საქმე # 330100115002530313
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №404აპ-19 ქ. თბილისი
ბ. თ. 404აპ-19 20 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის - ლევან მარშავასა და მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნით თ. ბ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალი დაედო: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო-ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
1995 წლის 19 ივლისს შეიქმნა სს „თ. ნ. კ.“ სახელმწიფოს 100%-იანი წილით. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის 2008 წლის 1 სექტემბრის №... ბრძანების საფუძველზე სს „თ. ნ. კ.“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა თ. ბ.
სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე სს „თ. ნ. კ.“ შეერწყა შპს „ს-ს“, რომლის დირექტორადაც დარჩა თ. ბ.
სს „თ. ნ. კ.“ მიერ დაფუძნებული შპს „ს-ს“ დირექტორად 2007 წლის 26 მარტს დაინიშნა შ. შ. სს „თ. ნ. კ.“ შპს „ს-სთან“ შერწყმის შემდეგ შპს „ს-ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა შპს „ს.“, რომლის 2009 წლის 1 აპრილის №.. გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ს.-ს-ს“ საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 1.495.212 ლარი.
შპს „რ. კ-ს“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა ლ. შ-მ შ. შ-სა და თ. ბ-სთან ერთად, 2008 წლის სექტემბერში განიზრახა მიეთვისებინათ შპს „ს.-ს-ს“ კუთვნილი ფულადი თანხები. მითვისების განზრახვის შენიღბვის მიზნით გადაწყვიტეს, რომ შპს „რ. კ.“ შპს „ს. -ს-საგან“ ოფიციალურად მოითხოვდა 300.000 აშშ დოლარის სესხის მიღებას, რის შემდეგაც მიღებულ თანხას მიითვისებდნენ. აღნიშნულზე შ. შ. თავის მხრივ მოელაპარაკებოდა სს „თ. ნ. კ.“ გენერალურ დირექტორს - თ. ბ-ს, როგორც შპს „ს. -ს-ს“ დამფუძნებელს, რადგან თანხის სესხის სახით გაცემისათვის საჭირო იყო მისი თანხმობა.
შეთანხმების თანახმად, 2008 წლის 25 სექტემბერს №... წერილით შპს „რ. კ-მ“ მიმართა შპს „ს. -ს-ს“, რათა ახალი ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად მიეცათ 300 000 აშშ დოლარის სესხი ერთი წლის ვადით, წლიური 14%-იანი განაკვეთით.
შპს „ს. -ს-ს“ დირექტორმა შ. შ-მ იმავე დღეს თანხმობის მისაღებად №.. წერილით მიმართა სს „თ. ნ. კ.“ გენერალურ დირექტორ თ. ბ-ს, ვისთანაც ასევე იყო ამ უკანასკნელის მოადგილე ო. ო. და მოელაპარაკა მას თავის შვილის - ლ. შ-ს განზრახვაზე. თ. ბ. და ო. ო. დასთანხმდნენ შ. შ-ს თანხის სესხის სახით გაცემაზე. თ. ბ-მ თავის მოადგილე ო. ო-ს დაავალა, რომ როდესაც თანხმობის წერილი გამზადდებოდა და თუ იგი სამსახურში არ იქნებოდა, მას მოეწერა ხელი.
თე. ბ-მ და ო. ო-მა, იმ მოტივით, რომ სესხის გაცემაზე სს „თ. ნ. კ.“ დამფუძნებელს, სსიპ „ს. მ-ს ს-ს“ შეეძლო ეთქვა უარი, თანხმობის მისაღებად შეგნებულად არ მიმართეს მას, რითაც უგულებელყვეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის 8-ე ნაწილის „ვ“ ქ/პუნქტის მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისათვის სავალდებულო იყო სსიპ „ს. მ-ს ს-ს“ თანხმობა. შპს „ს.ბ-ს-ს“ საქმიანობას წარმოადგენდა ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის მოპოვება, ხოლო ფულადი სახსრების გასესხება ახალი სახის ეკონომიკურ საქმიანობას.
მათ ასევე უგულებელყვეს სს „თ. ნ. კ.“ წესდების მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, საწარმოს ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, კონკრეტულ შემთხვევაში - სსიპ „ს. მ-ს ს-ს“ გადაწყვეტილებით.
შეთანხმების თანახმად, სს „თ. ნ. კ.“ სახელით თანხმობის წერილი №... მომზადდა მეორე დღესვე, რასაც ხელი მოაწერა თ. ბ-ს მოადგილემ ო. ო-მ.
შ. შ-მ სს „თ. ნ. კ.“ თანხმობის მიღებისთანავე, 2008 წლის 26 სექტემბერს, შპს „რ. კ-ს“ დირექტორ გ. ი-სთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 300 000 აშშ დოლარზე 6 თვის ვადით, ვადაგადაცილებული გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო დღიური 0,07%-ის პირობით, წლიური 14%-იანი სარგებლით, მაშინ, როდესაც 2008 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე უცხოურ ვალუტაში იურიდიული პირებისათვის შეადგენდა 18,2 და 18,8 %-ს. რადგანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გათვალისწინებული ჰქონდათ აღნიშნული თანხის მითვისება, ხელშეკრულებაში შეგნებულად არ მიეთითა სესხის უზრუნველყოფის არანაირი ფორმა, რითაც უგულებელყო შპს „ს.-ს-ს“ წესდების 4.8-ე მუხლის მოთხოვნა გასაცემი სესხის უზრუნველყოფის შესახებ.
ხელშეკრულების საფუძველზე 2008 წლის 29 სექტემბერს შპს „რ. კ-ს“ გადაერიცხა 300.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 420.630 ლარი.
მითვისების განზრახვის შენიღბვის მიზნით „ს.-ს-ში“ დაბრუნებულ იქნა ძირითადი თანხიდან მხოლოდ 75.000 აშშ დოლარი, ხოლო დიდი ოდენობის თანხა 225.000 აშშ დოლარი, ლ. შ-ს და ზემოხსენებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ იქნა მითვისებული, რითაც შპს „ს.-ს-მა“ მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი.
ს/ს „თ. ნ. კ.“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დ. ვ-მა, როგორც დამფუძნებელმა, 2008 წლის 4 აპრილს წერილობით მიმართა შპს „ს.-ს-ს“, რომ აუდიტორული დასკვნით 2005 წლის მისი წმინდა მოგება შეადგენდა 2202548 ლარს და მოითხოვა კუთვნილი დივიდენდის გადარიცხვა. მითითებული თანხა იმ დროს გადარიცხული არ ყოფილა.
ს/ს „თ. ნ. კ.“ დირექტორად ახლად დანიშნულმა თ. ბ-მ, ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, შპს „ს.-ს-სათვის“ უპირატესობის მიღების მიზნით, გადაწყვიტა, მისთვის სრულად არ მოეთხოვა კუთვნილი დივიდენდი - 2 202 548 ლარის ოდენობით, რის გამოც 2008 წლის 10 დეკემბრის წერილით, როგორც ს/ს „თ. ნ. კ.“ დირექტორმა, ხოლო 2009 წლის 30 იანვრის და 5 მარტის წერილებით, როგორც შპს „ს-ს“ გენერალურმა დირექტორმა, შპს „ს.-ს-საგან“ მოითხოვა მათი კუთვნილი დივიდენდიდან მხოლოდ 375 000 ლარის ჩარიცხვა, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად გადაიხადა. აღნიშნულით თ. ბ-მ ფაქტობრივად ს/ს „თ. ნ. კ.“ ხოლო 2008 წლის 31 დეკემბრიდან - შპს „ს-ს“ მიაყენა 1 827 548 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2009 წლის 10 ივლისს შპს ,,ს-ს” გენერალურ დირექტორს თ. ბ-ს განცხადებით მიმართა ამავე საწარმოს მუშაკმა ვ. ლ-მა, საზოგადოების ბალანსზე რიცხული ლაბორატორიული პლატინის ჭურჭლის ჯართის სახით შესყიდვის თაობაზე.
სსიპ „ს.ა მ-ს ს-ს“ გადაწყვეტილების გარეშე, 13 393 ლარად ღირებული 197.942 გრ პლატინის ჭურჭელი თ. ბ-მ ვ. ლ-ს მიჰყიდა მხოლოდ 5 535,9 ლარად, დღგ-ის გარეშე, რითაც მან გაფლანგა შპს „ს-ს“ კუთვნილი დიდი ოდენობის ქონება და საზოგადოებას მიაყენა 7857.4 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით თ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა თ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. თ. ბ-ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 20000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული შესატანი თანხის, კერძოდ - 50000 ლარიდან 30000 ლარის ნაცვლად უძრავი ქონების შეტანის მიზნით - თ. ბ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ზონა ….) მდებარე ქ. თ-ში, დიდ დ-ში, გ. ბ-ს ქუჩა N…-ში მდებარე ბინა N…-ზე დადებული ყადაღა.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და თ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში (2005 წლის 28 ნოემბრისთვის მოქმედი რედაქცია).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პლატინის ეპიზოდი), 220-ე მუხლით (დივიდენდების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
თ. ბ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისების ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლზე.
თ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა სისხლისსამართლევბრივი პასუხისმგებლობისაგან.
გაუქმდა თ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 20000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული შესატანი თანხის, კერძოდ - 50000 ლარიდან 30000 ლარის ნაცვლად უძრავი ქონების შეტანის მიზნით - თ. ბ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ……..) მდებარე ქ. თ-ში, დიდ დ-ში, გ. ბ-ს ქუჩა N…-ში მდებარე ბინა N…-ზე დადებული ყადაღა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი ლევან მარშავა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში. ამასთან, პროკურორი საჩივარში უთითებს, რომ თ. ბ-ს:
· საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისების ეპიზოდი) მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით სსკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებით - მატერიალურად პასუხისმგებელ პირად თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით; ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12, მე-18 მუხლების შესაბამისად სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დამატებითი სასჯელის სახით - მატერიალურად პასუხისმგებელ პირად თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლით და ასევე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დაეკისროს ჯარიმა 20000 ლარი.
· სსკ-ის 220-ე მუხლით მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდეს მისი მოხდისგან;
· სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გაფლანგვის ეპიზოდი) მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად უნდა გაუნახევრდეს და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
· სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო, დამატებითი სასჯელის სახით სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით - ჯარიმა 20000 ლარი, სსკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებით, მატერიალურად პასუხისმგებელ პირად თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლით.
მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და თ. ბ-ს გამართლებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო სასამართლო თ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პლატინის ეპიზოდი), 220-ე მუხლით (დივიდენდების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. აღნიშნულ ეპიზოდებში თ. ბ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვერ იქნა დადგინდა, თუ რა ღირებულება გააჩნდა გასხვისებულ ქონებას ქვეყანაში, თ. ბ-ს მიერ საწარმოს კუთვნილი პლატინის გასხვისების მომენტისათვის, ხოლო საერთაშორისო ბაზართან შედარებით ეროვნულ ბაზარზე მისი ღირებულება იყო ნამდვილად დაბალი, სრულიად უსაფუძვლოა თ. ბ-სათვის წარდგენილი ბრალდება, რომ მან ნაკლებ ფასად გაყიდა პლატინის ჭურჭელი და გაფლანგა შპს „ს-ს“ კუთვნილი დიდი ოდენობის ქონება. გარდა წერილობითი მტკიცებულებებისა, თ. ბ-ს მიერ პლატინის გასხვისებასთან დაკავშირებით დაიკითხნენ მოწმეები - გ. გ. და ვ. ლ., რომლებმაც გამორიცხეს „გ-ს“ კუთვნილი პლატინის გასხვისებით თ. ბ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. გ. გ-ს განმარტებით, ეს იყო პლატინის ჯართი, რომლის რეალიზაციასაც არ საჭიროებდა ეკონომიკის სამინისტროს ნებართვას. ასევე, მისი გასხვისების შედეგად მიღებული თანხა კვლავ კომპანიის ანგარიშზე იქნა შეტანილი. მოწმე ვ. ლ-ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ მან შეძენის შემდეგ გადაწყვიტა ნივთის გაყიდვა, თუმცა ქვეყანაში პლატინის ფასი იყო იმდენად დაბალი, რომ გაყიდა იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე - შეიძინა.
8. დივიდენდების ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ის წერილობითი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს უშუალოდ შპს „ს. -ს-საგან“ სს „თ. ნ. კ.“ მიერ დივიდენდის რამდენჯერმე ჩარიცხვის ფაქტს. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა, თუ რატომ წარმოადგენდა თ. ბ-ს, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი პირის მხრიდან შვილობილი კომპანიისათვის დივიდენდის მოთხოვნა მის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში დივიდენდის მოთხოვნასა და ჩარიცხვასთან დაკავშირებით ძირითად და შვილობილ კომპანიებს შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც ამას თავად თ. ბ. განმარტავს. ხოლო ის გარემოება, რომ თ. ბ. ვალდებული იყო, განსაზღვრულ პერიოდებში მოეთხოვა დივიდენდის სახით კონკრეტული თანხის სრულად ჩარიცხვა, არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოწმეებმა - ნ. უ-მ და გ. გ-მ დაადასტურეს ფაქტი, რომ როგორც მათთვის ცნობილია, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო დივიდენდი გარკვეული რაოდენობით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით თ. ბ-მ განმარტა, რომ ვინაიდან ორგანიზაციას ჰქონდა უამრავი ვალი, მათ შორის გაუცემელი ხელფასების სახით, კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე, ხალხი მიდიოდა სასამართლო გადაწყვეტილებებით და თანხა მაშინვე ქრებოდა კომპანიის ანგარიშიდან. ამიტომ არ თვლიდა საჭიროდ თანხის სრულად ჩარიცხვას ანგარიშზე და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ითხოვდა იმ ოდენობას, რაც საჭირო იყო. ამდენად, აშკარაა, რომ თ. ბ-ს მოქმედება შედიოდა კომპანიის ინტერესში და არა - პირიქით. გარდა ამისა, არ დასტურდება თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანი, ხოლო დივიდენდის სახით მიუღებელი თანხა ზიანად ვერ ჩაითვლება, რადგან ეს არის უფლება და არა - ვალდებულება და თ. ბ-ს, როგორც ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, შეეძლო ემოქმედა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე.
9. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების სსკ-ის 220-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან გამოკვეთილია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ თ. ბ-მ ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ე.ი. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მიუთითებს შემდეგზე:
10. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია შპს „თ. ნ. კ.“ წესდება, რომლის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით, საწარმოს ქონების განკარგვა და გადაცემა, ასევე ჩამოწერა წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრების გადასაწყვეტ საკითხს. თანხის გასესხების ხელშეკრულების პროცედურები კი არის სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული და დარეგულირებული ურთიერთობა. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი განსაზღვრავს აქციონერთა კრების ფუნქციონირებასა და მის უფლებამოსილებებს, რომლის თანახმადაც, საზოგადოების ქონების განკარგვა ასევე წარმოადგენს აქციონერთა კრების გადასაწყვეტ საკითხს.
11. თ. ბ., როგორც სს „თ. ნ. კ.“ დირექტორი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც იყო სახელმწიფო და რომლის ზედამხედველობასაც ახორციელებდა სსიპ „ს. მ-ს ს.“, არ იყო უფლებამოსილი, მისი შვილობილი კომპანიის - შპს „ს. - ს-ს“ ქონების განკარგვა - გასესხებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო ერთპიროვნულად, სსიპ „ს. მ-ს ს-ს“ მიერ გაცემული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.
12. სს „თ. ნ. კ.“ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირმა თ. ბ-მ, რომელსაც ევალებოდა საზოგადოების წესდების განუხრელად დაცვა, უგულებელყო აღნიშნული ვალდებულება, თავისი, როგორც ხელმძღვანელის, უფლებამოსილება გამოიყენა შვილობილი კომპანიის - შპს „ს. - ს-ს“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ და მოქალაქეების - ლ. შ-სა და შ. შ-ს სასარგებლოდ, დამოუკიდებლად, სსიპ „ს. მ-ს ს-საგან“ ნებართვის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს „ს. - ს-ს“ შპს „რ. კ-სათვის“ სესხის სახით მიეცა კომპანიის შემოსავალი.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მითითებას, რომ სახეზეა ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „რ. კ-მ“ საბოლოოდ სრულად დაუბრუნა შპს „ს. - ს-ს“ სესხის სახით აღებული თანხა, თუმცა აღნიშნული განხორციელდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ; ხოლო თ. ბ-ს ქმედებამ ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებით, რაც არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას, შპს „ს. - ს-ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის - ლევან მარშავასა და მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე