ბს-1291-866(კ-05) 20 აპრილი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ს-მა და ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, ი. ს-ას მიმართ და მოითხოვეს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 25.08.04წ. ¹7.6.220 დადგენილების ბათილად ცნობა, მოპასუხე ი. ს-ას სახელზე გამოწერილი ორდერის ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ........ ქ ¹35-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსარჩელეთა საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქ. თბილისში მომხადარი მიწისძვრის დროს დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისში, ....... ქ ¹105-ში. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 08.05.02წ. ¹868 დასკვნის თანახმად, სახლს მიენიჭა მეორე კატეგორიის III და IV პუნქტებით გათვალისწინებული დაზიანებათა ხარისხი. აღნიშნულის გამო 28.05.02წ. იმყოფებიან აღრიცხვაზე მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში. მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, ......... ქ. ¹35-ში მდებარე სახლის მეორე სადარბაზოს ¹15 ბინაში გარდაიცვალა მარტოხელა ქალბატონი, მისი ბინა, როგორც უმკვიდრო, ჩარიცხული იქნა სახელმწიფოს საბინაო ფონდში, რის გამოც აღნიშნული საცხოვრებელი ბინის, მათთვის, როგორც მიწისძვრით დაზარალებულთათვის საკუთრებაში გადმოცემის მოთხოვნით 25.03.04წ. მიმართეს ქ. თბილისის მერიას.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა გამგეობამ იმსჯელა 25.08.04წ. დასმულ საკითხთან დაკავშირებით და ¹7.6.220 დადგენილებით ბინა გადასცა ი. ს-ას, რითაც გამგეობამ უხეშად დაარღვია ქ. თბილისის საკრებულოს 09.09.03წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული «ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის» მოთხოვნები, რომლის თანახმად მათ გააჩნდათ უპირატესი უფლება სადავო ბინაზე.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 30.12.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 25.08.04წ. ¹7.6.220 დადგენილება და მის შესაბამისად 17.09.04წ. ........ გამზირი‚ ¹35, ბინა ¹14-ის საცხოვრებელ სადგომზე გაცემული ორდერი ¹....... ი. ს-ას სახელზე ცნობილი იქნა ბათილად. სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში ......... გამზ ¹35, ბინა 14 მოსარჩელეებს ლ. ს-სა და ლ. მ-ს უნდა გადაეცეთ კანონით დადგენილი წესით. ამავე სასამართლოს 21.02.05წ. განჩინებით ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 30.12.04წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მე-2ა ქვეპუნქტად დაემატა შემდეგი: «უარი ეთქვათ მოსარჩელეებს ლ. ს-ს, ლ. მ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბინის საკუთრებაში გადაცემისა და სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლობის გამო».
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 30.12.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.06.05წ. საოქმო განჩინებით, სასკ მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად იქნენ ჩართული ვაკე-საბურთალოს გამგეობის 25.08.04წ. დადგენილებაში მითითებული ფიზიკური პირები ბ. ბ-ე, ლ. მ-ე, გ. ც-ი, ა. ხ-ა, ლ. მ-ი და მ. მ-ი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 30.12.04წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება _ მოსარჩელეების ლ. ს-ისა და ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 25.08.04წ. ¹7.6.220 დადგენილება და მის საფუძველზე გაცემული 17.09.04წ. ორდერი ი. ს-ას სახელზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობის სადავო დადგენილება დაუსაბუთებელია, იგი არ პასუხობს სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, მასში არ არის მითითებული ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე, ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამგეობას სადავო აქტში უნდა მიეთითებინა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაესაბუთებინა თუ რატომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბინა უნდა გამოეყოს სწორედ ი. ს-ას. საოლქო სასამართლოს მითითებით, ....... ქ. ¹35-ში მდებარე ბინას ითხოვდა გ. უ-ე, ი. ს-ას მეუღლე, ხოლო საბინაო კომისიამ ბინა მიაკუთვნა ი. ს-ას. საბინაო კომისიის გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობის გამო გამგეობას გადაწყვეტილების მიუღებლად საკითხი ხელახლა გამოსაკვლევად უნდა დაებრუნებინა საბინაო კომისიისთვის. რაიონული სასამართლო ვერ გადასცემდა ბინას მოსარჩელეს, ვინაიდან, მოქმედი წესების თანახმად, მოქალაქისთვის ბინის გადაცემის წესი თავდაპირველად ითვალისწინებს საკითხის საბინაო კომისიაზე შესწავლას, ხოლო შემდეგ მიღებული წინადადების წარდგენას გამგეობისათვის დასამტკიცებლად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ პირობებში, სასკ-ის 32.4-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დავალების შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სზაკ-ის მე-4 თავში გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის მიღებისათვის დაწესებული პროცედურების დაცვით უნდა უზრუნველყოს საბინაო კომისიის მიერ საკითხის განხილვა, რომელმაც თავისთავად, მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა განიხილოს ყველა მოქალაქის განცხადება, იმსჯელოს მოქალაქეთა განცხადებების საფუძვლიანობაზე, გამოიკვლიოს და გადაამოწმოს მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისი წინადადება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს გამგეობას, რომელმაც საბინაო კომისიის მიერ წარდგენილი წინადადების განხილვისა და იმის გადამოწმების შედეგად თუ რამდენად შეესაბამება კომისიის წინადადება მოქმედ კანონმდებლობას, სათანადო დასაბუთებით უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
საოლქო სასამართლოს მითითებით, საკითხის ხელახალი განხილვისას გამგეობამ უნდა იხელმძღვანელოს «ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესით», რომლის მე-12 მუხლის «ა» პუნქტის შესაბამისად ბინის განაწილებისას პრიორიტეტი ენიჭება ოჯახებს, რომელთა ბინა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა სტიქიური მოვლენების გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ს-ისა და ლ. მ-ის მიერ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორები აღნიშნავენ, რომ გამგეობის სადავო დადგენილების გაუქმებითა და გამგეობისთვის საკითხის ხელახლა განსახილველად გადაცემით სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და აპელანტს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, რითაც დაარღვია 248-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, გამგეობის წარმომადგენელს არ გააჩნდა სპეციალური უფლებამოსილება საიმისოდ, რომ მოეთხოვა გამგეობის სადავო დადგენილების გაუქმება და საკითხის გამგეობისათვის ხელახლა განსახილველად გადაცემა. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით სასამართლომ აღიარა სარჩელის საფუძვლიანობა. კასატორის განმარტებით, რაიონული სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, რაიონის გამგეობას დაევალა სადავო ბინის სწორედ მოსარჩელეთათვის გადაცემა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ანუ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 30.12.04წ. გადაწყვეტილებას. სააპელაციო პალატის და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებს შორის არანაირი სხვაობა არ არის. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად უკეთესად არის დასაბუთებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სააპელაციო პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 30.12.04წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ან საქმის შესაბამისი მითითებებით სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის და ი. ს-ას წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის გამო მხარი არ დაუჭირა საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ბ. ბ-ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და საკასაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო დადგენილების გაუქმებით და საკითხის ხელახლა განსახილველად გამგეობისთვის გადაცემით სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად, დავის საგანს განსაზღვრავენ მხარეები. სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით და უფლება არა აქვს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ მოუთხოვია. განსახილველ შემთხვევაში სადავოა ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის (ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის დადგენილების) კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ბათილად ცნო აღნიშნული დადგენილება და რაიონის გამგეობას დაავალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სწორედ სადავო აქტის კანონიერების თაობაზე და სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება. მართალია აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს არა დავის საგანს, არამედ აპელანტის განაცხადს. სასამართლო ასეთი განაცხადით არ არის შებოჭილი და კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, კერძოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემისას, სასამართლო უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ გამგეობის წარმომადგენელს არ გააჩნდა სადავო დადგენილების გაუქმების და საკითხის ხელახლა განსახილველად გადაცემის მოთხოვნის სპეციალური უფლებამოსილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 25.08.04წ. ¹7.6.220 დადგენილება და მის საფუძველზე გამოცემული 17.09.04წ. ¹....... ორდერი ბათილად იქნა ცნობილი არა გამგეობის სააპელაციო საჩივრის, არამედ ლ. ს-ისა და ლ. მ-ის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობით სასამართლოს მიერ მთლიანად იქნა აღიარებული სარჩელის საფუძვლიანობა, ვინაიდან სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება არ გამორიცხავს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას გამოსცეს ისეთი ან განსხვავებული აქტი.
კასატორების მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ არ ემყარება საპროცესო კანონმდებლობის ნორმებს, ვინაიდან სსკ-ის 391.1 მუხლის თანახმად‚ საკასაციო პალატა უფლებამოსილია‚ იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 21.02.05წ. განჩინებით, სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, 30.12.04წ. გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა შესწორება, რის შედეგადაც მოსარჩელეებს ლ. ს-სა და ლ. მ-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბინის საკუთრებაში გადაცემისა და სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლობის გამო. ამდენად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს, ერთის მხრივ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2 «ა» პუნქტით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მე-3 პუნქტით დადგინდა მოსარჩელეებისათვის კანონით დადგენილი წესით სადავო ბინის გადაცემა. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილებები არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებისათვის ბინის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არა მხოლოდ კასატორების, არამედ ყველა იმ ოჯახების საბინაო პირობების შესწავლას, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ხსენებულ საცხოვრებელ ფართზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დაწესებული პროცედურის დაცვით უნდა უზრუნველყოს საბინაო კომისიის მიერ საკითხის განხილვა, რომელმაც მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა განიხილოს ყველა მოქალაქის განცხადება, იმსჯელოს განცხადებების საფუძვლიანობაზე, გამოიკვლიოს და გადაამოწმოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თავისი წინადადება გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს გამგეობას, რომელიც საბინაო კომისიის მიერ წარდგენილი წინადადების განხილვისა და კომისიის წინადადების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმების შემდეგ უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა სსკ-ის 47-ე მუხლის I-ლი ნაწილის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. მ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.