Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №429აპ-19 ქ. თბილისი

ც-ი დ-ს, 429აპ-19 19 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ც-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დ. ც-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 15000 ლარი, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 12 მარტიდან იმავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ც-მა ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილს აყენებს. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· დ. ც-მა 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თ-ში, კ-ის ქ. №--ში, სცემა ვ. ვ-ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, ასევე მარჯვენა მუშტი დაარტყა მარცხენა ყურთან, საწოლზე წაქცეულს კი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა მუშტი თავისა და ზურგის არეში. ჩადენილი ქმედებების შედეგად ვ. ვ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· დ. ც-მა 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თ-ში, კ-ის ქ. №--ში, სცემა ვ. ვ-ეს, ხოლო ცემის შემდეგ განიზრახა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და დამცირება, კერძოდ, ცემის შედეგად საწოლზე წაქცეულ ვ. ვ-ეს დააშარდა სხეულზე, რითიც ჩააყენა პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში. აღნიშნული ქმედების გამო დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი.

4. კასატორები – მსჯავრდებული დ. ც-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. ც-ის სრულად გამართლებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ვ. ვ-ის, მოწმეების – გ. ა-ის, გ. ც-ის, ი. ქ-სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 12 მარტის დათვალიერების ოქმი (თ. მ-სა და ვ. ვ-ეს შორის მიმოწერების დათვალიერების ოქმი), ბიოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ც-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

8. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად საპროცესო კოდექსის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.

9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად და დეტალურად იმსჯელა ყველა იმ ძირითად არგუმენტზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებენ ყურადღებას კასატორები.

10. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).

11. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება დ. ც-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ ჯარიმაზე.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ც-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი