Facebook Twitter

საქმე # 190100115001185369

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №202აპ-19 ქ. თბილისი

ს–ი ე., 202აპ-19 5 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის, მსჯავრდებულ ე. ს–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ხატია გოგრიჭიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ე. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მსჯავრდებული ე. ს–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ე. ს-ს გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დაშინება და იძულება ანდა პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის აპრილიდან ამავე წლის 19 აგვისტომდე, მცირეწლოვანი (9 წლის) კ. ს–ი იმყოფებოდა მამასთან - ე. ს–სთან საცხოვრებელ სახლში, გ–ს რაიონის სოფელ ............ში. ვინაიდან, ე. ს–ი და მისი მეუღლე ნ. ს–ა იყვნენ განქორწინებულები, იგი ამ პერიოდის განმავლობაში კ. ს–ს უკრძალავდა დედასთან წასვლას და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე სცემდა და აიძულებდა, დედამისის შეგინებასა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რასაც ე. ს–ი დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამო არ ახორციელებდა. აღნიშნულზე განაწყენებული ე. ს–ი განაგრძობდა კ. ს–ისათვის შეურაცხყოფის მიყენებას, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ხელებისა და ფეხების გამოყენებით უზიანებდა ჯანმრთელობას და უკრძალავდა საკვების მიღებას, რის გამოც დაზარალებული იძულებული ხდებოდა საკვები მიეღო მალულად. ასევე, 2015 წლის 12 აგვისტოს, საღამო ხანს ე. ს–მ კ. ს–ს მოთხოვა ეღიარებინა მეზობლად მდებარე თ. ს–ს საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების ქურდობის ფაქტი. ამის შემდეგ წაიყვანა პოლიციაში, სადაც კ–ს უნდა ეთქვა, რომ მან მოიპარა ყველაფერი რასაც პოლიციაში კითხავდნენ. მას შემდეგ, რაც კ. ს–მ არ დაიბრალა დანაშაული, ე. ს–მ ქურდობის ფაქტის აღიარების მიზნით, განახორციელა დაზარალებულის წამება, კერძოდ: ძალით მიიყვანა ეზოს კართან, მაისურით ჩამოკიდა კარის რკინის გისოსებზე და ანთებული სიგარეტის ღერების მრავალჯერადი მოქმედებით მუცლისა და მკერდის არეში მიაყენა მრავლობითი თერმული დაზიანება. ვინაიდან, კ. ს–მ, კვლავ არ აღიარა ქურდობის ფაქტი, ე. ს–მ ძალადობით განაგრძო მისი შეურაცხყოფა და მიანარცხა საცხოვრებელი სახლის კედელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაკარგა გონება. ე. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, კ. ს–ი სისტემატიურად და მთელი ამ ხნის განმავლობაში განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რის შემდეგაც აღიარა მის მიერ თ. ს–ს საცხოვრებელი სახლის ვითომდა გაქურდვის ფაქტი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით:

ე. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე” ქვეპუნქტებზე.

ე. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ე” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 11 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

გაუქმდა ე. ს–ს მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - გირაო.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის აგვისტოში, ე. ს–მ, თ. ს–ს სახლის ქურდობასთან დაკავშირებით, არასრულწლოვან კ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მას სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თავში, რითაც კ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ე. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით, ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორები არ უთითებენ არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ყოველი სახის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ ე. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო სწორად მიიჩნევს ე. ს–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 111,144-ე მუხლი) სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ე” ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირებას.

9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ე. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ე” ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან დაკავშირებით; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ე. ს–ს ბრალეულობა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის.

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ საჩივრებში მითითებულ მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივრებშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „Georgiadis v. Greece“, N21522/93, 29/05/1997, §43).

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თითოეული ბავშვის უფლებაა საკუთარი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ისარგებლოს დაცვის ისეთი მექანიზმებით, რაც აუცილებელია მისი, როგორც მცირეწლოვანის სტატუსის შესაბამისად.

12. ეროვნული კანონმდებლობის, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული პრაქტიკის კვალდაკვალ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათის; ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენით იმ გარემოში, სადაც არასრულწლოვანი თავს უნდა გრძნობდეს ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ; ოჯახის წევრების ვალდებულებების გათვალისწინებით - დაირღვა ბავშვის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში, თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტული უფლება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის, მსჯავრდებულ ე. ს–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე