საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№455აპ-19 ქ. თბილისი
ა-ი ბ-რ, 455აპ-19 12 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ა-ს, – - ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 19 ივლისს ბ. ა-მა ქ. ბ-ში, რ. ვ-ის ქ. №--ში მდებარე პოლიციის მე-- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ჰ. ა-ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა მარცხენა ყვრიმალის არეში ჭრილობის სახით, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
· 2018 წლის თებერვლის დასაწყისში ქ. ბ-ში, ე.წ. „ძ. ბ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში, ბ. ა-მა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ჰ. ა-ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით.
· 2018 წლის 16 ივლისს ქ. ბ-ში, პ-ის ქ. №--ში მდებარე სასტუმრო „რ-ში“, ბ. ა-მა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ჰ. ა-ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით.
· 2018 წლის 19 ივლისს ქ. ბ-ში, დ. თ-ის ქ. №--ში მდებარე სასტუმროში, ბ. ა-მა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ჰ. ა-ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით. ბ. ა-ის მიერ ჩადენილმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ ჰ. ა-ის ტანჯვა გამოიწვია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ბ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით და განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 19 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ზურაბ კონცელიძე მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენის გაუქმებას, ბ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და ბ. ა-ის ბრალდების ორივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მართალია, სასამართლო სხდომაზე კანონის დაცვით გამოქვეყნდა დაზარალებულის ჩვენება და საქმეშია ასევე ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2018 წლის 29 აგვისტოს №-- დასკვნა, რომლის თანახმად, „ჰ. ა-ი განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა, მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა“, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მოწმის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნა ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ისინი წინააღმდეგობრივია და ასევე ვერ გამოდგება ბ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის შერაცხული ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
9. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები – მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს დანაშაულს და ბ. ა-ს განუსაზღვრა მისი ქმედების პროპორციული და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი და რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი