საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№319აპ-19 ქ. თბილისი
დ-ე მ-ზ, 319აპ-19 13 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. დ-ეს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 341-ე მუხლით – თაღლითობის მომზადებაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მომზადებაში, რასაც შესაძლოა, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის შეტანა და გაცემა, ჩადენილი ანგარებით.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №- განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ა-ის ა. რ-ას გამოეყო 12000000 ლარი. განკარგულების მიხედვით, 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდში საექსპორტოდ ჩაბარებულ 1 კგ სტანდარტულ ციტრუსზე განისაზღვრა სუბსიდია – 0,15 ლარი. სუბსიდიის მიღების საფუძველს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტისა და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. მიღება-ჩაბარების აქტისთვის ხელი უნდა მოეწერათ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირს, ციტრუსის შემსყიდველ პირსა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელს.
· ლ. ფ-მა, რომელიც ინფორმირებული იყო განკარგულების შესახებ, განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფო სუბსიდიას. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა ქ-ის მუნიციპალიტეტის ხ-ას თემის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს – მ. დ-ეს და ისინი შეთანხმდნენ, რომ ციტრუსის შესყიდვის აქტში შეიტანდნენ ყალბ მონაცემებს, რომლებშიც მითითებული იქნებოდა ჩაბარებული ციტრუსის გაზრდილი ოდენობა, ხოლო უკანონოდ მიღებულ სუბსიდიას გაინაწილებდნენ.
· 2013 წლის 25 დეკემბერს ლ. ფ-მა ციტრუსის ექსპორტიორ ვ. პ-ს მიჰყიდა 2780 კგ მანდარინი. ლ. ფ-ი, მ. დ-ე და ვ. პ-ი შეთანხმდნენ, რომ აქტში შეიტანდნენ მანდარინის გაზრდილ ოდენობას. შეთანხმებისამებრ, მანდარინის შესყიდვის აქტში მ. დ-ემ, ვ. პ-მა და ლ. ფ-მა შეიტანეს ყალბი მონაცემები და ვ. პ-ზე რეალიზებული 2780 კგ მანდარინის ნაცვლად მიუთითეს გაზრდილი ოდენობა – 7000 კგ. შესყიდვის აქტი მ. დ-ემ ლ. ფ-სა და ვ. პ-თან ერთად დაამოწმა ხელმოწერით და ხალას თვითმმართველი ერთეულის ბეჭდით.
· 2013 წლის 27 დეკემბერს, ს-ის მიმართულებით მანდარინის ექსპორტირების დროს, ვ. პ-მა ყალბი შესყიდვის აქტის საფუძველზე შევსებული საბაჟო დეკლარაცია წარადგინა ს-ოს საბაჟო-გამშვებ პუნქტში, რა დროსაც მებაჟეებმა დააკორექტირეს მასში მითითებული ყალბი მონაცემები, რის გამოც ლ. ფ-მა და მ. დ-ემ ვერ მიიღეს ხელოვნურად გაზრდილი სუბსიდიის თანხა – 633 ლარი.
3. საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე პროკურორმა, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ბრალდებულ მ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ და წარდგენილი ბრალდება შეცვალა უფრო მსუბუქი ბრალდებით, შემდეგი ფორმულირებით: მ. დ-ეს ბრალი დაედო სამსახურებრივ სიყალბეში, ე.ი. მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის შეტანასა და გაცემაში, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მ. დ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 4250 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2014 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 1 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 250 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი.
5. ამავე განაჩენით ლ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი; ვ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი.
6. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №- განკარგულებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ა-ის ა. რ-ას გამოეყო 12000000 ლარი. განკარგულების მიხედვით, 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდში საექსპორტოდ ჩაბარებულ 1 კგ სტანდარტულ ციტრუსზე განისაზღვრა სუბსიდია – 0,15 ლარი. სუბსიდიის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტისა და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. მიღება-ჩაბარების აქტისთვის ხელი უნდა მოეწერა ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირს, ციტრუსის შემსყიდველ პირსა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელს.
· ლ. ფ-მა, რომელიც ინფორმირებული იყო განკარგულების შესახებ, განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფო სუბსიდიას. 2013 წლის 25 დეკემბერს მან ციტრუსის ექსპორტიორ ვ. პ-ს მიჰყიდა 2780 კგ მანდარინი. ლ. ფ-ი და ვ. პ-ი შეთანხმდნენ, რომ აქტში შეიტანდნენ მანდარინის გაზრდილ ოდენობას. მანდარინის შესყიდვის აქტი დაამოწმა სოფელ ხალას რწმუნებულმა მ. დ-ემ ხელმოწერითა და ბეჭდით იმგვარად, რომ მას რეალურად არც კი შეუმოწმებია მყიდველის – ვ. პ-ისა და გამყიდველის – ლ. ფ-ის მიერ შესყიდვის აქტში მითითებული მონაცემების სისწორე, სადაც ვ. პ-ზე რეალურად რეალიზებული 2780 კგ მანდარინის ნაცვლად მითითებული იყო გაზრდილი ოდენობა – 7000 კგ. 2013 წლის 27 დეკემბერს, სომხეთის მიმართულებით მანდარინის ექსპორტირების დროს, ვ. პ-მა ყალბი შესყიდვის აქტის საფუძველზე შევსებული საბაჟო დეკლარაცია წარადგინა სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტში, რა დროსაც მებაჟეებმა დააკორექტირეს მასში მითითებული ყალბი მონაცემები, რის გამოც ლ. ფ-მა ვერ მიიღო ხელოვნურად გაზრდილი სუბსიდიის თანხა – 633 ლარი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატი რ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინების, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრისა და 2018 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებების გაუქმებას, ასევე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დამცველის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის თაობაზე.
9. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ირაკლი მირცხულავა შესაგებლით ითხოვს ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №121კოლ-05).
12. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც მ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დეტალური და დასაბუთებული პასუხები გასცა ადვოკატის პრეტენზიებს საჩივარში მითითებული განჩინებების გაუქმების თაობაზე, რის გამოც მათ გამეორებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
14. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
15. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი