Facebook Twitter

საქმე # 330100118002355512

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №354აპ-19 ქ. თბილისი

რ–ე ლ., 354აპ-19 12 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ გიორგი ოსაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა გიორგი ოსაძემ და საკასაციო საჩივრით ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ლ. რ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. რ–ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2007 წლის 3 ნოემბრიდან ლ. რ–ე და ლ. კ–ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ–ში, ...... დასახლება, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, რაც გამოწვეული იყო შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხით, ლ. რ–მ არასრულწლოვანი შვილის - ე. რ–ს თანდასწრებით, ლ. კ–ს ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ლ. რ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და ლ. რ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ: საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ლ. რ–ს მიერ ლ. კ–ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს; მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე დაზარალებული მიუთითებდა მხოლოდ გამოძიების ეტაპზე; სასამართლოში დაზარალებულმა და მისმა ოჯახის წევრებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - ლ. რ–ს წინააღმდეგ ჩვენებების მიცემაზე. ხოლო მოწმეების - მ–ი გ–ს, ნ. მ–ს, ნ. გ–ს და თ. გ–ს ჩვენებები, ასევე გამომძიებელ ი. ბ–ს ჩვენება, რომელმაც გამოძიების ეტაპზე გამოკითხა ლ. კ–ე, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს - ხელის გარტყმასა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას - თავად არ შესწრებიან.

9. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ირიბი ჩვენება, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ ((საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

10. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილებისა და ფსიქოლოგის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევას, რადგან ჩანაწერში ფიგურირებს ფსიქოლოგი ე. თ–ე, რომელიც სასამართლოს აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას თავის მხრივ არასრულწლოვნების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ვიდეოჩანაწერის დემონსტრირებით ნათლად გამოჩნდება ე. თ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორე. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაცენის მოტივაციას, ითვალისწინებს, რომ ვიდეოჩანაწერზე, როგორც დამოუკიდებელ მტკიცებულებაზე, ასახულია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმეთა აღნიშნული უფლებით სარგებლობით კი სასამართლოს ისევე მოესპო ვიდეოჩანაწერის დემონსტრირების საშუალება, როგორც მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას ფსიქოლოგ ე. თ–ს ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმების მიზნით ვიდეოჩანაწერის დათვალიერების თაობაზე, რადგან მოწმის მიერ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენება უპირატესია, სხვა მოწმის ჩვენების გადამოწმებისა და სიმყარის განსაზღვრასთან კონკურენციაში.

11. ბრალდების მხარე საჩივარში ასევე ყურადღებას ამახვილებს პატაკზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პატაკი, რომელშიც პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ არის მითითებული, თავისთავად არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამასთან, პატაკის ავტორმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

12. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა და მისმა ოჯახის წევრებმა (მათ შორის შესაძლო ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმა) უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ამასთან, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, უტყუარად ვერ დადგინდა, ვინ და რა ვითარებაში მიაყენა დაზარალებულს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის დასკვნით - ლ. კ–ს დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა თვალბუდის ქვედა კედლის მოტეხილობა, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა - კონკრეტულად ვინ მიაყენა დაზიანება დაზარალებულს, არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. აქედან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიჩნევა ლ. რ–ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის მამხილებელ მტკიცებულებად.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ.,Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019).

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. ამასთან, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. სასამართლო ვალდებულია, გულმოდგინედ გამოიკვლიოს, რამ განაპირობა დაზარალებულის არჩევანი, არ მისცეს სასამართლოს ჩვენება, ხომ არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რაც ხელს უშლის მსხვერპლს ჩვენების მიცემაში. აღნიშნულთან ერთად, სასამართლო კვლავაც უთითებს, რომ მტკიცებულებათა მოპოვების სირთულის მიუხედავად, აღნიშნული არ გულისხმობს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებითი სტანდარტი ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ერთნაირია - საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ლ. რ–მ ლ. კ–ს მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

17. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ გიორგი ოსაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე