საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№515აპ-19 ქ. თბილისი
გ-ი ა-ე, 515აპ-19 6 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით ა. გ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მ. თ-ის ეპიზოდი) – ჯარიმა 8300 ლარი, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ლ. ხ-ის ეპიზოდი) – ჯარიმა 8000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 8300 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 8000 ლარი.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა. გ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 8 დეკემბერს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-- განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დააკავეს -- დაბადებული გ. თ-ა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის განაჩენით გ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში როგორც გამოძიების, ისე პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის სტადიაზე გ. თ-ას ინტერესებს იცავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი ა. გ-ი (სიითი №-), რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, ვითომდა გ. თ-ასთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, მის დედას – მ. თ-სა და დედის მეუღლეს – ზ. ო-ს გამოართვა 6000 ლარი, ასევე 350 ლარი – ვითომდა დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად. ადვოკატ ა. გ-ს პროკურატურისათვის არ მიუმართავს განცხადებით საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ასევე არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც 70 ლარს შეადგენდა. ა. გ-ის ქმედებით მ. თ-ს მიადგა 6350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2015 წლის 15 თებერვალს შპს „ვ-ის“ დირექტორი ლ. ხ-ი სამსახურიდან გაათავისუფლა ამავე საწარმოს დამფუძნებელმა ა. ხ-ამ. ლ. ხ-მა გადაწყვიტა სამართლებრივი დავა ა. ხ-ასთან, რის გამოც აიყვანა ადვოკატი ა. გ-ი, რომელმაც, ვითომდა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და სამსახურში აღდგენაში დახმარების მოტივით, ლ. ხ-ს მოტყუებით გამოართვა ჯამურად 800 ლარი. ა. გ-ის ქმედებით ლ. ხ-ს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა გენადი ბაღდასაროვმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. გ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, მსჯავრდებულ ა. გ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურება და მზადყოფნა ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, ნასამართლობის არქონა) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი