Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№203აპ-19 ქ. თბილისი

ა. გ-ი, 203აპ-19 22 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – ზინიკო ქობალიასა და მსჯავრდებულ გ. ა-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ა-ამ, –ჩაიდინა: ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა-შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად; ხოლო ვ. ს-ემ, - – ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა-შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წელს გ. ა-ამ, ვ. ს-ესა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების, დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, განიზრახა ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება.

· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის სხვადასხვა პერიოდში გ. ა-ამ და ლაშა მიქაიამ დააფუძნეს შპს „გ. -“, ხოლო გ. ა-ამ, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დახმარებით, მ. რ-ას, დ. შ-სა და ვ. ჩ-ას დააფუძნებინა შპს „გ.ი -“, შპს „მ. -“ და შპს “დ. კ-ი“, რომლებსაც ფაქტობრივად ფლობს გ. ა-ა.

· გ. ა-ამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, ხე-ტყის ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, 2015 წლის 13 და 14 აგვისტოს შპს “დ. კ-ის“ სახელით შპს „გ. --ს“, შპს „გ.ი --ს“, შპს „მ. --ს“ და შპს „ხ. --ს“ გამოუწერა სასაქონლო ზედნადებები: ----------------------, რომლებშიც რეალიზებულად აჩვენა 1 316 554 ლარად ღირებული ხე-ტყე.

· ასევე, ხე-ტყის ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, 2015 წლის 29 სექტემბრიდან იმავე წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში, შპს „გ. --ის“ სახელით შპს „გ.ი --ს“, შპს „მ. --სა“ და შპს „ხ. --ს“ გამოუწერა 37 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები თანხით – 1 737 514 ლარი.

· გ. ა-ამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, 2015 წლის 8 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, შპს “ე. ---ს“, შპს „გ. --ის“ სახელით ---- ყალბი სასაქონლო ზედნადებებით მიაწოდა 17 კუბური მეტრი ხე-ტყე, რა დროსაც წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა თითქოსდა შპს „გ.ი --სგან“ მიღებული ხის მასალა.

· გ. ა-ამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, შპს „გ. --ის“, შპს „გ.ი --ისა“ და შპს „მ. --ის“ სახელით შპს „სეგის“ გამოუწერა ყალბი სასაქონლო ზედნადებები: ----. სასაქონლო ზედნადებებში წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებად კი მიუთითა შპს „გ. ---სა“ და შპს “დ. კ-ისაგან“ თითქოსდა შეძენილად ნაჩვენები ხე-ტყე.

· გ. ა-ამ 2015 წლის 17 ოქტომბერს შპს „მ. ---ის“ სახელით გამოწერა -- ყალბი სასაქონლო ზედნადები 20 კუბური მეტრი ხე-ტყის მიწოდებაზე, რა დროსაც წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა თითქოსდა შპს „გ. --სგან“ შეძენილი ხე-ტყე.

· გ. ა-ამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, 2015 წლის 8 სექტემბრიდან იმავე წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, შპს „გ. --ის“ სახელით შპს „c. g--ზე“ გამოწერილი ყალბი ------- სასაქონლო ზედნადებებით მოახდინა 221 კუბური მეტრი ხე-ტყის მიწოდება. სასაქონლო ზედნადებებში წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა თითქოსდა შპს „გ. --სა“ და შპს “დ. კ-ისაგან“ შეძენილი ხე-ტყე.

· გ. ა-ამ და ვ. ს-ემ წინასწარი შეთანხმებით 2015 წლის 2 ოქტომბერს დაამზადეს -- სასაქონლო ზედნადები, რომ თითქოსდა, შპს „მ. --მა“ შპს „კ. ი-ს ე. დ-ს“ მიაწოდა 6120 ლარად ღირებული 12,75 კუბური მეტრი ხის მასალა. 2015 წლის 4 ოქტომბერს დაამზადეს -- სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც, თითქოს შპს „მ. --მა“ შპს „კ. ი-ს ე. დ-ს“ მიაწოდა 5 496 ლარად ღირებული 11,45 კუბური მეტრი ხის მასალა. 2015 წლის 24 ოქტომბერს დაამზადეს -- სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც, თითქოს შპს „მ. --მა“ შპს „ი-ს“ მიაწოდა 2 400 ლარად ღირებული 5 კუბმეტრი ხის მასალა. მითითებული ყალბი დოკუმენტები ვ. ს-ემ გამოიყენა აღურიცხავი ხის მასალის რეალიზაციისას.

· 2015 წლის სხვადასხვა პერიოდში გ. ა-ამ, დაუსაბუთებელ ქონებაზე წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, დააფუძნა შპს „გ. -“, სადაც დამფუძნებლად ფიქციურად დაფიქსირდა გ. ა-ასთან დაახლოებული პირი ლ. მ.. გ. ა-ამ ანალოგიური ხერხით მ. რ-ას, დ. შ-სა და ვ. ჩ-ას დააფუძნებინა შპს „გ.ი -“, შპს „მ. -“ და შპს “დ. კ-ი“. საზოგადოების დაფუძნების დღიდან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას წარმართავს და მიღებულ შემოსავლებს განკარგავს გ. ა-ა, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. გ. ა-ამ, ვ. ს-ემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა განიზრახეს დაუსაბუთებელი შემოსავლების – ხე-ტყისათვის – კანონიერი სახის მიცემა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. ა-ა, ვ. ს-სა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, მათ მიერ დაფუძნებული ზემოაღნიშნული საზოგადოებების სახელით, ერთმანეთს უწერდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებებს, რომლებშიც აფიქსირებდნენ ხე-ტყის მიწოდების ფაქტებს. მითითებულ შპს-ებს ხე-ტყის კანონიერი მოპოვების რაიმე დოკუმენტი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, საზოგადოებებს ყალბად შეუქმნეს ხე-ტყის მიწოდების აქტივი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების საფუძველზე შექმნილ აქტივს იყენებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რეალიზაციისას, რითიც კანონიერ სახეს აძლევდნენ დაუსაბუთებელ ქონებას (ხე-ტყეს) და მალავდნენ მისი წარმოშობის წყაროს. მითითებული ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა რეალიზაცია გაუკეთეს 1 412 268 ლარად ღირებულ 3 289,53 კუბმეტრ უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს.

· გ. ა-ამ და ვ. ს-ემ განიზრახეს დაუსაბუთებელი შემოსავლებისათვის (ხე-ტყისათვის) კანონიერი სახის მიცემა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. ა-ამ, ვ. ს-ესთან წინასწარი შეთანხმებით, შპს „მ. --ის“ სახელით, რომელსაც ხე-ტყის კანონიერი მოპოვების რაიმე დოკუმენტი არ ჰქონდა, სხვადასხვა მეწარმე-სუბიექტს მიაწოდეს 14 016 ლარად ღირებული 29,01 კუბური მეტრი ხე-ტყე, წარმოშობის დოკუმენტებად მიუთითეს ყალბი მონაცემები, რითიც კანონიერი სახე მისცეს დაუსაბუთებელ ქონებას (ხე-ტყეს) და შენიღბეს მისი წარმოშობის წყარო.

· ამდენად, გ. ა-ამ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით: ვ. ს-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში; გ. ა-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 25-ე,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 30 400 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 9 დეკემბრიდან იმავე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 30 000 ლარი. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ვ. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში; გ. ა-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 30 400 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 9 დეკემბრიდან იმავე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 30 000 ლარი. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ა-ამ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის სხვადასხვა პერიოდში გ. ა-ამ და ლ. მ-ამ დააფუძნეს შპს „გ. -“, ხოლო გ. ა-ამ, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დახმარებით, მ. რ-ას, დ. შ-სა და ვ. ჩ-ას დააფუძნებინა შპს „გ.ი -“, შპს „მ. -“ და შპს “დ. კ-ი“, რომლებსაც ფაქტობრივად ფლობდა გ. ა-ა. გ. ა-ამ, ზემოაღნიშნული შპს-ების სახელით, სხვა პირებთან ერთად, 2015 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებში გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც გამოიყენა ხე-ტყის მასალის რეალიზაციისას.

6. კასატორი – საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორი ზინიკო ქობალია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ს-ისა და გ. ა-ას დამნაშავეებად ცნობას მათთვის წარდგენილ ბრალდებებში, ასევე – კანონიერი და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას იმ მოტივით, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ვ. ს-ისა და გ. ა-ას მიერ ზემოთ მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

7. კასატორი – მსჯავრდებული გ. ა-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

8. მსჯავრდებული გ. ა-ა შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი მის მიმართ და გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

11. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ. ს-ის – საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ა-ას – სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავეებად ცნობისათვის. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მტკიცებულებათა სათანადო და ობიექტური შეფასების შედეგად, სამართლიანად გადაწყვიტეს გონივრული ეჭვი ბრალდებულთა სასიკეთოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების – ი. ე-ის, დ. ჩ-ის, ქ. ა-ას, გ. ხ-ის, ა. რ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, სასაქონლო ზედნადებებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული გ. ა-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებისა და გამოყენების – ჩადენა.

13. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – ზინიკო ქობალიასა და მსჯავრდებულ გ. ა-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი