საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #460აპ-19. ქ. თბილისი
ჭ-ა ზ-რ-460აპ-19. 8 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენზე.
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ზ. ჭ-ა,– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს 1999 წლამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, ასევე – 17,104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. მასვე განემარტა მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით ანაზღაურების უფლების თაობაზე.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. საბრალდებო დასკვნით ზ. ჭ-ას ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით; განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 1997 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 02 საათზე, ნასვამმა ზ. ჭ-ამ ნახა, რომ თავისი ძმისშვილის – პ. ჭ-ას საცხოვრებელ სახლს ეკიდა ცეცხლი და, მეზობლების მიერ ამ სახლის დაწვით დაეჭვებულმა, საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა ხელყუმბარა, რომელსაც ინახავდა და ატარებდა უკანონოდ. ზ. ჭ-ამ ქუჩაში შენიშნა მეზობლები: დ. ძ-ა, ნ. ძ-ა, მ. ჭ-ა, ფ. ძ-ა, ლ. ძ-ა და მათი განზრახ მოკვლის მიზნით, მრავალ პირთა სიცოცხლისათვის საშიში საშუალებით, ხელყუმბარას, რომელიც წინასწარ ჰქონდა მომარჯვებული, მოხსნა დამცავი რგოლი, გადააგდო მათ მხარეს და ააფეთქა, რის შედეგადაც დ. ძ-ა გარდაიცვალა, ლ. ძ-ამ მიიღო ჭრილობები მარცხენა, ქვედა კიდურისა და მარცხენა დუნდულის მიდამოში, რომლებიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; მ. ჭ-ამ მიიღო ჭრილობები მარცხენა, ქვედა კიდურის მიდამოში, რომლებიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; ფ. ძ-ამ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები მარჯვენა, ქვედა კიდურის მიდამოში, რომლებიც მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია; ნ. ძ-ამ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები მარცხენა, ქვედა კიდურის მიდამოში, რომლებიც მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ლიკა ბულიამ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ზ. ჭ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, ასევე – 17,104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1961 წლის რედაქცია) და მისთვის 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თნახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით – ასევე 13 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა.
3. გამართლებულ ზ. ჭ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ-ა შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ზ. ჭ-ას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
6. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ზ. ჭ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული.
7. ასეთ მოცემულობაში, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი – „in dubio pro reo“ ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.
8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ბრალმდებელი უთითებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორს საჩივარში არ მიუთითებია.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი