Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№343აპ-19 ქ. თბილისი

გ-ი მ-ნ, 343აპ-19 6 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – მაია სილაგაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით: მ. გ-ი, – რ. ი-ი, - და ა. ბ-ი,– ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი.

2. ამავე განაჩენით ა. გ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-მა, რ. ი-მა, ა. ბ-მა და ა. გ-მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – მ. გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, მ. გ-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 27 წელი, 2 თვე და 6 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც მ. გ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2002 წლის 8 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 19 464,45 ლარს.

· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – რ. ი-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, რ. ი-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 24 წელი, 9 თვე და 7 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც რ. ი-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2005 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 16 283,8 ლარს.

· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – ა. ბ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ა. ბ-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 28 წელი და 18 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ა. ბ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2003 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 19 087,12 ლარს.

· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – ა. გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ა. გ-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 22 წელი, 8 თვე და 21 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ა. გ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2002 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 16 918,36 ლარს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია სილაგაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედებები, მათი წარსული არაფრითაა შებღალული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მ. გ-მა, რ. ი-მა და ა. ბ-მა აანაზღაურეს მიყენებული ზიანი,) და დამამძიმებელი (არ გააჩნიათ) გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია მ. გ-ისათვის, რ. ი-ისათვის, ა. ბ-ისა და ა. გ-ისათვის განსაზღვრული სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორის – მაია სილაგაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი