საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№176აპ-19 ქ. თბილისი
შ-ი კ-რ, 176აპ-19 16 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. შ-ს, – ი. კ-ეს, – - და კ. მ-ს, –– ბრალად დაედოთ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ხოლო კ. შ-ს,– ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 28 მარტს ქ. თ-ში, ვ-ას გამზ. №--ში მდებარე სილამაზის სალონ „მ. ა-ში“, კ. შ-მა, კ. შ-მა, ი. კ-ემ და კ. მ-მა წინასწარი შეთანხმებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ე. ს-ს და იქ მყოფ პირებს, კერძოდ, კ. შ-ი ხელებისა და ფეხების თავისა და სხეულის არეში მრავალჯერ დარტყმით, ხოლო კ. შ-ი, ი. კ-ე და კ. მ-ი – ხელთ ნაქონი ხელკეტების გამოყენებით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ე. ს-ს, რითიც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. მათი მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიადგათ ე. ს-ს, ვ. ფ-სა და თ. ლ-ს, ხოლო სილამაზის სალონმა შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით კ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლზე და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 29 მარტიდან იმავე წლის 6 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით; კ. შ-ის, ი. კ-ისა და კ. მ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლზე და თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 31 მარტიდან იმავე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ კ. შ-მა, ი. კ-ემ, კ. მ-მა და კ. შ-მა ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 28 მარტს ქ. თ-ში, ვ-ას გამზ. №--ში მდებარე სილამაზის სალონ „მ. ა-ში“, კ. შ-მა, კ. შ-მა, ი. კ-ემ და კ. მ-მა პირადი უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ე. ს-ს, კერძოდ, კ. შ-ი ხელებისა და ფეხების თავისა და სხეულის არეში მრავალჯერ დარტყმებით, ხოლო კ. შ-ი, ი. კ-ე და კ. მ-ი – ხელთ ნაქონი ხელკეტების გამოყენებით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ე. ს-ს, რის გამოც მან მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლევან კოპალიანმა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: კ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო კ. შ-ის, ი. კ-ისა და კ. მ-ის – სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით აშკარაა, რომ მათ ჩაიდინეს ხულოგნობა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ხულიგნობის დროს პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. თუ პირის შეგნება არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა რომც მოჰყვეს, ხულიგნობა მაინც არ გამოიკვეთება. დამნაშავის მოტივი ხულიგნობის ჩადენის დროს არის საზოგადოებასთან დაპირისპირება, იმის დამტკიცება, რომ გაბატონებული ზნეობრივი ნორმები მისთვის არაფერს ნიშნავს.
11. მოცემულ საქმეში, მართალია, დანაშაული ჩადენილია სილამაზის სალონში, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულები და დაზარალებული ერთმანეთს იცნობდნენ, ჰქონდათ მეგობრული და ფინანსური ურთიერთობა, მსჯავრდებულებს დაზარალებულის მიმართ ამოძრავებდათ პირადი მოტივი, ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მხოლოდ ე. ს-ს, სალონში მყოფი სხვა პირების მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუხატავთ და შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულებს არ ჰქონდათ საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება და მათი მოქმედება მიმართული იყო მხოლოდ ე. ს-ისაკენ.
12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში მსჯავრდებულთა ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ხულიგნობის შემადგენლობის არსებობაზე მსჯელობისათვის არავითარი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №109აპ-10, №207აპ-08).
13. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი