Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№430აპ-19 ქ. თბილისი

ს-ე ჯ-რ, 430აპ-19 12 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით ჯ. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლითა და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლით აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ჯ. ს-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლით აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ს-ემ ჩაიდინა: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოწვია; სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 26 აპრილის №- ბრძანებით ჯ. ს-ე დაინიშნა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (ს-ი) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე (მესაზღვრე-კონტროლიორი).

· 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჯ. ს-ეს დაუკავშირდა ახლობელი უ. ზ-ე, რომელმაც უთხრა, რომ ნაცნობ თურქეთის მოქალაქეს საქართველოს საზღვარი უკანონოდ ჰქონდა გადმოკვეთილი და სთხოვა, მისთვის გადაეცა საზღვრის კვეთის დამადასტურებელი შტამპიანი დოკუმენტი. ჯ. ს-ემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა რეაგირება ე. გ-ს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც ევალებოდა სამსახურებრივად, უ. ზ-ეს გამოართვა ე. გ-ს თურქეთის მოქალაქის პირადობის მოწმობა და 2018 წლის 16 დეკემბერს, ცვლაში ყოფნის დროს, პირადი მოტივით ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, კერძოდ, 06:47:49 საათზე, ე. გ-ს საზღვრის კვეთის დამადასტურებელ ტალონზე, რომელიც თან ერთვის ID ბარათს, დაუსვა შტამპი თავისზე განპირობებული №- თარიღ-დამღით და ყალბი ინფორმაცია შეიტანა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომ, თითქოს, ე. გ-მ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი კონსტანტინე ცაცუა მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ჯ. ს-ისათვის სასჯელების დამძიმებას.

5. მსჯავრდებული ჯ. ს-ე შესაგებლით მოითხოვს პრკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელების ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯ. ს-ისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელების ზომა შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარება და გულწრფელი მონანიება, ნასამართლობის არქონა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხულ ქმედებათა სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ს-ისათვის როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი