საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№439აპ-19 ქ. თბილისი
გ-ე თ-ა, 439აპ-18 13 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თ. გ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. გ-ეს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, ო-ში, ე-ის ქ. №--ში მცხოვრებმა თ. გ-ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლის – რ. მ-ის მშობელმა, მასთან ოჯახში მცხოვრებმა დედამთილმა – თ. ჩ-მა საყვედური უთხრა მის მიმართ წარმოთქმული უცენზურო სიტყვის გამო, იძალადა მასზე, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით სცემა მეუღლის დედას – თ. ჩ-ს, რომელსაც თ. გ-ის მხრიდან ჩადენილი ქმედების შედეგად განუვითარდა დაზიანებები მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე, მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე, კისრის მარცხენა, გვერდითა ზედაპირზე და მარცხენა წვივის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, მაგრამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. გამართლებული თ. გ-ე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულ თ. ჩ-ის ჩვენება არ დადასტურდა სასამართლოში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ბრალდებულისა და ფაქტის შემსწრე მოწმე ბესიკ მელიქაძის გამოქვეყნებული, თანხვდენილი და ურთიერთშესაბამისი ჩვენებებით, რომლებითაც უტყუარად დადგინდა, რომ დაზარალებულმა პირველმა დაიწყო ფიზიკური ძალის გამოყენება და თმაში სწვდა თ. გ-ეს, რომელიც ცდილობდა მის თავიდან მოშორებას, ე.ი. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას თ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მისთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი