¹ ბს-1293-1091-კ-04 24 მაისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ბ-მა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის, ამავე გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის, დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, ამავე რაიონის საგადასახადო ინსპექციის და მესამე პირების _ ლ. ს-ის და ნ. მ-ის მიმართ სარჩელი აღძრა და დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 20.10.99წ. ¹69 ბრძანების, დედოფლისწყაროს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 18.01.01წ. დადგენილების, დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 09.02.01წ. დადგენილების ბათილად ცნობა, 06.03.01წ. გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება, 27.12.97წ. ¹0311 ხელშეკრულების აღიარება და საიჯარო ფართობის დაბრუნება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
იგი დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ... ცხოვრობდა, 1994 წლიდან ფლობდა საიჯარო მიწის ნაკვეთს დედოფლისწყაროს რაიონში “დიდნაურზე”. 27.12.97წ. ტ. ბ-სა და დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობას შორის 9 წლის ვადით 32 ჰა სახნავ მიწის ნაკვეთზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. ამ ნაკვეთს ტ. ბ-ი 2002წ. ოქტომბრის ბოლომდე ფლობდა, ხოლო 14.11.02წ. ჩაიბარა 20.10.99წ. ¹69 ბრძანების ამონაწერი და ცნობა ¹678, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 20.10.99წ. ¹69 ბრძანებით საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტეს. დედოფლისწყაროს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 18.01.01წ. სხდომის დადგენილებით აღნიშნული ფართობიდან 12 ჰა იჯარით გადაეცა ნ. მ-ს, ხოლო 20 ჰა მიწის ნაკვეთი _ ლ. ს-ს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასთან გაფორმებული 27.12.97წ. ხელშეკრულების 4.3.4 მუხლის თანახმად, მეიჯარე, დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობა, ვალდებული იყო, წერილობით ეცნობებინა მოიჯარისათვის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, რაც გამგეობას არ გაუკეთებია. დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 08.10.99წ. ¹44 დადგენილებით 1998წ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის არგადამხდელ მოიჯარეებს მიეცათ საიჯარო ქირის გადახდის ვადა ამავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუწყდებოდათ საიჯარო ურთიერთობა, რაც დანართში მითითებულ პირებისათვის, მათ შორის მოსარჩელისათვის, წერილობით უნდა ეცნობებინათ. ტ. ბ-ისათვის აღნიშნული არ უცნობებიათ, მაგრამ მას იმ დროისათვის საიჯარო ქირის დავალიანება, რომლის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტეს, არ ერიცხებოდა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 28.02.03წ. გადაწყვეტილებით ტ. ბ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე პირებმა _ ლ. ს-მა და ნ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.07.04წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ისა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 28.02.03წ. გადაწყვეტილება გაუქმდა, ტ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ტ. ბ-ი ინფორმირებულობას საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის შესახებ ადასტურებს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 09.04.01წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ბ-ს დაეკისრა იმ პერიოდისათვის არსებული და-ების გადახდა. ამდენად, მოიჯარეს _ ტ. ბ-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. 28.04.98წ. და 03.06.98წ. ხელწერილებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იყო ქირის გადახდის აუცილებლობის და გადაუხდელობის შემთხვევაში ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ. პალატამ მიუთითა, რომ გაფრთხილების ტოლფასი იყო ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული, სოფლის საკრებულოს და რაიონის გამგეობის შენობებში გამოკრული, გამგეობის 08.10.99წ. ¹44 დადგენილება, რომლითაც მოიჯარეებს წინადადება მიეცათ, 15 ოქტომბრამდე დაეფარათ დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად სარჩელის ერთ-ერთ მოტივად დასახელებისა და სასამართლო სხდომებზე განცხადებისა, ტ. ბ-ს კანონით დადგენილი წესით არ მოუთხოვია 2751 ლარის ოდენობის საიჯარო ქირის და-ების თაობაზე ინფორმაციის შემცველი საგადასახადო ინსპექციის აქტის გაუქმება და შესაბამისი მოთხოვნა არ წარუდგენია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი აღნიშნავს, რომ მან 1997წ. საიჯარო ქირა ზედმეტი ოდენობით გადაიხადა. 1998 წელს დამატებით გადაიხადა 543 ლარი. ამდენად, 1998 წელს მას არ ჰქონდა დავალიანება და, შესაბამისად, მისთვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. კასატორისათვის არ გაუგზავნიათ წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რასაც გამგეობასთან დადებული 27.12.97წ. ხელშეკრულება და გამგეობის 08.10.99წ. დადგენილება ითვალისწინებდა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 03.04.01წ. გადაწყვეტილება 1998წ. პერიოდს ეხებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 1999-2000 წლებს ეხება, ხოლო 2751 ლარის ოდენობის საიჯარო ქირასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ მისი გაუქმების შესახებ მას მოთხოვნა არ აქვს დაყენებული და ეს საკითხი დავის საგანთან კავშირში არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის 27.12.97წ ხელშეკრულების 4.3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ მოიჯარე წერილობით უნდა გაფრთხილებულიყო. საქმის მასალებში დაცული 28.04.98წ და 03.06.98წ. ხელწერილები, რომლითაც ტ. ბ-ი გაფრთხილებული იყო საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების მოშლის შესახებ, არ ადასტურებს ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერებას. გამგეობასა და ტ. ბ-ს შორის დადებული 27.12.97წ. ხელშეკრულების თანახმად, მიწის იჯარის ყოველწლიური ქირის 15% უნდა გადახდილიყო მეიჯარის ანგარიშზე ყოველიწ. 1 აპრილამდე, ყოველწლიური ქირის 20% უნდა გადახდილიყო 1 ივლისამდე, ხოლო დანარჩენი ნაწილი (65%) 1 ოქტომბრამდე. 28.04.98წ და 03.06.98წ გაფრთხილების ტექსტის ასლებით დასტურდება, რომ მოიჯარე წერილობით გაფრთხილებული იყო შესაბამისად მიმდინარე წლის 1 აპრილამდე საიჯარო მიწის გადასახადის 15%-ის და 1 ივლისამდე საიჯარო მიწის გადასახადის 20%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში გაწეული ხარჯების ანაზღაურების გარეშე ნაკვეთის ჩამორთმევის და ხელახლა განაწილების შესახებ. წლიური და-ების ოდენობა (771ლ.), აგრეთვე, ტ. ბ-ის მიერ პროცესზე წარმოდგენილი ქვითრები, იძლევა იმ ვარაუდის შესაძლებლობას, რომ წერილობით გაფრთხილების შედეგად ტ. ბ-მა გადაიხადა და-ების თანხა. საქმის მასალები არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთის მოიჯარე ტ. ბ-ი გაფრთხილებული იყო წერილობითი წლიური საიჯარო გადასახადის 65%-ის გადაუხდელობის გამო, მეიჯარე ცალმხრივად, რომ შეწყვეტდა იჯარის ხელშეკრულებას. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება 28.04.98წ. და 03.06.98წ. ხელწერილებზე არ ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის 27.12.97წ. ხელშეკრულების 4.3.4 პუნქტით გათვალისწინებული მეიჯარის ვალდებულების, კერძოდ, იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შეთხვევაში მოიჯარის წერილობითი შეტყობინების შესრულებას. საქმის მასალებით, აგრეთვე, არ დასტურდება ადგილობრივ პრესაში რაიონის გამგეობის 08.10.99წ ¹44 დადგენილების გამოქვეყნება, ამასთანავე, დადგენილების I-ლი პუნქტი ითვალისწინგებდა განსაზღვრულ ვადაში და-ების გადაუხდელობის შემთხვევაში საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოიჯარეების წერილობით შეტყობინებას. რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 20.10.99წ. ბრძანებულებას, რომლითაც შეწყდა საიჯარო ურთიერთობები კასატორთან, საფუძვლად სწორედ გამგეობის 08.10.99წ ¹44 დადგენილება დაედო.
სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის 27.12.97წ ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის მართლზომიერებას არ ადასტურებს საგადასახადო ინსპექციის 21.01.03წ ცნობა, რომლის თანახმად, ტ. ბ-ს ერიცხებოდა 771 ლარის დავალიანება. აღნიშნული ცნობით არ დასტურდება, რომ 771 ლარის დავალიანება, რომელიც მოიჯარეს უნდა გაესტუმრებინა 1998წ 1 ოქტომბრამდე, არ იქნა გასტუმრებული შემდეგიწ. ოქტომბრამდე, რაც საფუძვლად დაედო რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 20.10.98წ. ბრძანებას, რომლითაც შეწყდა საიჯარო ურთიერთობა ტ. ბ-თან. რაიონის ინსპექციის 21.01.03წ. ცნობის მიხედვით, 1999 წელს ტ. ბ-მა გადაიხადა 1340 ლარი, მიუხედავად ამისა, ცნობის თანახმად, დავალიანებაში დარჩა 967 ლარი. გაურკვეველია, თუ რის გამო დაერიცხა 1999 წელს ტ. ბ-ს 1536 ლარის გადახდა, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიური გადასახადი 1216 ლარს შეადგენდა, სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რის გამო არიცხავდა რაიონის საგადასახადო ინსპექცია ტ. ბ-ს საიჯარო ქირის გადასახადს მაშინ, როდესაც “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ” კანონი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ყოვეწლიურ ქირად თვლიდა ამავე მიწის სარგებლობისათვის მოქმედი წესით დადგენილ გადასახადს, 1997წ. 25 ნოემბრიდან, სკ-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით (სკ-ის 1505 მუხ.), ძალადაკარგულად გამოცხადდა. სასამართლოს არ შეუფასებია, აგრეთვე, დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციის ცნობა, რომელიც ამავე ინსპექციის 21.01.03წ. ცნობისაგან განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 03.04.01წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სადავო პერიოდს არ ეხება, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებული გამგეობის აქტი ეხება არა 1998წ., არამედ მის შემდგომ პერიოდს. ამდენად, 03.04.01წ გადაწყვეტილება არ ადასტურებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მომენტისათვის და-ების არსებობას, მით უფრო, რომ გადაწყვეტილების ტექსტის თანახმად, სადავო თანხა შეადგენდა 3147 ლარს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ტ. ბ-ს დაეკისრა 798 ლარის გადახდა მაშინ, როდესაც დედოფლისწყაროს რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 21.01.03წ ¹44 ცნობის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, 1998 წელს ტ. ბ-ის დავალიანება შეადგენდა არა 798, არამედ _ 771 ლარს.
მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 18.01.01წ დადგენილება, რაიონის გამგეობის 09.02.01წ ¹8 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება, გამგეობასა და ლ. ს-ს შორის 06.03.01წ დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, აგრეთვე გამგეობასა და ნ. ს-ს შორის 06.03.01წ დადებული ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ლ. ს-ისათვის და ნ. მ-ისათვის სადავო ფართობის გამოყოფის მართლზომიერებაზე, მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემისას საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების ნორმათა დაცულობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამორკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების გარეშე შეუძლებელია დავის სწორი გადაწყვეტა, რის გამო საკასაციო პალატას მიაჩნია. რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.07.04წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.