საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№406აპ-19 ქ. თბილისი
შ-ა ა-ა, 406აპ-19 14 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ადეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ა. შ-ა, - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (მ. მ-ის ეპიზოდი) – ჯარიმა 20000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ( გ. მ-ის ეპიზოდი) – ჯარიმა 18000 ლარი, რაც ასევე 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა – 13000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. შ-ას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 20000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა. შ-ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი). აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. შ-ამ მ. მ-ი დაარწმუნა, რომ მუშაობდა უშიშროების ორგანოებში მაღალ თანამდებობაზე და „გაუკეთებდა“ ვიზას, რომლითაც მ. მ-ი შეძლებდა ამერიკაში გამგზავრებას, კონკრეტულად კი – მიიღებდა ვიზას უშიშროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. აღნიშნულის ნაცვლად, 2016 წლის 17 მარტიდან იმავე წლის 19 ივნისამდე პერიოდში, პერიოდულად, ა. შ-ამ მ. მ-ს გამოართვა სხვადასხვა რაოდენობის ფულადი თანხა, ჯამურად – 3254 ლარი და 12 თეთრი (1200 აშშ დოლარი და 470 ლარი). ა. შ-ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მ. მ-ს მიადგა 3254 ლარისა და 12 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2016 წლის აპრილში გ. მ-ისათვის მეგობრის – მ. მ-ისაგან ცნობილი გახდა, რომ, სურვილის შემთხვევაში, შეახვედრებდა პირ, რომელიც მას 1200 აშშ დოლარის სანაცვლოდ „გაუკეთებდა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელ ვიზას. მისი დარწმუნება მოახერხა იმ გარემოებით, რომ ვიზას „გაუკეთებდა“ უშიშროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, რადგან მუშაობდა იქ მაღალ თანამდებობაზე. ამასთან, ვიზის მიღების გაადვილების მიზნით დააწყებინებდა მუშაობას თავის ასისტენტად. აღნიშნულის სანაცვლოდ 2016 წლის აპრილიდან იმავე წლის ივნისამდე პერიოდში გ. მ-ეს გამოართვა სხვადასხვა რაოდენობის ფულადი თანხა, ჯამურად – 3147 ლარი და 8 თეთრი (1200 აშშ დოლარი და 470 ლარი). ა. შ-ას მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გ. მ-ეს მიადგა 3147 ლარისა და 8 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი სალომე ადეიშვილი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. შ-ასათვის სასჯელის დამძიმებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, მსჯავრდებულ ა. შ-ას, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ერთ-ერთი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურება და მზადყოფნა ზიანის სრულად ასანაზღაურებლად) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორ სალომე ადეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი