საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #185აპ-19 ქ. თბილისი
კ-ე გ-ი-185აპ–19 2 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით გ. კ-ე, –და ე. გ-ი,– დაუსწრებლად ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით (1961 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულებს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. კ-ესა და ე. გ-ს ბრალი დაედოთ ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 1994 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ. კ-ე, წინასწარი შეთანხმებით ე. გ-თან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ-ის რაიონში, სოფელ მ-ში არსებულ ჩაის პლანტაციებში დაბა ო-დან დაბა მ-ეს მიმართულებით გამავალ საავტომობილო გზაზე, ა. გ-ოს. მათ დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოინდომეს მისი კუთვნილი ავტომანქანისა და ფულადი თანხის წართმევა, მაგრამ დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო განზრახვის შესრულება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. კ-ისა და ე. გ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით (1961 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულისათვის – 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
5. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ-ისა და ე. გ-ის უდანაშაულობის შესახებ და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დადასტურდა გ. კ-ისა და ე. გ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
7. ასეთ მოცემულობაში, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი – „in dubio pro reo“ ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №570აპ-16).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი