საქმე # 210100118002381361
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №188აპ-19 ქ. თბილისი
დ–ი გ., 188აპ-19 27 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბაქარ შიოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ–ი შესაგებლით არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას გასაჩივრებული განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით.
მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. დ–ს გამართლებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. დ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის წევრის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც პირს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს; ოჯახის წევრის იძულება, ანუ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წელს ..........ოს რაიონის სოფელ .....ში მცხოვრები ნ. ს–ი ცოლად გაჰყვა თანასოფლელ გ. დ–ს და საცხოვრებლად გადავიდა ამ უკანასკნელის სახლში. შეუღლებიდან 6 წლის შემდეგ, ნ. ს–ს სრულწლოვანების დროს, გ. დ–ი მას აიძულებდა, ტელეფონით დაერეკა უცხო მამაკაცებთან, ესაუბრა მათთან ინტიმურ თემებზე და შეეთავაზებინა სქესობრივი კავშირი, უარის მიღების შემთხვევაში გ. დ–ი სცემდა მეუღლეს, რითაც ნ. ს–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მიუხედავად ამისა, გ. დ–ი თანაცხოვრების პერიოდში განაგრძობდა მეუღლის დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, კერძოდ, აიძულებდა მას გაშიშვლებულიყო და ე.წ. „მესენჯერის“ საშუალებით ჰქონოდა მიმოწერა უცხო მამაკაცებთან და ესაუბრა მათთან როგორც ინტიმურ თემებზე, ასევე შეეთავაზებინა მათთვის სქესობრივი კავშირი, რაც ნ. ს–სთვის იყო ღირსებისა და პატივის შემლახველი და იწვევდა მის მორალურ ტანჯვას, თუმცა ოჯახის შესანარჩუნებლად იძულებული იყო, აეტანა მისი არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება. ვინაიდან მეუღლის მხრიდან ნ. ს–ს დამცირებამ მიიღო სისტემატური და გაუსაძლისი ხასიათი, 2017 წლის ოქტომბერში იგი დაშორდა გ. დ–ს და დაბრუნდა მშობლების საცხოვრებელ სახლში.
გ. დ–ს მხრიდან განხორცილებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო, 2017 წლის ოქტომებში ნ. ს–ი დაშორდა ........ოს რაიონის სოფელ ......ში მცხოვრებ მეუღლეს და საცხოვრებლად გადავიდა ამავე სოფელში მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში. ნ. ს–ს მშობლებთან დაბრუნების შემდეგ, გ. დ–ი ყოფილ მეუღლესთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ სატელეფონო კომუნიკაციას, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით აძალებდა ცოლს მასთან დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა მამის დაჭერით და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, მასთან დაბრუნების მიზნით ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიური ზემოქმდების მოსახდენად, გ. დ–ი სისტემატურად სჩადიოდა სხვა განზრახ ქმედებებს, რაც გამოიხატებოდა ნ. ს–ს მამის წინააღმდეგ სამართალდამცავ ორგანოებში შეტყობინების გაგზავნაში, მისი მშობლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და მათი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ხმოვანი პისტოლეტის სროლაში, რაც იწვევდა ნ. ს–ს ფსიქიკურ ტანჯვას და უკანონოდ უზღუდავდა ქმედების თავისუფლებას, თავისი შეხედულებით მიეღო გადაწყვეტილება ქმართან დაბრუნების თაობაზე.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:
გ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
გ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. დ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 14 თებერვლიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გ. დ–ს გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
7. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. დ–ი ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულებები, რაც მხარეებმა წარმოადგინეს გ. დ–ს საქმის განხილვისას, არ იყო საკმარისი საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები შეესაბამებოდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილს.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, თუ ის არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით ვერ დაადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ფიზიკურ ძალადობას დაზარალებულზე. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ს–ის განცხადებით, წლების მანძილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მიუხედავად მას დასახმარებლად არ მიუმართავს არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის და არც სამედიცინო დაწესებულებისთვის; გ. დ–ს მიერ მისთვის მიყენებული დაზიანებები ნანახი აქვს მხოლოდ დედამთილს - რაც ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა ამ უკანასკნელმა; აღნიშნული არ დასტურდება არც მოწმეთა ჩვენებებით.
10. იმავდროულად, მსჯავრდებულ გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ. ს–ს, გ. ს–ს, ფ. ა–ის, გ. ს–ის, დ. ა–ის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, მობილური ტელეფონის ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, შემაკავებელი ორდერებითა (2017 წლის 20 დეკემბერს გ. დ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი №.... და 2017 წლის 9 ოქტომბერს ასევე მსჯავრდებულის მიმართ გამოცემული №.... შემაკავებელი ორდერი) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მშობლებთან დაბრუნების შემდეგ, გ. დ–ი ყოფილ მეუღლესთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ სატელეფონო კომუნიკაციას, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით აძალებდა მასთან დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა მამის დაჭერით და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლის მოსპობით (გ. დ–ს შეტყობინებების საფუძველზე ორჯერ დაიწყო გამოძიება გ. ს–ს მიმართ, რაც შემდეგ შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო).
12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე