საქმე # 160100118002486437
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №408აპ-19 ქ. თბილისი
ლ–ი გ., 408აპ-19 22 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ძიძიგური საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბ–ს რაიონის სოფელ ..........ში, პ. ე–ს სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გ. ლ–მ, იმ მიზნით, რომ თავისი სასქესო ორგანოთი მოეხდინა სექსუალური ხასიათის შეღწევა ნ. თ–ს სხეულში, ხელი დაუჭირა და თავისკენ ზურგით მიიზიდა იგი, შემდეგ ხელი მოუჭირა ყელში, ხოლო მეორე ხელი პირზე ააფარა, რათა არ ეყვირა, ზურგით დააგდო ძირს და დააწვა ზემოდან ისე, რომ ნ. თ–ი ფეხებს ვერ ამოძრავებდა, თავი რამდენჯერმე დაარტყმევინა მიწაზე და სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ჩაიწია შარვალი და შეეცადა ნ. თ–სთვისაც აეწია ხალათი და კაბა, დაემუქრა მოკვლით, თუ იგი ყვირილს არ შეწყვეტდა, ეძებდა საგანს მისთვის დასარტყმელად, თუმცა მან თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო ნ. თ–ს მიერ გაწეული წინააღმდეგობისა და მეზობლების ქუჩაში გამოსვლის გამო.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
გ. ლ–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 27 მაისიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბ–ს რაიონის სოფელ .....ში, პ. ე–ს სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გ. ლ–მ ყელში წაუჭირა ხელი ნ. თ–ს და სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
7. დაზარალებულმა ნ. თ–მ განმარტა, რომ გ. ლ–ი მას ერთ ხელს პირზე აფარებდა, ხოლო მეორეს ყელში უჭერდა. შემდეგ ზურგით დააგდო ხრეშიან და ქვიან მიწაზე, გვერდით გადააწვინა და ზემოდან დააწვა; ერთი ხელით ცდილობა დაზარალებულის კაბის აწევას, ხოლო მეორეთი იხსნიდა შარვალს. ასევე, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო, ბრალდებული სახეში ურტყამდა ხელებს და თავს მიწაზე არტყმევინებდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მისი კივილის ხმაზე აივანზე გამოვიდა მეზობელი პ. ე–ი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ იყო მის სხეულზე გადაფარებული გ. ლ–ი და ხელებს ურტყამდა. პ. ე–სა და მისი შვილის - მ. ა–ის დანახვაზე გ. ლ–ი გაიქცა და თან ცდილობდა შარვლის აწევას. აღნიშნულის საპირისპიროდ, პ. ე–მ სასამართლოს მოახსენა, რომ მას შემდეგ, რაც ქალის ყვირილის ხმა შემოესმა, გარეთ გაიხედა და დაინახა გ. ლ–ი, მან იფიქრა, რომ იგი თავის მეუღლეს ეჩხუბებოდა, ხოლო ქუჩაში გასვლის შემდეგ გ. ლ–ი მაშინვე გაიქცა. დაზარალებულის ჩვენებისაგან განსხვავებით, მოწმე პ. ე–ი არ ადასტურებს, რომ მან გ. ლ–ი დაინახა ნ. თ–ს სხეულზე გადაფარებული, ან შეამჩნია, რომ სირბილისას გ. შარვალს იწევდა. მოწმემ მიუთითა, რომ გაქცევისას გ. ლ–ს შარვალი ჩაწეული არ ჰქონია. ასევე, პ. ე–მ და მისმა ვაჟმა განაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი არ გაჰკიდებია გაქცეულ გ. ლ–ს. მ. ა–ის თქმით, მას გ–ი არ უნახავს; ქუჩაში გამოსვლისას ნახა მხოლოდ ატირებული ნ. თ–ი.
8. გარდა ამისა, დაზარალებულმა მიუთითა, რომ გ. ლ–ს გაქცევის შემდეგ იგი გაემართა ქუჩაში გამოსული მეზობლებისკენ და პ. ა–ს, მ. ა–სა და მ. ლ–ს მოუყვა, თუ როგორ ცდილობდა ბრალდებული მის გაუპატიურებას. ასევე, მათ დაინახეს, რომ იმ მომენტში ტუჩებიდან სისხლი სდიოდა. პ. ე–მ, მ. ა–მ და მ. ლ–მ კი სასამართლოს მოახსენეს, რომ ნ. თ–მ მათ უამბო, თუ როგორ სცემა მას გ. ლ–მ. მოწმეების განმარტებით, დაზარალებულს გაუპატიურების მცდელობის შესახებ არაფერი უხსენებია. ასევე, მათ ნ. თ–სათვის არ შეუნიშნავთ რაიმე სახის დაზიანებები.
9. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეების - მ. თ–ს, ნ. თ–ის, ზ. ნ–ის, ზ. მ–ის, გ. ნ–ს, შ. ნ–სა და მ. ჭ–ს ჩვენებებს, ისინი გაუპატიურების მცდელობის ფაქტს პირადად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით, ანუ იძლევიან ირიბ ჩვენებებს. მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სხენებული პირებისათვის უცნობია, რეალურად რა სახის დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
10. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზების დასკვნებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები არ არის რელევანტური იმ საკითხის შეფასებისათვის, რომ გ. ლ–მ ნ. თ–თან სცადა ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარება. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არცერთ შემთხვევაში არ ვლინდება ბრალდებულისა და დაზარალებულის ერთმანეთთან შეხება; ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნამ გამორიცხა ნ. თ–ს ტანსაცმელზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად წარმოშობილი დაზიანებების არსებობა და მიუთითა მხოლოდ ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის კვლებზე; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ. თ–ს კაბაზე აღმოჩენილ ბოჭკოებსა და გ. ლ–ს მაისურის ქსოვილის ბოჭკოებს, ასევე გ. ლ–ს ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ ბოჭკოებსა და ნ. თ–ს ხალათის ქსოვილის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. აღნიშნული ინფორმაცია მოწმობს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ გ. ლ–სა და ნ. თ–ს გარკვეული შეხება ჰქონდათ ერთმანეთთან, უპირობოდ გაუპატიურების მცდელობაზე არ მიანიშნებს.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ექსპერტ გ. ო–ის ჩვენების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. მან სასამართლოს მოახსენა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული, ნ. თ–ს სახესა და კისერზე არსებული დაზიანებები პირს შესაძლებელია მიეღო გაუპატიურების მცდელობის დროსაც, თუმცა შეუძლებელია იმის მტკიცება და განსაზღვრა, რომ რომელიმე კონკრეტული დაზიანება ახასიათებს მხოლოდ გაუპატიურებას. ამდენად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ერთიდაიგივე წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია) არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
12. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
13. საკასაციო სასამართლოში დღეის მდგომარეობით არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა, რის გამოც არ არსებობს გ. ლ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე