაცვლილ ი. გ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, რომელიც ამ ნაწილში დამაჯერებლობასაა მოკლებული, ვინაიდან, გაუგებარია როგორ დაადგინა მოწმემ, რომ ო. ჭ–ა 0,7 მეტრით იყო გადასული საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ამ გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
11. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ ნონა თოლორაიას მითითებას საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, როგორიცაა ო. ჭ–ს მიერ მართული ავტომობილის მოძრაობის მიმართულება, ქვეითის (ე. მ–ს) მოძრაობის მიმართულება და მის მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის ადგილი, ქვეითზე დაჯახების ადგილი. ექსპერტმა ზ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - შეჯახების ადგილი მიუთითა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან და ამავე დადგენილებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან აიღო შეჯახებამდე ო. ჭ–ს მართული ავტომობილის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის მანძილი - 0,7 მეტრი.
12. ამდენად, გამომძიებლის დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს, რომ შეჯახებამდე ო. ჭ–ს მართული ავტომობილი დაახლოებით 0,7 მეტრით იყო გადასული საპირისპირო მოძრაობის ზოლში და რომ შეჯახებისას ქვეითი (ე. მ–ა) გზის გამყოფ ღერძულა ხაზთან იყო გაჩერებული უმოძრაოდ, არ გააჩნია მტკიცებულებითი საფუძველი, რის გამოც ამ მოცემულობის გათვალისწინებით ჩატარებული ექსპერტიზაც მოკლებულია დამაჯერებლობას.
13. საქმეში არსებული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასაბუთებულად გამოირიცხა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებები და ო. ჭ–ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, კერძოდ:
14. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მიხედვით, ავტომობილისა და ქვეითის კონტაქტის ადგილად მიჩნეულია ქვეითის სხეულის საბოლოოდ განთავსების ადგილი, კერძოდ, ქვეითის თავის მიდამო, სადაც აღმოჩნდა სისხლის გუბე. აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა საქმეში არსებულ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში. ავტოტექნიკური კვლევის მეთოდიკა არასდროს არ აიგივებს შეჯახების ადგილს ქვეითის სხეულის საბოლოოდ განთავსების ადგილთან, პირიქით, სხეულის საბოლოოდ განთავსების ადგილი არასდროს არის შეჯახების ადგილი, შეჯახების შედეგად ქვეითის სხეულის ,,დატრიალებას, დაბზრიალებას“ თითისტარივით და იმავე ადგილზე დავარდნას არც პრაქტიკა იცნობს და არც თეორია. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილისა და ქვეითის კონტაქტის მექანიზმიდან გამომდინარე, ქვეითზე იმოქმედებდა (ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით) უკნიდან წინ და მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი ძალები, ამავდროულად წარმოიქმნებოდა წყვილძალა. აღნიშნული ძალები შეჯახების შედეგად ქვეითის სხეულს გადააადგილებდნენ უკან, შემხვედრი მოძრაობის ზოლისაკენ და მარცხნივ, ავტომობილის მოძრაობის მიმართულებით, ამავდროულად, წყვილძალის გავლენით, ქვეითის სხეული შეასრულებდა ბრუნვით მოძრაობას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ე.ი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ქვეითის სხეული საბოლოოდ განთავსდა გზის გამყოფი ხაზის მიდამოში (სადაც აღმოჩენილია სისხლის გუბე), ურთიერთკონტაქტი ავტომობილსა და ქვეითს შორის მოხდა სისხლის გუბიდან უკან და ქვეითის მოძრაობის მიმართულების მიხედვით წინ, ე.ი შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის სავალ ზოლში. მოწმე ი. გ–ს განმარტებით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, რომელსაც მართავდა ო. ჭ–ა, მოძრაობდა ნაწილობრივ 0,7 მეტრით გადასული შემხვედრი მოძრაობის ზოლზე; როდესაც იგი მიუახლოვდა გზის გამყოფ ხაზთან მდგარ ქვეითს, ე. მ–ს 2-3 მეტრით, მძღოლმა ო. ჭ–ამ საჭე მკვეთრად მომართა მარჯვნივ, ავტომობილი წინა ნაწილით გასცდა ქვეითს და ავტომობილის მარცხენა გვერდითი ნაწილი ძარის ბორტის დასაწყისით შეეჯახა მას. 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს 2-3 მეტრში შეუძლია გადაინაცვლოს 0,1-0,15 მეტრით, რაც, ცხადია, ბევრად ნაკლებია 0,7 მეტრზე, ე.ი მოწმე ი. გ–ს განმარტება, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება ავტომობილის ტექნიკურ შესაძლებლობას, ასეთ პირობებში ავტომობილი ქვეითს წინა ნაწილით უნდა შეჯახებოდა, რაც ფაქტობრივად არ მომხდარა.
15. გარდა ამისა, თუ ქვეითი უშუალოდ შეჯახების წინ იდგა და არ მოძრაობდა, მისი კონტაქტი ავტომობილთან პირველ რიგში სარკესთან უნდა მომხდარიყო (რომელიც ავტომობილის გაბარიტიდან 25-30 სანტიმეტრითაა გამოსული), რაც, ცხადია, გამოიწვევდა სარკის დამჭერი დეტალების დეფორმაციას. გარდა ამისა, გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ ქვეითს სარკესთან კონტაქტი გადაანაცვლებდა უკან და ავტომობილის შემდგომი კონტაქტი ქვეითის სხეულთან გამორიცხული იქნებოდა, რაც ფაქტობრივად არ მომხდარა. ამდენად, ცხადია რომ მოწმე ი. გ–ს განმარტება მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის შესახებ არ შეესაბამება ფაქტობრივს. განვითარებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილისა და ქვეითის კონტაქტი მომხდარია არა გზის გამყოფ ხაზთან, არამედ - შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის სავალ ზოლში. უშუალოდ შეჯახების მომენტში ქვეითი მოძრაობდა მინიმუმ 8 კმ/სთ სიჩქარით, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის შეჯახება ქვეითთან უკანა ხედვის სარკით მოხდებოდა.
16. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის განმარტებას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტი შემთხვევის შესახებ, ტექნიკური თვალსაზრისით, მთლიანად შეესაბამება მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმს, კერძოდ: შეჯახება მომხდარია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის სავალ ზოლზე, ქვეითი შეჯახებამდე მოძრაობდა მაღალი სიჩქარით.
17. იმავე დასკვნის მიხედვით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტებმა გამოიანგარიშეს ტექნიკური თვალსაზრისით შეძლებდა თუ არა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი ო. ჭ–ა მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას, რის შედეგადაც ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეითი მძღოლის მხედველობის არეში, მისი გამოჩენიდან შეჯახების ადგილამდე არსებულ მანძილს დაფარავდა 0,8 წამში. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დრო იქნებოდა ავტომობილ „ფორდის“ მძღოლის - ო. ჭ–ს განკარგულებაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ, როცა ასეთ პირობებში მძღოლს მხოლოდ რეაქციაზე ესაჭიროება 0,8 წამი. გარდა ამისა, მუხრუჭების აღსაძრავად საჭიროა 0,2 წამი.
18. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში მძღოლი ო. ჭ–ა ქვეითზე შეჯახებამდე დამუხრუჭების დაწყებასაც ვერ მოასწრებდა. ცხადია, ასეთ პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ო. ჭ–ა, ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
20. ამდენად განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ნონა თოლორაიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე