საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№458აპ-19 ქ. თბილისი
ა-ა გ-ი, 458აპ-19 22 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ა-ას ბრალი ედებოდა: ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზ-ში, ბ-ას ქუჩაზე მდებარე დ-ის დასახლებასთან შეიკრიბნენ გ. ა-ა, ლ. გ-ა, ი. გ-ია, ბ. ნ-ი, მ. პ-ა და ამ ეტაპისათვის დაუდგენელი სხვა პირები. შეხვედრა გადაიზარდა კონფლიქტში, რა დროსაც გ. ა-ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ი. გ-იას, ბ. ნ-სა და მ. პ-ას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
· გ. ა-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზ-ში, ბ-ას ქუჩაზე ყოფნისას.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გ. ა-ა, – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებული გ. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მირანდა მუმლაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5. გ. ა-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ყ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №60აპ-15).
8. პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ა-ას მიერ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდების მხარის მიერაა წარმოდგენილი, ბრალდება მხოლოდ ვარაუდებსა და ვერსიებზეა დაფუძნებული. არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული ჩაიდინა გ. ა-ამ.
9. საქმის მასალების თანახმად, პირდაპირი სახის მტკიცებულებებით დადგენილი არ არის, რომ გ. ა-ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას და რომ ამ იარაღით დაზიანებები მიაყენა მ. პ-ას, ი. გ-იასა და ბ. ნ-ს, მითუფრო, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, გ. ა-ასაგან აღებულ ანაწმენდებსა და ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს უშუალოდ შემთხვევის ადგილი და მათზე არ არის აღბეჭდილი გ. ა-ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის, ამ იარაღიდან გასროლის ფაქტები ან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე სხვა ინფორმაცია.
10. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
11. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც გ. ა-ა გაამართლა მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მტკიცებულებათა სათანადო და ობიექტური შეფასების შედეგად, სამართლიანად გადაწყვიტეს გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასიკეთოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი