Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№316აპ-19 28 აპრილი, 2021 წელი

შ-ე ბ., 316აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის – ზაზა ქარქუსაშვილისა და მსჯავრდებულ ბ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით ბ. შ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებასა და სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები. მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარული დაცვის ზონად და ა.შ., ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭ-ს სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა-ის – 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისათვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს – 50 მეტრს.

· 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ა-ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა------ რეგიონში, კერძოდ, მდინარეების – ჭ-სა და ა-ის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და, შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.

· ხ. რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრებ ბ. შ-ეს საარქივო მონაცემებით სოფელ ნ-ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 მ2 მიწის ნაკვეთი. ბ. შ-ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა, ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ-ს კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ბ. შ-ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „დ-ის“ დირექტორ გ. ვ-ეს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა სოფელ ნ-ში, მდინარე ჭ-ს კალაპოტში არსებული 1100 მ2 ფართი. აღნიშნულზე გ. ვ-ემ 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბ. შ-ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ბ. შ-ემ მიმართა ხ. რაიონის სოფელ გ-ს ორგანიზატორს (რწმუნებულს) – რ. შ-ეს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე რ. შ-ემ თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 15 ოქტომბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ბ. შ-ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1100 მ2 ფართის არსებობის შესახებ. 2012 წლის 15 ოქტომბერს ბ. შ-ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ. სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის – რ. ზ-ის მიერ, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2012 წლის 19 ოქტომბერს ბ. შ-ის სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ნ-ში, რეალურად მდინარე ჭ-ს კალაპოტში, კერძოდ, მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 მ2 ფართი, საკადასტრო კოდით – -- ამ გზით ბ. შ-ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „ა-“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-ის“ კუთვნილ 22020 ლარს. აღნიშნული ქმედებით ბ. შ-ემ სახელმწიფოსა და შპს „ა-ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. 2014 წლის 3 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული 1101 მ2 ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

2. აღნიშნული ქმედებისათვის ბ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 2500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ასევე ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. შ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა და მსჯავრდებულმა ბ. შ-ემ. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. შ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო მსჯავრდებულმა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. პ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და ბ. შ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. კასატორი – პროკურორი ზაზა ქარქუსაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ბ. შ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სისხლის სამართლის საქმე №1/4927–14 ბ. შ-ის მიმართ 2014 წლის 13 აგვისტოს განსახილველად დაეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას, რომელიც საქმეს იხილავდა 2014 წლის 19 აგვისტოდან 2017 წლის 12 ოქტომბრამდე. ჩატარდა არაერთი პროცესი, რომლის დროსაც სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას წარმოებაში არსებულ №1/4927–14 სისხლის სამართლის საქმეზე ბ. შ-ის მიმართ სათადარიგო მოსამართლედ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც იმავე წლის 24 ოქტომბრიდან საქმის განხილვა გააგრძელა იმ ეტაპიდან, რომელზეც იყო იგი შეჩერებული. მიუხედავად დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობისა, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა არ აიცილა ბ. შ-ის სისხლის სამართლის საქმე და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. შ-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ:

4. საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში საქმისწარმოებისას უშუალობის პრინციპი ხელს უწყობს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს წარმოდგენილი მტკიცებულებების კრიტიკულად შეფასებასა და საკუთარი მოსაზრებების შექმნას ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ. უშუალობის პრინციპი გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს დასაკითხ პირებთან, ბრალდებულის უფლებასა და შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს მოწმეებს იმ მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევასა და სანდოობაზე დაკვირვება.

5. მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის უზრუნველყოფის დამატებითი გარანტიების სახით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობას, რაც ხელს უწყობს მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა აღქმის მთლიანობას, შინაგანი რწმენის ფორმირებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმ მოსამართლეებმა, რომლებიც ესწრებოდნენ მთლიან სამართალწარმოებას და მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს. შემადგენლობის შეცვლის შემთხვევაში სსსკ-ის 183-ე მუხლი ადგენს საქმის განხილვის თავიდან დაწყების ვალდებულებას. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, უშუალოდ სასამართლო პროცესზე მოუსმინოს პროცესის მონაწილეებს. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განხილვის სამართლიანობა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა და შეჯიბრებითი პროცესი. მტკიცებულება „ცოცხლად“ უნდა იქნეს წარდგენილი იმ მოსამართლის წინაშე, რომელსაც ევალება საქმის შეფასება და ფაქტების დადგენა. მხოლოდ მტკიცებულებათა გამოკვლევის ჩანაწერის მოსმენა და გაანალიზება ვერ ჩაითვლება საკმარისად, რადგან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს არ აქვს მოწმის ქცევაზე დაკვირვების, დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის, კითხვების განრიდების, შუამდგომლობების გადაწყვეტისა და კანონით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობა.

6. საქართველოს სსსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება. ამ დანაწესიდან არსებობს გამონაკლისი, როდესაც საქმეზე დანიშნულია სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება (სსსკ-ის 184-ე მუხლი). მართალია, კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ წესს, თუ როდის უნდა დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, მაგრამ, საკასაციო პალატის შეფასებით, საქართველოს სსსკ-ის 184-ე მუხლით გათვალისწინებული სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა მოიაზრებს სათადარიგო მოსამართლის სასამართლო სხდომებზე უწყვეტად დასწრებას საქმის განხილვის პირველივე სხდომიდან. ასევე, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 183-ე მუხლში აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევა, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 184-ე მუხლით, უნდა გულისხმობდეს საქმის განმხილველი მოსამართლის ჩამოცილების შემდეგ მის ჩანაცვლებას იმ სათადარიგო მოსამართლით, რომელიც საქმის განხილვის დაწყებიდანვე ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, რადგან ამ შემთხვევაში დაცული იქნება საქმის განხილვის უშუალობის პრინციპი.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. შ-ის საქმის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავასათვის გადაცემისას სათადარიგო მოსამართლედ უნდა დანიშნულიყო სხვა მოსამართლე, რომელიც საქმის განმხილველი მოსამართლის პარალელურად, უწყვეტად იქნებოდა ინფორმირებული და გაცნობილი საქმის გარემოებებს, რითაც არ დაირღვეოდა უშუალობის პრინციპი.

8. უშუალობის პრინციპის დარღვევასთან მიმართებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი №37809/08), რომლის თანახმად, სათადარიგო მოსამართლისათვის მოწმეთა ჩვენებების ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ვერ აანაზღაურებდა უშუალობის ნაკლებობას. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომელმაც მომჩივანს მსჯავრი დასდო, უგულებელყო უშუალობის პრინციპი, რის გამოც დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.

9. ზემომითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელებამდე გამოკვლეული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები), უშუალობის პრინციპისა და, აქედან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო, არ უნდა გახდეს ბ. შ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო სათადარიგო მოსამართლის საქმის განხილვაში ჩართვის შემდეგ გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს წარმოადგენს პირის მსჯავრდების გამორიცხვა ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში.

11. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს.

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო ბ. შ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ბ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი გაუქმდეს;

4. ბ. შ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

5. ბ. შ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

6. გამართლებულ ბ. შ-ეს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

7. ნივთიერი მტკიცებულება – 1 (ერთი) CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი