Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№397აპ-19 ქ. თბილისი

ე-ი ი-მ, 397აპ-19 2 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით ი. ე-ი, –ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2300 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 7 აგვისტოდან – 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით), შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ე-მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, ლ. ა-ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ე-მა უმიზეზოდ 9 წლის ე. ე-ს ზურგში დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ 13 წლის ა. ე-ს ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხზე მუხლს ქვემოთ. ძალადობის შედეგად ე. ე-მა და ა. ე-მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ე-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა – თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. მსჯავრდებულ ი. ე-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ლ-ემ წარმოადგინა შესაგებელი პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ე-ისთვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აგრეთვე ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ამდენად, მსჯავრდებულისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი, ჯარიმა - 2000 ლარი (ძირითადი სასჯელი) და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით (დამატებითი სასჯელიო) სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულება.

9. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ, ი. ე-ის წარსულში ნასამართლობა, ვერ მიიჩნევა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის არსებული ნასამართლობა გაქარწყლებულია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი